"ჩადიან ადგილზე და გამუდმებულ პროტესტს აწყობენ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, გამორჩენის მიზნით, მათ ეტმასნება“
გვანცა წულაია
10.07.2024

თავსმოხვეული პროტესტის გამო საქართველოში არაერთი პროექტი დაპაუზებულა ანდა საერთოდ გაჩერებულა. ასეთი რამდენიმე აშკარა შემთხვევა ყველაზე მეტად ენერგეტიკის სექტორში  მოიძებნება. ის, რაზეც აქამდე  ეჭვი არსებობდა, სემეკის თავმჯდომარემ დაადასტურა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები ჰესების აშენების ეწინააღმდეგებიან და ობიექტის მშენებლობის ადგილას პროტესტის მოსაწყობად ხშირად ჩადიან. არადა, ამ დროს ენერგეტიკას ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს და მისი სწორად განვითარება სასიცოცხლოდ აუცილებელია. 

ენერგეტიკის სექტორს მოსახლეობის არაერთი პროტესტი ახსოვს, რაზეც, როგორც სემეკში, ისე ენერგეტიკოსებში საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს მართული პროცესია.  როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ქვეყანაში მსხვილი და საშუალო ჰესების მშენებლობა გასააქტიურებელია, რომელიც მოსახლეობისა და კონკრეტული ორგანიზაციების გამო ფერხდება.

„არის შემთხვევები, როცა ინვესტორი და მოსახლეობა თანხმდება. როდესაც ინვესტორი გარკვეულ პროექტს ახორციელებს ადგილზე, ცდილობს სოციალური ფონი, მდგომარეობა გააუმჯობესოს, მაგრამ ხშირად არიან ადგილზე ჩასული ორგანიზაციები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობის. ეს არ ეხება მხოლოდ იმ სამ მსხვილ ჰესს, რომელიც გაჩერებულია. არის შემთხვევები, როცა საშუალო ჰესების შემთხვევაშიც ასეთი პროტესტი იყო. მცირე სადგურების მშენებლობა უფრო უწყინარ რეჟიმში მიმდინარეობს და ყოველწლიურად 7-8 სადგური იხსნება, მაგრამ ჯამში დადგმული სიმძლავრე არ არის დიდი. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მცირე სადგურების ექსპლუატაციაში გაშვება ხდება“, - განაცხადა ნარმანიამ. 

აქვე ავღნიშნავთ იმას, რომ როგორც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტში წერია, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მიმართულებით მიღწეული იქნება ნულოვანი იმპორტდამოკიდებულება, თუმცა ნარმანია ადასტურებს, რომ აღნიშნული მაჩვენებლების შესრულება პროტესტის გამო ფერხდება. 

ენერგეტიკოსთა ნაწილი სემეკის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებს და ისინიც ხმამაღლა ამბობენ, რომ ქვეყანაში მართლაც ბლოკავენ ჰესების მშენებლობას. როგორც ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ განაცხადა, „გარკვეული ნაწილი დაინტერესებულია უკუღმართი დამოკიდებულებით და, როგორც წესი, ეს პროცესები არის მართული“. 

„დავით ნარმანია არის აბსოლუტურად მართალი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების გარკვეული ფენა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას. ეს პროცესები არის მართული. ადგილობრივ მოსახლეობას თუ აუხსნი და საქმის კურსში ჩააყენებ, რასთან არის დაკავშირებული და რა დადებითი შედეგი მოჰყვება, მაშინ, როგორც წესი, ყველა ეთანხება ობიექტის მშენებლობას. ამის მაგალითი არსებობს ძალიან ბევრი, თუნდაც ენგური, ჟინვალი, ვარციხე, ლაჯანური და სხვა. 

ადრე ყველა ობიექტი შეთანხმების და დასაბუთების საფუძველზე წარედგინებოდა მოსახლეობას და ხალხიც ამ ყველაფერს იაზრებდა. ჩვენი, როგორც დამპროექტებლების, მთავრი კოზირი იყო ის, რომ მაქსიმალურად უნდა გაგვეთვალისწინებინა მოსახლეობის ინტერესი. ყველა საკომპენსაციო ღირებულებები, რომელიც უკავშირდებოდა მშენებლობას, ჩვენს მიერ იყო შეფასებული და შეთანხმებული ადგილობრივ მცხოვრებთან. ადრე, წინააღმდეგობა როგორც ასეთი, არ არსებობდა, რადგან შეთანხმებას თუ მივაღწევდით, შემდეგ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. ენგურჰესი ისე აშენდა, რომ მოსახლოებისგან ერთი საჩივარი არ დაწერილა. 

