ჯანდაცვის სამინისტროს უაზრო რეგულაციით ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ არაფერი იცვლება
ქეთო გოგოხია
21.10.2024

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სამედიცინო მომსახურება მომავალ კიდევ გაძვირდება. სტომატოლოგიური მომსახურება ისედაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ღირებულებაც კლინიკებში იქნება. გაძვირების მიზეზი კი ახალი რეგულაციაა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, დამატებით ხარჯებს უკავშირდება და გაუგონარი კონტროლის მექანიზმია. 

432-ე დადგენილების მე-7 პუნქტი სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. სტომატოლოგმა საქმიანობის გასაგრძელებლად ტრენინგების გავლით, წელიწადში 20 ქულა უნდა მოაგროვოს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ღირებულებისა და ქულების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება. ფასი 250 ლარიდან იწყება და 6 000 ლარამდე მერყეობს. ტრენინგის ღირებულება ქულების რაოდენობის მიხედვით არ განისაზღვრება. ფასს კურსის ხარისხი განაპირობებს. მაგალითისთვის, არსებობს 2-ქულიანი პროგრამა, რომელიც 1500 ლარი ჯდება. საშუალოდ, 20 ქულის მოსაგროვებლად სტომატოლოგს წელიწადში 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.

როგორც ცნობილია, ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგამ’’ სამინისტროს წერილობით კითხვები გაუგზავნა. ორგანიზაციამ პასუხად მიიღო, რომ სამინისტრო პრობლემას ვერ ხედავს.

ლიგაში განმარტავენ, რომ მათ არსებულ კითხვებზე ნათელი და ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს. ამის შემდეგ, ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრის აპარატს მიმართა და მთავრობის მეთაურთან შეხვედრა მოითხოვა. პრემიერს ასევე სთხოვეს, სამინისტროსთვის დაევალებინა არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. წერილი მეორე დღესვე პრემიერ-მინისტრის აპარატიდან ჯანდაცვის უწყებაში გადამისამართდა. ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს სამინისტრო 30-დღიან ვადას იყენებს. ლიგა პასუხს 23 ოქტომბერს ელოდება.

,,ალბათ იმავეს მოგვწერენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგები და ყველა გადის მას. პასუხში ეწერა 40 ტრენინგის სია. ნაწილი ჩატარებული იყო უკვე. მათი ნაწილი ერთჯერადად ტარდებოდა. სტომატოლოგებმა ვერ მოახერხეს ტრენინგების გავლა, რადგან საქართველოში რამდენიმე ათასი სტომატოლოგია. თითო ტრენინგზე დასწრების მაქსიმალური რაოდენობა არის 20 სტომატოლოგი. ფიზიკურად ვერ წვდება ეს ტრენინგები რაოდენობას. 

გარდა ამისა, რეგიონებში დღემდე არ ტარდება ტრენინგები. ყველა იძულებულია ჩამოვიდეს თბილისში. თუ ტარდება ეს არის ერთჯერადად. ყურმოკრული ინფორმაცია, ნაცნობ-მეგობრებით ყველას გამოაქვს, მაგრამ არ ვიცით, რეალურად რა ჩაიდება ამ კანონის მიღმა, რა მოთხოვნა ექნება რეგულირების სააგენტოს. ჩვენ არ გვინდა დავრჩეთ მოტყუებულები", - განაცხადა ბერკაცაშვილმა.

სტომატოლოგებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, შეეზღუდებათ თუ არა სტომატოლოგებს მუშაობის უფლება არასაკმარისი ქულების რაოდენობის შემთხვევაში. კანონის თანახმად კლინიკა, რომელიც სათანადო ქულების მქონე სტომატოლოგს დაასაქმებს 1000 ლარით დაჯარიმდება. თუმცა უცნობია რამდენჯერ მიმართავს რეგულირების სააგენტო დაჯარიმებას, ასევე გაუგებარია შეუწყდება, თუ არა 20 ქულაზე ნაკლების ქონის შემთხვევაში ექიმს საქმიანობის უფლება.

,,შენ თუ მაჯარიმებ 1000 ლარით 2025 წელს და 10 დღეში ისევ შემოხვალ ან ერთ თვეში, ან 1 წელიწადში და ისევ დამაჯარიმებ, 2027 წელს რატომ გაგყავარ გამოცდაზე? ან ჯარიმები უნდა იყოს, ან ქულების მოგროვება, ან გამოცდის ჩაბარება. გუშინ გავიგე, არ უჩერდებათო საქმიანობის უფლება სტომატოლოგებსო; ანუ მიდიხარ აჯარიმებ, აჯარიმებ, აჯარიმებ... სანამდე? რა შედეგი გვინდა რომ დავდოთ? პროფესიონალიზმის მიღწევა? ამ შედეგს ვერ დავდებთ ამით. ჩვენ მივაღწევთ მხოლოდ იმას რომ სტომატოლოგებს დავახარჯინებთ ფულს, გარკვეული პირების ბიზნესის ასაწყობად", - აღნიშნა  "კომერსანტთან" საუბრისას ბერკაცაშვილმა.

