რამაზ გახოკიძე: "ადამიანისთვის უვნებელი პესტიციდი არ არსებობს"
ქეთო გოგოხია
21.10.2024

ოჯახებში საყოფაცხოვრებო ქიმიის მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია. გამოიყენება როგორც მსუბუქი, ასევე ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებები, რაც ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ოჯახებში ბაღლინჯოებისა და სხვა მავნებელი მწერების გავრცელების პირობებში თუ პრევენციის მიზნით, ხალხმა შხამქიმიკატების აქტიური მოხმარება დაიწყო. 

როგორც წესი, პესტიციდები (შხამქიმიკატები) გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში  როგორც მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პესტიციდები  მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, რომელთა მიზანს  მავნე ორგანიზმების განადგურება წარმოადგენს. პესტიციდები აგრეთვე გამოიყენება ადამიანისა და ცხოველების პარაზიტების კონტროლისთვის. 

როგორც აკადემიკოსი  რამაზ გახოკიძე განმარტავს, პესტიციდები გლობალურ პრობლემადაა აღიარებული, რადგან ადამიანებზე შეიძლება გამოიწვიოს  ჯანმრთელობის პრობლემა და სიკვდილის შემთხვევებიც.  

,,ბაღლინჯოების წინააღმდეგ როგორც უაღრესად საშიშ, ასევე უვნებელ პრეპარატებს იყენებენ. მაგალითად, ადრე ხდებოდა ალუმინის ფოსფიდის აბების გამოყენება, რაც ძალიან  მავნეა ადამიანებისა და ცხოველებისთვის. ტოქსიკურობით გამოირჩევა,  როგორც წესი, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდები, მათ შორის ინსექტიციდები, რომელთაც  მწერების წინააღმდეგ იყენებენ. 

ადამიანისთვის უვნებელი პესტიციდი არ  არსებობს, რადგან ისინი წარმოადგენენ ქიმიურ იარაღს ან ქიმიური იარაღების სუბპროდუქტებს. დახურულ სივრცეში, ღია სივრცესთან შედარებით, მათი მოხმარება ბევრად საშიშია, რადგან არ ხდება განიავება და შხამი ადვილად გროვდება. 

რაც შეეხება მავნე მწერების წინააღმდეგ ზომების მიღება, მათთან ბრძოლა ქიმიური საშუალებებით, სახლის პირობებში, რთულია, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში, რისკები ნაკლებადაა. როგორც აღვნიშნეთ, ბინა არის საშიში ეკოლოგიური სივრცე. როცა მავნებელი ვრცელდება, საშიშ გარემოებას ქმნის, ამიტომ მათ წინააღმდეგ სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა აკადემიკოსმა.

ცნობილია, რომ ქართველმა მეცნიერებმა აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ და პროფესორმა ლია კვარაცხელიამ გამოიგონეს და დააპატენტეს  ბიოპრეპარატი ,,ანტიფარი", რომელიც ფაროსანას სრულად ანადგურებს და 100%-ით უსაფრთხოა ადამიანებისთის, ცხოველებისთვის და ფუტკრისთვის. მისი გამოყენება დასაშვებია დახურულ სივრცეშიც. ამ ეტაპზე პრეპარატი გამოცდებს გადის სხვა მავნე მწერებზე და  დაკვირვების შედეგები დაახლოებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პროფესორმა ლია კვარაცხელია დაადასურა, რომ ქიმიური საშუალებებით სახლის დამუშავება ძალიან საშიშია. 

"უნდა გამოვიყენოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომლის გამოყენება დახურულ სივრცეშიც შესაძლებელია. ფაროსანას საწინააღმდეგო მსოფლიოში  ცნობილი პრეპარატები ყველა საზიანო და საშიშია. რაც შეეხება ბაღლინჯოების მასიურად  გავრცელებას, ეს  ახალი შემთხვევაა, რაც  იშვიათობა იყო ადრე, ეპიდემიასავითაა. რადგან მავნებელი დახურულ სივრცეში ვრცელდება, მისი შეწამვლა არ უნდა მოხდეს ქიმიური საშუალებებით.  

რაც შეეხება პრეპარატ ,,ანტიფარს", სავსებით უვნებელია.  იგი 6 წუთში ანადგურებს ფაროსანას.  ბაღლინჯოს ახალი შემთხვევაა და ახლა ვიწყებთ გამოცდებს. ვფიქრობთ, აქაც დიდი პერსპექტივა ექნება ,,ანტიფარს" რადგან მისი გამოყენება დახურულ სივრცეში საშიში არ არის, არანაირი უარყოფითი ზემოქმედება არ გააჩნია,  სრულიად უსაფრთხოა. ჰიგიენის ინსტიტუტმა დადებითი დასკვნა მოგვცა და უფლება დაგვრთო, რომ დახურულ სივრცეში იქნას გამოყენებული. ხდება პრეპარატის  შესხურება და ზედაპირების, ავეჯისა და სხვა საოჯახო ინვენტარის დამუშავება. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც ,,ანტიფარი" ისეთივე წარმატებული გახდება, როგორც ფაროსანასთან ბრძოლაში", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ლია კვარაცხელიამ.

ამდენად, სახლის პირობებში ქიმიური საშუალებების გამოყენებას მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ. დადასტურებულია, რომ ადამიანის ორგანიზმში ნიტრატებისა და ნიტრიტების ზემოქმედების შედეგად ქვეითდება თავის ტვინის გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობა, აღინიშნება იმუნური სისტემის დაქვეითება. ერთვება რა მეტაბოლიტურ პროცესებში ნიტრატებს შეუძლიათ შეცვალონ ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა, რის გამოც მატულობს ორგანიზმის მგრძნობელობა კანცეროგენური თუ მუტაგენური ფაქტორებისადმი.

ამერიკელი სპეციალისტების მონაცემებით ფერმერებს, რომლებიც იყენებენ პესტიციდებს 20 დღეზე მეტი ხანგრძლივობით წელიწადში, სიმსივნეების წარმოქმნის ალბათობა ეზრდებათ 6-ჯერ, უვითარდებათ პროფესიული დერმატიტები, უქვეითდებათ იმუნიტეტი. 

მეცნიერთა მონაცემებით, ადამიანთა დასნებოვნება პესტიციდებით აქტიურად მოხმარებად რაიონებში 2-4 -ჯერ უფრო მაღალია ქიმიზაციის მინიმალურად გამოყენების რაიონებთან შედარებით. ასევე მაღალია ბავშვთა სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევებიც.

და ბოლოს, სპეციალისტების რეკომენდაციაა, თუკი ადამიანი დაეჭვდება, რომ დაკბენილია სწორედ საწოლის ბაღლინჯოსგან, უნდა გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები - გაირეცხოს თეთრეული და პიჟამა ცხელ (72 გრადუს) წყალში, დამუშავდეს საწოლი, მატრასი და კედლები შესაბამისი სამსახურის მიერ, რადგან ბაღლინჯოების მოსაცილებლად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ქართველი მეცნიერები უპირატესობას, ,,ანტიფარს" ანიჭებენ, როგორც უსაფრთხო, ბიოპრეპარატს, რომელიც მავნებლებთან ბრძოლაში ეფექტურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×