მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე კომერციულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდეს, ვიდრე პაციენტისას
გვანცა წულაია
23.07.2024

ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია პაციენტზე მაღალ საკუთარ ინტერესებს აყენებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დაუფარვად ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ კი აფთიაქები პაციენტების მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად შექმნიან, მაშინ, სხვადასხვა მექანიზმი ამოქმედდება.

საქართველოში აფთიაქები რომ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ, ეს ახალი ამბავი არ არის. ბინზესი, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ადამიანიმური ინტერესის გათვალისწინება, ჯერ საკუთარ მოგებაზე ფიქრობს. აფთიაქები არაერთხელ გამოიჭირეს მედიკანეტების გაძვირებასა და ხელოვნურ დეფიციტში.

ამჯერად საუბარია ყველაზე მძიმე, ონკოლოგიურ პაციენტებზე. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, და არა მხოლოდ ამ ნაწილში, ხშირად დეფიციტი იქმნება და თუ კერძო სექტორი საკითხს არ დაარეგულირებს, მაშინ დამატებითი რეგულაციები გამორიცხული არ არის.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეიქმნა გარკვეული დეფიციტი რამდენიმე დასახელების მედიკამენტთან დაკავშირებით, ეს მწვავე საკითხია. ჩვენ საკმაოდ მძიმე შეხვედრები გვქონდა აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები. სახელმწიფო არ აპირებს, ამ მიმართულებით გულხელდაკრეფილი იყოს - იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება რელევანტური, ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რომ პირველ ადგილზე წამოწეული იყოს პაციენტების საკუთხესო ინტერესები. ბუნებრივია, არსებობს კომერციული ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ არცერთ ეს ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა.

არ მინდა, სიმართლე აღმოჩნდეს მოარული აზრი დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორში, შესაძლოა, იგულისხმებოდეს ადამიანთა ცდუნება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კომერციული ინტერესი პაციენტის ინტერესებზე მაღლა დადგეს. სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე კომერციულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდეს, ვიდრე პაციენტისას. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩები, თუ ეს რეალობა აღმოჩნდება. ჩემი ამოცანაა, საკითხები ვარეგულიროთ ისე, რომ მსგავსი რისკებისთვის, უბრალოდ, არ რჩებოდეს სივრცე და არავის ჰქონდეს შესაძლებლობაც კი, კომერციული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს. უახლოეს მომავალში სისტემა ამუშავდება ისე, რომ არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცალკეული კომერციული მოთამაშეების კეთილსინდისიერებასა და მათ დეონტოლოგიის წესებზე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სახელმწიფო პოტენციური პაციენტებისთვის ყველანაირად ცდილობს ხელშეწყობას. განსაკუთრებული ნაბიჯები ბოლო წლებში გადაიგდა, რა დროსაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი და მედიკამენტებზე დაწესდა რეფერენტული ფასები, თუმცა სააფთიაქო ბიზნესმა ყველა მხრიდან ნახა გამოსავალი და ხან ხელოვნური დეფიტიცი შექმნა, ხანაც წამლები გააძვირა. კერძო სექტორი პრობლემის შექმნას არ მოერიდა მათ შორის, ყველაზე მძიმე, ონკოლოგიური პაციენტების კუთხითაც.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ადასტურებს, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობს და ვითარების გამოსწორების სათავეში ყოველთვის იდგა და იქნება პოტენციური პაციენტი.

„სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში, და მათ შორის ჩვენთანაც, ჯანმრთელობის სფერომ ვერ გაუძლო ცდუნებას. სფეროს წარსულში ერქვა სამედიცინო დახმარება და შემდეგ, როდესაც დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, მან სახელი შეიცვალა და დაერქვა სამედიცინო მომსახურება. ანუ თუ ფულს გადაიხდი, მოგემსახურებით და თუ თანხას არ გადაიხდი, მაშინ მოძებნე საშუალება, რომ დაგეხმარო.

როდესაც წინა პლანზე პოტენციური პაციენტის ინტერესი წამოვიდა, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლას, პირდაპირ იყო მკაფიო განცხადება, რომ ყველაფერი გაკეთდება თითოეული ადამიანის დასახმარებლად და არავინ არ დარჩება უყურადღებოდ. ეს გზა არის ძალიან რთულად გასავლელი, მაგრამ გარკვეული მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. დარწმუნებული ვარ მოსახლეობა ცოტა ხანში სრულიად განთავისუფლდება იმ წნეხისაგან, რასაც „მომსახურება" ჰქვია.

დიახ, იყო რაღაც ინტერესი, რომელიც ზოგი მორიგების გზით მოგვარდა, ზოგიც სექტორთან თანამშრომლობით. ასეთი ყველა შეხვედრის ინტერესის სათავეში კი ყოველთვის იდგა და იქნება პოტენციური პაციენტი", - განუცხადა „რეზონანსს" ლადო კახაძემ.

ხელოვნურად შექმნილ დეფიციტსა და შეუსაბამოდ მაღალ ფასებზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. როგორც მათი მხრიდან ითქვა, სფეროს სისტემურად სჭირდება დარეგულირება.

„გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ განაცხადა, რომ სიცოცხილისთვის აუცილებელი წამალიც კი არის ხოლმე დეფიციტური, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს უწყვეტად.

„საერთოდ, ფარმაციის სფერო ორიენტირებული არის მოგებაზე, რაც სამედიცინო სფეროსთვის არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, ექიმის საქმიანობა პირდაპირ კრძალავს კომერციულ ინტერესს. ფარმაციაში კი - პირიქითაა.

თუ გვაინტერესებს რამდენად არის ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი, მაშინ, ამას სჭირდება სფეციალური ორგანიზაციის დაკვირვება, კვლევის ჩატარება და გამოძიება, თუმცა აქ არაფერი გასაკვირი არ არის. საქართველოში მედიკამენტი შემოაქვს არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ფარმაცევტულ კომპანიას და რასაკვირველია, ისინი მოგებაზე არიან ორიენტირებულები. ერთმანეთთან რომ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ, ესეც ცხადია. ვიცით, რომ კონკურენციას არ აქვს ადგილი, რაზეც ფაქტებით საუბრობს კონკურენციის სააგენტო.

ხელოვნური დეფიციტი კი შემადგენელი ნაწილია იმის, თუ როგორ მიიღონ მოგება და როგორ უზრუნველყონ დეპინგური ფასები. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივ ამბად იქცა. უბრალოდ, ახალ მინისტრს სურს სფეროში მოახდინოს გაჯანსაღება. რა თქმა უნდა, ეს ცალკეული ღონისძიებით ვერ განხორციელდება. მაგალითად, სანქციით ან დაჯარიმებით, ამ პრობლემების გამოსწორება შეუძლებელია, ამას სჭირდება სისტემური მოგვარება, რისთვისაც საჭიროა სხვადასხვა რეგულაცია, ზუსტად ისეთი, როგორიც არის ნორმალურ ქვეყნებში.

დეფიციტს ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ. სიცოცხილისთვის აუცილებელი წამალიც კი არის ხოლმე დეფიციტური, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს უწყვეტად. ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ადამიანის დაძაბულობის ფონი ყოველთვის არსებობს, რომ მას დახვდება თუ არა აფთიაქში სასურველი წამალი", - განუცხადა „რეზონანსს" მარინა ბერაძემ.

ასეთი პრობლემების ფონზე სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ სანამ მონოპოლისტ კომპანიები მარტივ მამრავლებად არ დაიშლებიან, მანამდე ისინი ნებისმიერ სიტუაციიდან შეეცდებიან თავის დაღწევას და ერთობლივად, სათავისოდ იმოქმედებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×