საქართველოს ეკონომიკური განვითარება წლის დანარჩენ თვეებშიც გაგრძელდება. არჩევნების მოახლოების მიუხედავად, მშპ-ს ზრდას საფრთხე არ ელის. მეტიც, როგორც მთავრობაში ითქვა, მიმდინარე 2024 წელს შარშანდელ - 7.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან.
მართალია, 2021 და 2022 წლებთან შედარებით, გასულ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ პოზიტიური იყო. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 7%-მდე შემცირდა, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს შედეგიც კარგია.
საქართველოს მთავრობაში ითქვა, რომ ხელისუფლების მთავრობის ამოცანაა შარშანდელზე მაღალი ეკონომიკური ზრდაზე გასვლაა.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ივნისში ძალიან კარგი ტენდენცია შენარჩუნდა, ამიტომ, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება
„ჩვენ წელს გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები. ეკონომიკური ზრდის ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი არის 9.3%, ივნისშიც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა მთავრობის მეთაურა და დასძინა, რომ საქართველოს სხვა ფისკალური მაჩვენებლების კუთხითაც კარგი ვითარება აქვს.
„რაც შეეხება ფისკალურ კონსოლიდაციას, აქაც გვაქვს ძალიან კარგი ვითარება. ინფლაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს მიმდინარე წელს, საგარეო ვალის მაჩვენებელი არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში, ასევე, საბიუჯეტო დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ყველაფერი არის ზღვრის ფარგლებში და მივყვებით იმ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალ დონეს და ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით მოგვცა ბიუჯეტის ზრდის საშუალება წელს. გვაქვს კარგი ტენდენცია და მთავარია, შევინარჩუნოთ ეს მაჩვენებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიმდინარე წლის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ ეკონომიკური ზრდა2024 წელსაც პოზიტიურად გამოიყურება. იანვარში მშპ - 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში - 9.5%-ით, მარტში - 8.2%-ით, აპრილში - 11.8%-ით, ხოლო მაისში - 9.2%-ით. პირველი 5 თვის განმავლობაში კი, ქვეყნის მშპ 9.3%-ით გაიზარდა.
ეკონომისტების განცახდებით პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება წლის დარჩენილ თვეებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომერში არჩევნები ჩატარდება და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გარკვეულ დესტაბილიზაციას.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის ამოცანა პირნათლად შესრულდება და წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე 2023 წელს იყო.
„ცალკეული ექსპერტების მხირდან დაიწყო ნარატივის ტირაჟირება, რომ თუ დასავლეთის მიმართ გვექნება ის პრინციპული პოზიცია, რომელიც გვაქვს, შიმშილით დავიხოცებით და ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა, სხვა პოლიტიკის გატარება. ამის პასუხად გადავხედოთ იმას, თუ როგორი ეკონომიკური ზრდაა საქართველოში. მაღალი ეკონომიკური ზრდა აუცილებლად აისახება უმუშევრობის შემცირებაზე, საშუალო შემოსავლების ზრდაზე, ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე და ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც ადამიანს შეიძლება აწუხებდეს.
ვიცით, რომ ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 2020 წელი კოვიდპანდემიური შოკის მატარებელი იყო და მაშინ ყველგან დაფიქსირდა ეკონომიკური ვარდნა. 2021 და 2022 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა, 2023 წელს კი გვქონდა 7.5%. ჩვენი მაჩვენებლები არის ყველაზე მაღალი არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირში. იგივე პერიოდში, ევროკავშირის მონაცემები რომ ავიღოთ, არათუ მაღალი, არამედ ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ. მაგალითად წელს, პროგნოზი არის საშუალოდ 1%-ზე ცოტა მეტი. 2023 წელს 1%-მდე იყო ზრდა, 2022 წელს ზრდა 1%-იც კი არ იყო და 0.5% შეადგინა.
საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-ზე, დაბალია, ევროკავშირში კი მაღალ მაჩვენებელზეა (6%-ზე მეტი). ეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი, თორემ ცალკეულ ქვეყნებში ინლფაცია 6%-იც არის 7%-ით და 9%-იც.
შემდეგი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის გავლენასთან, არის უმუშევრობა. უმუშევრობის მაჩვენებელი, დღესაც კი ევროკავშირში, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოლო ათწლეულში, დაახლოებით 6.5%. ჩვენ კი ისტორიულ მინიმუმზე ვართ ჩამოსულები, თან თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ პანდემიის პერიოდში ძალიან მაღალი (22%-მდე) იყო მონაცემი ამ მიმართულებით. დღეს, დაახლოებით, 8%-იც არის შემცირებული უმუშევრობა აღნიშნულ პერიოდთან შედარებით.
ბოლო სამი წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, გვაქვს ყველაზე უფრო მაღალი, ვიდრე რეგიონის ქვეყნებს და პლუს ევროკავშირის ყველ ასახელმწიფოს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, წელს არათუ 7.5%, არამედ გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში არჩევნებია.. აპრილ-მაისში გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9%-ზე მეტი და ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ იყო დესტაბილიზაციის მცდელობა და საპროტესტო გამოსვლები.
რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ივნისის ზრდის მონაცემი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ორნიშნა. ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უნდა ველოდოთ, ასევე, ივლისში და შემდეგ თვეებშიც. ძალიან მაღალი ზრდა გვექნება ამ წელსაც", - განუცხადა „რეზონანსს" გიორგი ცუცქირიძემ.
აღსაღნიშნავია გარემოება, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან მიმართებით შედარებით უფრო კონსერვატიულ პროგნოზს ინარჩუნებს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც მარტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა.
პროგნოზი გაზარდა საქართველოს მთავრობამაც, რომლის მიხედვითაც 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-ის ნაცვლად 6%-იან ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი.
ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.
როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ განაცხადა, ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებ ფაქტორებს მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება.
„რადგან პრემიერი ამბობს, რომ წელს უკეთესი მდგომარეობა იქნება, ალბათ, აქვს ამის თქმის მიზეზი და საფუძველი, თუმცა, ჩემი აზრით, რთული იქნება, რადგან გასული წელი ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკა ორნიშნა იყო. მაგალითად, 90-იანი წლების შუა პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს და უახლოეს 2021 და 2022 წლეში.
ეკონომიკურ ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რომელთაც მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება. ის, რომ საქართველოს ნამდვილად პროგრესირებადია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, როგორც გითხარით, მთელი რიგი, საგარეო და საშინაო, ფაქტორები მოქმედებს.
მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მთავრობას ვუსურვებ, რომ ასეთი განცხადებას ხორცშესხმული ყოფილიყოს. წელს უნდა გავითვალისწინოთ არჩევნების პერიოდი, რაც ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას უდაოდ მოახდენს", - განაცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსთან".