"რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ადამიანები კმაყოფილი არიან არსებული შემოსავლით და დამატებით წყაროს არ ეძებენ"
ქეთო გოგოხია
15.07.2024

სიღარიბის განმსაზღვრელი კრიტერიუმი გადასახედია. არსებული მეთოდოლოგიით, რითაც ქვეყანა ამ სტანდარტის დადგენისას ხელმძღვანელობს, ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სინამდვილეშია. კერძოდ, შემწეობის მიმღები პირების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბი და ღატაკია, რაც არ შეიძლება სიმართლე იყოს. ამიტომ სიტუაცია არის გამოსასწორებელი, მაგრამ კონკრეტული რეცეპტი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მუშაობა დასაწყებია, რაზეც სპეციალისტები პირდაპირ საუბრობენ.

განვითარებულ ქვეყნებშიც ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დგას, ერთ-ერთი პირველი გერმანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შემწეობის მიმღებთათვის კრიტერიუმი გაამკაცროს. კერძოდ, გერმანიის მმართველი კოალიცია უმუშევრობის შემწეობის მიმღები მოქალაქეებისთვის კრიტერიუმების გამკაცრებას გეგმავს.

მთავრობას სურს, შემწეობის სულ უფრო მეტი მიმღები პირი დასაქმებისთვის წაახალისოს. მაგალითად, მისაღები პირობების სამუშაოზე უარის თქმა შემწეობის მნიშვნელოვანი შემცირებით დაისჯება. ანალოგიური ზომა იმოქმედებს მაშინაც, თუ უმუშევრობის შემწეობის მიმღები პირი არაოფიციალურ სამუშაოზე მოეწყობა.

ამჟამად ყოველთვიური დახმარება ერთ ადამიანზე 563 ევრომდე შეადგენს. გერმანიის მოქალაქეების გარდა, შემწეობის მიღების უფლება უკრაინელ ლტოლვილებსაც აქვთ. მათთვის უმუშევრობის შემწეობის პროგრამას ბევრი გერმანელი აკრიტიკებს, რადგან გადასახადების ოდენობა ზედმეტად დიდია. ამის საპასუხოდ გერმანიის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ შემწეობები, რასაც უკრაინელები იღებენ, „უფრო ეფექტურ ინტეგრაციას უნდა უზრუნველყოფდეს, ვიდრე კანონით დადგენილი გადასახადები თავშესაფრის მაძიებლებისთვის.“

რაც შეეხება საქართველოს, სიღარიბის შემცირებას მთავრობა, თავის დროზე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებით შეეცადა, თუმცა ამან ჯერჯერობით სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. როგორც სოციოლოგმა პაატა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფილი მოქალაქეების უმეტესობა არ ცდილობს შემოსავლების ზრდას დასაქმების გზით და მუდმივად იმას მცდელობაშია შეინარჩუნოს სოციალური სტატუსი, რაც, თავის მხრივ, სიზარმაცის სტიმულირებას ახდენს.

,,სიღარიბის განმსაზღვრელად საერთაშორისო და ეროვნული  კრიტერიუმი,  არსებობს. ეს მხოლოდ და მხოლოდ  რაიმე ერთი ცალკე აღებული მახასიათებლის მიხედვით არ არის, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. საერთაშორისო კრიტერიუმი მკაფიოდ განსაზღვრულია ვინ ითვლება ღარიბად, ღატაკად, შეძლებულად, საშუალო ფენის მოსახლედ და ა.შ.  აქ არის შემოსავლის და არსებული ხარჯების ერთობლიობა, რამდენად შეუძლია ადამიანს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მაგალითად, გასვლა თავისი  ქვეყნიდან, წელიწადში ერთხელ მაინც მოგზაურობა და სხვა. ვინც ამ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, დავუშვათ 5 დოლარზე  მეტს ვერ ხარჯავს დღეში, ერთ-ერთი კრიტერიუმით ღარიბია. 

სიღარიბის მაჩვენებელი შეიძლება სამომხმარებლო კალათის ღირებულებიდან გამომდინარეც ვიანგარიშოთ. როგორი სახითაც მეთოდოილოგია შექმნა სახელმწიფომ, სიღარიბის მაჩვენებელი იმის მიხედვით გამოჰყავს და სახელმწიფოები  ერთმანეთისგან ამ ნიშნითაც  განსხვავდებიან", -  განმარტა აროშიძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს აქვს რესურსი, რომ სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობაში დაასაქმოს მოქალაქეები, მაგრამ სათანადო სტიმული ხალხს არ აქვს. შესაბამსიად, ნაკლებია ინტერესი, რომ შემწეობის მიმღებლები საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ, რაც ცალკე პრობლემაა.

