ლია კვარაცხელია: "უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება. წყლის ქვეყანა ვართ და ამხელა პრობლემის წინაშე გვაყენებენ"
ირმა ჩიტაია
15.07.2024

წყლის მიწოდების პრობლემამ დედაქალაქის მაცხოვრებლების ზაფხული კოშმარად უქცია. პრობლემამ, ფაქტობრივად, ყველა უბანში იჩინა თავი, რაც ,,ჯორჯიიან პოუთერ ენდ ფაუერის" უპასუხისმგებლო საქმიანობის შედეგია. ხშირია ავარიული გათიშვები. გვიანდება აღდგენითი სამუშაოები, რამაც მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 

წყალმომარაგების კომპანიის მიერ საქმისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე მოსახლეობა და სფეროს სპეციალისტები ერთხმად საუბრობენ. სოციელური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით დღეში რამდენჯერმე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ უბანს წყალი არ მიეწოდება. აბონენტების გაბრაზებაც პიკს აღწევს. წყლის ქვეყანაში მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში უწყლოდ რჩება, რამაც შესაძლოა, დაავადებების პრევენციაც გამოიწვიოს. 

მაკონტროლებელ ორგანოებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებენ მომხმარებლები. სახელმწოფოს მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს პროფესორი ლია კვარაცხელიაც. იგი ასევე, მოუწოდებს აუდიტის სამსახურს დაინტერესდეს შექმნილი პრობლემით. მოახდინოს საქმის სრულყოფილი შესწავლა და მიიღოს შესაბამისი ზომები მის გამოსასწორებლად. 

,,საკითხი სერიოზულია. ცხადია, კომპანია კეთილსინდინსიერად არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას და საქმეს გულგრილად ეკიდება. ეს მეტწილად არასწორი მართვის შედეგია. მარეგულირებელი კომისია უნდა ერთვებოდეს მართვაში. სავარაუდოდ, კომპანიაში აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს და  მათი საქმიანობა შეისწავლოს, მიმართონ შესაბამის ზომებს და თუ საჭირო გახდა დააჯარიმონ კიდეც. ცხადია, მათი მუშაობა კრიტიკას ვერ უძლებს.  ადამიანი უშუქობას და უგაზობას აიტანს, მაგრამ უწყლობა, ეს საშინელებაა და ზაფხულში, მით უმეტეს.

ჯერჯერობით, ღვთის წყალობით მოწამვლის შემთხვევები არ ყოფილა. რადგან კომპანია ასე გულგრილად ეკიდება თავის საქმიანობა წყლის ხარისხის გადამოწმება აუცილებელიცაა. კარგი იქნება თუ დამოუკიდებელი კომისია შეიქმნება შესამოწმებლად. ხარვეზი ყველა მიმართულებითაა. სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემებია წყლის მილებთან დაკავშირებითაც. ხშირად მიწევს თემქის მხარეზე ასვლა და გორაკზე მუდმივად მხვდება ჩამომავალი წყალი. უსასრულოდ იღვრება და არავინაა განმკითხავი. მესმის უკმაყოფილება სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისგანაც. აღნიშნავენ, რომ არაერთი შეკეთების მიუხედავად, წყალი მაინც მოედინებაო. გამოდის, რომ პრობლემა სერიოზულია, ინვესტიციებსაც მოითხოვს და ხარჯებს თავს არიდებენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია კვარაცხელიამ.

კომპანიის საქმიანობა ბოლო დროს, ცხადია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. არაკეთილსინდისიერად შესრულებულმა სამუშაოებმა აბონენტების უფლებების დარღვევა გამოიწვია. ამიტომაც, უნდა გადაიხედოს კომპანიის საქმიანობა და საჭიროების შემოთხვევაში საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

,,კომპანიის დამოკიდებულება საქმისადმი გულგრილობაა და სხვა არაფერი. უპრიანი იქნება სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება. წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  ზაფხულში ასეთი ხშირი და უსასრულო გათიშვა არის ადამიანის უფლების დარღვევა. მაღლივში ვასწავლი სტუდენტებს და უწყლობის გამო სწავლის შეწყვეტაც მომხდარა. იგივე შეიძლება ითქვას საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე, საჯარო დაწესებულებებზე და ა.შ. 

საინტერესოა, რატომ არ ინტერესდება მათი საქმიანობით მარეგულირებელი კომისია? უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება. წყლის ქვეყანა ვართ და ამხელა პრობლემის წინაშე გვაყენებენ. უკვე ყველა სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 

ვფიქრობ, საჭიროა საზოგადოებრივი ჯგუფის შექმნა, რომელიმაც უნდა მოსთხოვოს კომპანიას, ნორმალური მუშაობა. თუ საჭირო გახდა უჩივლონ სასამართლოში. ,,ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის" ირგვლივ უკმაყოფილება წლებია ისმის. სასამართლო პროცესებზე გამოაშკარავდება ყველაფერი. შესაძლოა დაჯარიმონ ან რამე დააკისრონ, ან  ჩამოართვან უფლებამოსილება და ახალი ინვესტორი მოიძიონ", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელიამ.

კომპანიის არაკეთილსინდისიერ მუშაობაზე და შექმნილ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილიც. ის პრობლემას ფართო ჭრილში განიხლავს და შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე საუბრობს, რის გამოც თბილისელებს ზაფხული კოშმარად ექცათ.

,,ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერთან" დაკავშირებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ვფიქრობ, თავიდანვე ეს კომპანია კორუფციული მეთოდებით იქნა შემოყვანილი და ახლა უფრო მეტი გასაქანი მიეცა. როგორც ჩანს, მას არ სთხოვენ ნორმალურად ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, მუშაობაც გაუმართავია. 

ზოგადად, 21-ე საუკუნეში ასეთი სიხშირით წყლის გათიშვა არანორმალური და მიუღებელია. წყალი, რომ ადამიანს სჭირდება ყველამ იცის, მაგრამ ზოგავენ მუშახელს. ეს არ ეხება მარტო ამ კომპანიას. ფაქტი ერთია, რომ "ჯივიპი" უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციის შემოსავლის წყაროდ იქცა. 

ხშირია საჩივრები უკმაყოფილო მომხმარებლების მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია კომპანიას ვუჩივლოთ, დავაჯარიმოთ კიდევაც და კომპენსაციაც დავაკისროთ, თუმცა ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. პარალელურად, სასამართლო ვიცით, როგორიცაა და შესაბამისად, როდესაც საჩივარი მსხვილ კომპანიებს ეხება შედეგი ნაკლებადაა მოსალოდნელი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავსი საქმეების 90%  წარუმატებლად სრულდება. 

ეს არ გვაძლევს იმის უფლებას უმოქმედოდო ვიყოთ. პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და შესაძლოა, აქციებიც კი იყოს უპრიანი", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ლაშა ჩხარტიშვილმა და დასძინა, რომ აბონენტების პროტესტი აშკარაა, მაგრამ მას აკლია ორგანიზება. ამიტომაც, ხდება ის, რომ წყლის ქვეყანაში ჩამორჩენილი სახელმწიფოების სისტემით ვცხოვრობთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×