დღეს კიდევ არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომელიც იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურებიდან, აგულიანებენ მათ და ყოველგვარი კვალიფიკაციის და ცოდნის გარეშე ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას, რადგან გააუბედურონ ეს ქვეყანა და რაც შეიძლება მეტი წინააღდეგობა შექმნას იმისათვის, რომ დაამტკიცონ ხელისუფლების უვარგისობა, თავიანთი ვარგისიანობა და ამით მოვიდნენ ხელისუფლებაში. წინააღმდეგობის გაწევისას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, გამორჩენის მიზნით, მათ ეტმასნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ანზორ ჭითანავამ და დასძინა, რომ დამოუკიდებელი სამინისტროს არსებობის შემთხვევაში პრობლემები გადაიჭრება. 

„ენერგეტიკის სამინისტრო ამოყოფილად რომ არსებობდეს, პრობლემები უფრო ადვილად მოგვარდებოდა. თუ პატრონი ეყოლება ენერგეტიკას, რომელიც დღე და ღამე ხარვეზების გამოსწორებაზე იფიქრებს, რა თქმა უნდა, საკითხებს უფრო მარტივად გადაჭრის", - აღნიშნა ჭითანავამ „რეზონანსთან“ საუბრისას. 

საქართველოში პროტესტის გამო დაპაუზდა ანდა გაჩერდა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა. ბოლო და ყველაზე დიდი პროტესტი „ნამოხვანჰესს“ მოჰყვა. ობიექტი, ახლა გაჩერებულია, არადა დარგის სფეციალისტების შეფასებით, პროექტი ენერგეტიკულად სრულყოფილი იყო.

კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება „ხუდონჰესის“ დასახელება. ასევე 2019 წელს პანკისში განვითარებული მოვლენები, მაშინ ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მცირე სიმძლავლის 5.4-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. საბოლოოდ, ობიექტის მშენებლობა ჩაიშალა.

მეორე ნაწილი ჰესების აშენების წინააღმდეგობაში ვინმეს ინტერესს ვერ ხედავს. თემურ ჭიჭინაძეს ასეთი რამის დაჯერება უჭირს.

„შესაძლოა, არსებობდეს ასეთი ორგანიზაციები, მაგრამ ამის დაჯერება ცოტა მიჭირს. მაგალითად, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ შექმნილი პროტესტი აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია. ფინანსური გათვლებით ეს ჰესი არის ძვირადღირებული, რომელიც ძალიან მძიმედ დააწვება მოსახლოებას. ეს არა მარტო ჩემი აზრია, არამედ ამაზე, თავის დროზე, ისაუბრა მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმაც“, - განუცხადა „რეზონანსს“ თემურ ჭიჭინაძემ და იქვე ეკონომიკაში ენერგეტიკის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„ენერგეტიკა მთავარი მამოძრავებელი ძალაა მრეწველობის და წარმოების. მის გარეშე წარმოუდგენელია ამ ყველაფრის განვითარება, მაგრამ ტარიფის გაძვირების ტენდენციის გამო მრეწველობის განვითარება ნაკლებად პერსპექტიულია“, - დასძინა „რეზონანსთან“ჭიჭინაძემ. 

საერთო ჯამში, ისეთი სურათი იქმება, რომ ქვეყანაში ლამის ნებისმიერი ჰესის მშენებლობა მოსახლეობის პროცესტის ფონზე მიმდინარეობს. სხვათა შორის, მსგავს მოცემულობას ხელისუფლებაში ადასტურებენ და როგორც რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულნი.

მაშინ პრემიერს არ დაუსახელებია არც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები და არც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აქტიურობითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები ჩაიშალა, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრის გამო უკვე იზარალა ენერგეტიკულმა სექტორმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×