ლარის კურსი თითქმის დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ეროვნული ვალუტა დღითი დღე მყარდება. საკითხს უკვე პრემიერიც გამოეხმაურა და პირველად აღნიშნა, რომ ის, რაც ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ხდებოდა, სპეკულაციისა და აჟიოტაჟის შედეგი იყო.
ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება სწორია. ის ცალსახად მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკის პოზიცია სწორი იყო და ვალუტის კურსზე დიდ გავლენას, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესები ახდენდა. თუმცა, საბანკო სფეროს სპეციალისტებს უჭირთ საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი გრძელვადიან პერსპექტივაში. მას ბევრი რამ განაპირობებს და მათ შორის ერთ-ერთი, კარზე მომდგარი არჩევნებია.
საბანკო ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავამ ,,რეზონანსთან" პირდაპირ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილებები ეკონომიკასთან კავშირში არაა. ამიტომაც ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები იყო მთავარი საფუძველი ლარის მკვეთრი გაუფასურების და კარგია, რომ ეროვნული ბანკი ამ ყველაფერზე ხმამაღლა ალაპარაკდა.
,,ლარის ნებისმიერი მკვეთრი ცვლილებია ეკონომიკასთან არანაირ კავშირში არაა. ეს არის წმინდა სპეკულაციები და კაპიტალის გადინების შედეგი. ის ფაქტი, რომ კურსის გამყარებაზე პრემიერმა ასე ხმამაღლა განაცხადა, გახლავთ შედეგი, რომ ამის თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ცოტა ადრე თამამად და ხმამაღლა ისაუბრა. აქამდე არც ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ ამბობდა ასე საჯაროდ სიმართლეს ლარის კურსთან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს არის სავსებით მისასალმებელ, რადგან ლარის ვარდნა ყოველთვის არაეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული.
ბოლო დროს, ლარის კურსის ვარდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით იყო განპირობებული. შექმნილი არასტაბილურობის შედეგად ქვეყნიდან "ფულმა გაქცევა იცის" და ეს გადინება გვქონდა. სწორედ, ამ დიდი ოდენობით თანხის გადინების შედეგად მოხდა კურსის ვარდნა. თუ რა რაოდენობის თანხა გავიდა, ამაზე მიახლოებულ წარმოდგენას გვაძლევს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები. მისი მიზანი ისაა, შეუვსოს კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დანაკლისი. ახლა, როგორც ჩანს, უცხოური ვალუტის გადინების ტემპი შენელდა და შედარებით დასტაბილურდა კურსიც", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ლია ელიავამ და დასძინა, რომ ლარის გაუფასურება და მასთან დაკავშირებული საკითხები სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენციაა. ამიტომ პრეტენზიებიც მისი მისამართით უნდა იყოს გამოთქმული.
ფიანასისტის აზრი, ლარის გაცვლით კურსი ადრინდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, მაგრამ მთავარია, ეროვნულმა ვალუტამ წონასწორობის შენარჩუნება შეძლოს და იყოს პროგნოიზირებადი.
,,ლარის მკვეთრი ვარდნა და მასთან დაკავშირებული საკითხები ეროვნული ბანკის კომპენტენციაა. თუ ვინმეს პრეტენზია გააჩნია ეროვნული ვალუტის კურსთან, აუცილებლად უნდა მიმართოს ეროვნული ბანკის მისამართით. ხოლო, რაც შეეხება გაცვლითი კურსის დაბრუნებას ძველ ნიშნულზე, ეს ალბათ არც ამ შემთხვევაში მოხდება. ყოველი ვარდნის შემდეგ ვალუტის კურსი არ უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და რჩება ახალ მდგომარეობაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა როგორია კურსი, მთავარია ის იყოს სტაბილური. აუცილებელია პროგნოზირებადი იყოს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისათვის. მთავარია, წლების განმავლობაში იყოს ერთსა და იმავე ნიშნულზე. თუ ასე მკვეთრად არ იხტუნავა კურსმა, ქვეყნის ეკონომიკა, ბიზნესი და მოსახლეობა ყოველთვის მოერგება სიტუაციას", - აღნიშნა ლია ელიავამ.
ეკონომისტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას აქტიურ საზაფხულო სეზონს უკავშირებს. ,,რეზონანსთან" საუბრისას მან სხვა მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება. მთავარია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში როგორ "მოიქცევა" ეროვნული ვალუტა.
,,ლარის კურსის გამყარებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ახლა ტურისტული სეზონი აქტიურია და ცხადია, სავალუტო შემოსავალიც იზრდება. საშუალო და გრძელვადიან პროცესში როგორ მოიქცევა ლარი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე როგორი იქნება მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება.
ერთია ტურისტული სეზონი, რომელიც კურსზე დადებითად მოქმედებს, მეორეა ტრანსფერები, რომელსაც საქართველო იღებს საქართველოს მოქალაქეებისგან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან. ამ ყველაფერზე იქნება დამოკიდებული საშუალოვადიან პერიოდში გაცვლითი კურსი", - განაცხადა თუთბერიძემ.
მას ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში სამომავლო პროგნოზის გაკეთება უჭირს. თუმცა აღნიშნა, რომ კარს მომდგარი არჩევნებს პოლიტიკურ რყევა მოჯყვება. ამ გარემოებამ კი, შესაძლოა, კურსზე კვლავ უარყოფითად იმოქმედოს.
,,საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ლარი როგორ "მოიქცევა" ამის პროგნოზი საკმაოდ რთულია. ძველ ნიშნულთან დაბრუნება, მიუხედავად დღეს არსებული დადებითი ტენდენციებისა, ვფიქრობ ვერ მოხერდება. წინ არჩევნებია. პროცესს თან ახლავს პოლიტიკური განცხადებები, რაც მოკლევადიან პერიოდში გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე", - განაცხადა თუთბერიძემ.
რაც შეეხება, აღნიშნულ საკითხთან მიმართებასი პრემიერის მიერ ნახსენებ პოლიტიკურ სპეკულაციებსა და აჟიოტაჟს, თუთბერიძის აზრით, ის ექსპერტების მიერ გამოთქმულ უარყოფით მოსაზრებებსა და შეფასებებს გულისხმობდა.
,,ვფიქრობ, სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ნეგატიური პროგნოზების გაკეთება პოლიტიკურ სპეკულაციებში მოიაზრება. მედიაში ხშირად ჩნდებიან ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ლარის ოდნავ რყევაზეც კი მძაფრ განცხადებას აკეთებენ. ეს კი ცუდ გავლენას ახდენს ბაზარზე. მსგავსი შემთხვევები მოკლევადიანი ეფექტის მატარებელია და მისი განეიტრალება ადვილია.
რაც შეეხება სამომავლოდ პროგნოზის გაკეთებას, თუ უცხოური ინვესტიციებისა და ვალუტების შემოდინებების კლების ტენდენცია წავიდა, უარყოფთად იმოქმედებს გაცვლით კურსზე. თუ შემცირდება სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში, მეტი წნეხი წარმოიქმნება ეროვნულ ვალუტაზე გაუფასურების მიმართულებით. ამიტომაც, ჩვენ არ გვაქვს მყარი საფუძველი იმისა, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვივარაუდოთ რა ნიშნული ექნება ლარს", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.
პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს.
„გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს.
გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. არის ძალიან კარგი ტენდენციები, ველოდებით, კარგ ტურისტულ სეზონს. არსებული პირველი ორი კვარტალის მონაცემები არის დამაიმედებელი. ასეთ პირობებში გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთეს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავიდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.