პაატა აროშიძე: ენერგიის სავსე, შუახნის ადამიანი არამგონია, რომ დათანხმდეს, რადგან მას ემიგრაციაში მეტად განვითარების იმედი ექნება
რეზონანსი
23.07.2024

საქართველოს მთავრობა ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს, რისთვისაც მომავალ ოთხ წელიწადში 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გასარკვევია, რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მთავრობის ხელშეწყობა უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის და დახმარებები იქნება თუ არა მათი საქართველოში დაბრუნების საწინდარი.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამომწვევი პრობლემა მიგრაციაა. უამრავი ქართველი საკუთარ სამშობლოს მოწყვეტილია და ემიგრაციში ნაშოვნი თანხით ცდილობს, როგორც საკუთარი, ისე ოჯახის სურვილების დაკმაყოფილებას.

სწორედ ამ ხალხის, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

„დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება - გამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარებს 1 500 ლარის ფარგლებში უფინანსებდათ მწვავე, ქრონიკული და/ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მედიკამენტოზური მკურნალობა. გარდა ამისა, კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა - კომპონენტის ფარგლებში ხდება საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაბრუნებისთანავე, გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ბენეფიციარის არაუმეტეს 6 ღამით დროებითი განთავსების უზრუნველყოფა.

პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა - ხელი ეწყობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას ასევე 1 500 ლარის ფარგლებში პროფესიული სწავლების დაფინანსება.

სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება - ბენეფიციარის პროფესიიდან, ცოდნიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსდება ბიზნეს პროექტები. კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია როგორც დამწყები პროექტის, ასევე მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების მიზნით არსებული ბიზნესის მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაუმეტეს 6000 ლარის ღირებულების ტექნიკა-დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვა.

ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა - გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ისეთი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა დოკუმენტაციის აღდგენა, ბინის ქირა, პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა და სხვა, ფინანსური სირთულეების დაძლევის მიზნით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახზე არაუმეტეს 300 ლარისა. ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით ფინანსდებიან მხოლოდ ისეთი ბენეფიციარები (ოჯახები) რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული უძრავი ქონება, არ გააჩნიათ შემოსავალი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური გასაცემელისა) და ჰყავთ 1 არასრულწლოვანი შვილი მაინც, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება - დაბრუნებული მიგრანტი არასრულწლოვანი ბენეფიციარების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსდება სპორტული და შემოქმედებითი კურსები ერთი წლის მანძილზე 1 500 ლარის ფარგლებში", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

2019-2023 წლებში აღნიშნული პროგრამის სხვადასხვა კომპონენტებით ჯამში 1 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. რაც შეეხება თანხას, 2019-2023 წლებში პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტმა ჯამში 2 902 500 ლარი შეადგინა, 2024 წელს - 1 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2025-2028 წლებში პროგრამის საპროგნოზო ბიუჯეტი 9 მლნ ლარია.

სოციოლოგები ამბობენ, რომ მთავრობის შეთავაზება ემიგრანტთა გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა, იყოს საინტერესო.

როგორ სოციოლოგმა პაატა აროშიძე განაცხადა, რომ შრომის ძალიდან გასული ადამიანი შეიძლება მთავრობის მხარდაჭერას დათანხმდეს, ენერგიით სავსე მიგრანტი კი წინააღმდეგი იქნება.

„მიზეზი რის გამოც ადამიანები ემიგრანტები ხდებიან არის მძიმე სოციალური პირობები. ზოგი ცდილობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ზოგი ვალებს გაექცა, ზოგს ბანკიდან აღებული კრედიტები აქვს დასაფარი და ა.შ. სამშობლოდან წასული მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით 90%, სწორედ ასეთი პრობლემების გამოსწორების გამო არის სხვა ქვყანაში წასული. რა თქმა უნდა, ქართველების მცირე ნაწილი თავიანთი ნება-სურვილით, კარგი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ხდებიან ემიგრანტები.

თანხის გამოყოფა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ემიგრანტებისთვის მთავარია, რომ აქ ჩამოსვლის შემთხვევაში, დახვდებათ თუ არა სამუშაო ადგილი. ემიგრაციაში უმეტესობა ქართველი დასაქმებულია, ზოგი კერძო სექტორში, ზოგი ლეგალურად და ზოგიც არალეგალურად, მაგრამ მიუხედავად იმისა, დასაქმება ლეგალურია თუ არალეგალური, ვინც ჩამოვა, მას სჭირდება სამუშაო ადგილი. თუ იმდენი ხელფასი არ ექნებათ, რასაც უცხოეთში იღებს, მაშინ ის ანაზღაურება მაინც უნდა ჰქონდეთ, რომლითაც აქ საკუთარ თავსაც არჩენს და ოჯახსაც შეანახინებს.

არამგონია, რომ ამ წინადადებაზე ემიგრანტთა უმეტესობა დათანხმდეს. აქ ასაკობრივ კატეგორიასაც გააჩნია. 20-25 წლის წინ წასული ქართველები შრომის ძალას წარმოადგენდნენ. 20-25 წლის შემდეგ კი მათი ასაკი არის 60-65 წელი და საინტერესოა, რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ. ვიცით, რომ უმეტესობა მომვლელად ან სოფლის მეურნეობაში მუშობას და მათი იქ მიღებული კომპეტენცია საკარისი იქნება? სიტყვაზე, თუ სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ მათი ჯანდაცვისა და მინიმალური სოციალური მდგომარეობის დაკმაყოფილებაზე იზრუნებს, საკმაირისი არ იქნება. სამუშაო ადგილების შეთავაზება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მათი კომპეტენცია.

ვფიქრობ, ის ასაკობრივი კატეგორია, რომელიც უკვე შრომის ძალიდან გასულია, ანუ პენსიონერთა ასაკს შეადგენს, ალბათ, დათანხმდებიან, რადგან მათ თავიანთი შემოსავალი მიღებული აქვთ და რადგან შრომით ძალას აღარ წარმოადგენენ, ძნელდება მათი დასაქმება. ხოლო, ენერგიის სავსე, შუახნის ადამიანი არამგონია, რომ დათანხმდეს, რადგან მას ემიგრაციაში განვითარების იმედი ექნება", - განუცხადა „რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×