ის, რომ რეგულაცია უსაფუძვლოა და მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებიც ადასტურებენ. ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ იდეა კარგია, მაგრამ მიდგომაა არასწორი, რაც მომსახურებას გააძვირებს. ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, სახელმწიფოს დაეფინანსებინა ტრენინგები და ეს ვალდებულება ექიმებისთვის არ წამოეკიდათ.

,,სტომატოლოგების მიმართ რეგულაციას რეალურად არანაირი დადებითი შედეგი არ ექნება და სექტორის საქმიანობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს. ჩემთვის გაუგებარია,  20 ქულა ექიმებმა როგორ უნდა დააგროვონ, განსაკუთრებით რეგიონებში მომუშავე სტომატოლოგებს უქმნის პრობლემას. ბოლო რამდენიმე თვეა, გურიაში ვარ, აქ ხალხისთვის 20 ლარიც ფულია. ოზურგეთში ტრენინგი არ ტარდება, შესაბამისად აქაური ექიმი ბათუმში უნდა წავიდეს ან ქუთაისში, რაც დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული. 

რასაც ვუყურებ, რაღაც რეგულაციის განმეორება და  სამინისტროს მხრიდან გაუგონარი კონტროლის მექანიზმის შემოღებაა. არ ვარ წინააღმდეგი, იყოს ქულების, ტრენინგების და შეფასების  სისტემები, მაგრამ არა ამ ფორმით. დავუშვათ, ვერ ჩააბარა ექიმმა, მერე რა ხდება, ამაზე პასუხი არ გააჩნიათ. ვთქვათ, დეკრეტულშია და კონკრეტულ ვადაში ამის გამოც ვერ ჩაეტია, არც აქ არის პასუხი.  

მედიცინა უნდა განვითარდეს, იდეა კარგია, მაგრამ ფოსრმაჟორში არ უნდა ხდებოდეს მისი განხორციელება. თუკი მაინცდამაინც უნდა ჩატარდეს ტრენინგი, სახელმწიფომ დააფინანსოს, არ არის პრობლემა, თუ მართლა უნდათ ხარისხის გაუმჯობესება", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სურგულაძემ და დასძინა, რომ  რეგულაცია ავტომატურად გამოიწვევს ტარიფების ზრდას და მომსახურების ხარისხი არ გაუმჯობესდება. 

,,იდეა უარყოფით მომენტად აქციეს, ამაშია მთელი პრობლემა. ქვეყანაში სტომატოლოგიის შესწავლა ისედაც ძვირი ჯდება. ახალი რეგულაცია კი დარგის სპეციალისტებს ხარჯებს საგრძნობლად გაუზრდის. ეს, ბუნებრივია, მომსახურების ფასზე აისახება", - აღნიშნა მან.

ვალდებულების ამოქმედებამდე  სულ ცოტა დროა დარჩენილი, ექიმებს კი მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ. როგორც სტომატოლოგმა მაკა სტეფნაძემ განაცხადა, სფეროს წარმომადგენლები იძულებული გახდებიან, რომ მომსახურება გააძვირონ, რაც არავის ინტერესშია.

,,მთავრობის დადგენილება სერიოზულ პრობლემას გვიქმნის. გამოდის, რომ ქულების მოგროვებაა მთავარი, ანუ წელიწადში 20 ქულა უნდა დავაგროვოთ ტრენინგების გავლის გზით, რისთვისაც დამატებითი ხარჯი უნდა გავწიოთ. 

აუცილებლად გადაიხედება ტარიფები, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ ეს სფერო უკვე შესწავლილი გვაქვს, გვაქვს კვალიფიკაცია, ტრენინგებს ისედაც გავდივართ, და ახლა იმის გამო, რომ ქულები მივინიჭოთ, ახლიდან უნდა მივიღოთ იგივე ცოდნა? სტომატოლოგია ძვირი სამედიცინო მომსახურებაა და კიდევ გაძვირება მომხმარებლებზე უარყოფითად იმოქმედებს. კონკრეტულად რამდენით გაძვირდება სერვისი, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ მცირე სხვაობაც რომ იყოს, მომხმარებელი ამას მტკივნეულად იგრძნობს. ყველა უკმაყოფილოა - ექიმიც და მომხმარებელიც”, - განაცხადა მაკა სტეფნაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ  2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. 432- ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება (საქმიანობის უფლების შეზღუდვა; ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×