"შემოსავლების ზრდის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს და ეს მეტად საჭიროა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა საფრთხე არსებობს"
გვანცა წულაია
11.07.2024

ეკონომიკურმა განვითარებამ ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობაა გააჩინა. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზრდება. თანხა გადანაწილდება და სხვადასხვა სტუქტურაში მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ხარჯვითი ნაწილი იმაზე მეტად მოიმატებს, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ივარაუდა.

2024 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ - 5.8% შეადგინა, თებერვალში - 9.5%, მარტში - 8.2% , აპრილში - 11.8%, ხოლო მაისში - 9.2%. მიმდინარე წლის 5 თვეში კი მშპ-ს ტემპმა 9.3%-ს მიაღწია. 

ასეთმა სტატისტიკურმა მონაცემებმა საქართველოს ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობა გააჩნია და მთავრობამ იგი 519 მილიონით გაზარდა, თუმცა ერთი თვის წინ ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტს 360 მილიონი ლარი დაემატებოდა. როგორც ჩანს, მას შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ახლა ბიუჯეტის ზრდის უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდა.

„115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი დაემატება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შსს-ს, 10 მილიონი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 6 მილიონი დაემატება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცესკოს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფონდი, ხოლო მუნიციპალიტეტებს დამატებით 102 მილიონი ლარი გადაეცემათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

გარე თუ შიდა გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება. განსაკუთრებული შესაძლებლობები პანდემიის დასრულების შემდეგ გაჩნდა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წევრმა პაატა ბაირახტარმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობა გააჩინა. 

„როგორც წესი, ბიუჯეტის ზრდის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი - ეს არის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც მიმდინარე წელს მართლაც სახეზეა. ეს იძლევა შემოსავლების მატების საშუალებას. მეორე მიზეზი არის გადასახადები და გადასახადებიდან შემოსული თანხები, თუმცა ამ მიმართულებიდან შემოსული თანხები არის გაწერილი და ამაში დიდი ცდომილება ან გადაჭარბება არ შეინიშნება ხოლმე.  ასე რომ, ბიუჯეტის ზრდის მიზეზი, ძირითადად, არის ხოლმე იმაზე მძლავრი ეკონომიკური აქტივობა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა მისი დაგეგმვის მომენტში. 

რაც შეეხება იმას, თანხა ყველაზე მეტად საითკენ უნდა იყო მიმართული. ამ შემთხვევაში გააჩნია პრიორიტეტებს. ეკონომისტებიდან ამაზე ყველას სხვადასხვა პასუხი ექნება იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ გააჩნია მიდგომას, ხედვას, ეკონომიკურ სტრუქტურას და ქვეყნის სხვადასხვა საჭიროებებს. აქედან გამომდინარე, ძნელია ცალსახად იმის თქმა, თუ რომელ სამინიტროს უფრო მეტი თანხა სჭირდება, რადგან, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე“, - განუცხადა „რეზონანსს“ბაირახტარმა. 

საქართველოს ეკონომიკური განვითარება მომავალშიც გაგრძელდება და გასული 5 თვის ფონზე ეკონომისტთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ 2024 წელი ორნიშნა ან მასთან მიახლოებული მაჩვენებლით ჩაიხუროს, რაც ბუნებრივია, რომ ბიუჯეტს წააგდება. 

აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს შემოსავლების ზრდის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

 „პირველ რიგში, ბიუჯეტის ზრდა უარღესად სასიამოვნო ამბავია, მით უმეტეს ამ სიტუაციაში. ბიუჯეტის კორექტირებია საშუალება ჩვენ მოგვცა სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ. როდესაც მშპ-ს ტემპი, მიმდინარე წელს, 5-9%-ის ფარგლებშია, ეს ბუნებრივია, რომ ბიუჯეტის გადახედვის შესაძლებლობას გააჩენდა. ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ვითარდება, რაზეც არავინ დავობს. ეს კი სხვადასხვა სახის შესაძლებლობებს იძლევა. საქართველოს შემოსავლების ზრდის პოტენციალი ნამდვილად აქვს და მეტად საჭიროა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა საფრთხე არსებობს. 

როგორც ირკვევა, თანხა ყველა უწყებას მოხმარდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ყველანაირი მიმართულება იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×