,,მთავრობის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი შეამციროს. ბევრი რამ მოქალაქეებზეც არის დამოკიდებული, ადამიანს უნდა ჰქონდეს სტიმული იმუშაოს და გაზარდოს  შემოსავალი. ამისთვის დასაქმების პროგრამებიც, მაგრამ როცა ლარის მსყიდველობითი უნარი  დაბალია, ეს დახმარება ზღვაში წვეთია. როგორც ვხედავთ, გერმანიას შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა შეამციროს, საქართველოსაც აქვს ამის რესურსი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნაბიჯად შეფასდება.  

ნებისმიერ რეფორმას, თუნდაც სოციალურს, მაინც პოლიტიკურ საარჩულს უძებნის ხალხი, მუდმივად ეჭვებია, საარჩევნო წელს რატომ ხდება, ხომ არ აპირებენ მოსახლეობის გულის მოგებას და სხვა. ხელისუფლების საზრუნავია, რეფორმა არ იქნას გაგებული პოლიტიკური მიმართულებით და კითხვის ნიშნები არ დაესვას. როცა ადამიანი შემწეობას იღებს, სხვა შემოსავლის მიღების უფლებაც აქვს, რაც სწორია. ახლა სოციალური შემწეობის მიმღებ პირს შეუძლია პარალელურად დასაქმდეს და 1000 ლარამდე ისე მიიღოს თანხა, რომ არ მოეხსნას შემწეობა, მაგრამ სიტუაცია ვერც ამან გამოსაწორა. ადამიანები კმაყოფილი არიან არსებული შემოსავლით და დამატებით წყაროს არ ეძებენ, თუნდაც აღურიცხავი შემოსავალი იყოს. სოფლის მეურნეობაში დასაქმება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ინტერესი მაინც არ არის. ვინც შემწეობაზეა დამოკიდებული, ცდილობს, არ იმუშაოს, სიზარმაცის სტიმულირებას ახდენს", - აღნიშნა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მეთოდოლოგიის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ ეკონომისტებიც, მთავარი გამოსავალს კი განათლების რეფორმაში ხედავენ. ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებლის პაატა შეშელიძის თქმით, უმუშევრობას თუ რამე ფაქტორის გავლენა შეამცირებს, კვალიფიციური კადრების მომზადებაა, რაც შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შეცვლის და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება.

,,განათლება უნდა გახდეს მთავარი პრიორიტეტი, სხვანაირად სიღარიბეს ვერ დავძლევთ. ადამიანები უნდა მიეჩვივნოს შრომას, ასე თუ არ მოხდა, ყოველთვის შეეცდებიან, იოლად იშოვონ ფული და ამისთვის სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნა ,,იდეალური" ვარიანტია. კომპლექსური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, რაც რეალურად შეცვლის სურათს, ამისთვის ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა, მხოლოდ პროფესიული განათლების ხელშეწყობა არაფერს შველის, კვალიფიციური კადრი სჭირდება ქვეყანას და პროექტები სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, 

ცხადია, განათლების მიღება უნდა გულისხმობდეს სწორ არჩევანს, ადამიანებს დასაქმების მეტი მოტივი და სტიმული მიეცეს, მხოლოდ ასე შეიძლება გაუმჯობესდეს მდგომარეობა და სარგებელი ნახოს ყველამ - ეკონომიკამაც  და ხალხმაც. 

მნიშვნელოვანია, უმუშევრობის კრიტერიუმის გადახედვა, მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორი უნდა იყოს იგი, ჯერჯერობით მიჭირს საუბარი, კომპლექსური სამუშაოები უნდა გატარდეს, ეს საკითხი ძირფესვიანად არის შესასწავლი და გამოსავალიც თავისთავად მოიძებნება", - აღნიშნა ეკონომისტმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

"საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ჯამში, დაახლოებით 679.6 ათასით, 30%-დან 11.8%-მდე, შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და მის მიზანს ამ პირების სამუშაო ძალაში ჩართვა წარმოადგენს. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ის პირები (ოჯახთან ერთად), რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან, 4 წლის განმავლობაში არ დაკარგავენ სოციალურად დაუცველის სტატუსს. აღნიშნული პირები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს, მაგალითად დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×