სიმონ ბარამიძე: "დედაქალაქის სრული განიავება რომ მოხდეს, ქარიშხალი უნდა იყოს მუდმივად"
ქეთო გოგოხია
10.07.2024

ეკოლოგიური კატასტროფა შესაძლოა, თბილისსაც დაემუქროს, რაც ჰაერის  დაბინძურებით იქნება გამოწვეული. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „ქალაქი არ ნიავდება“, რასაც  ხელს უკონტროლო მშენებლობა უშლის. მიჩნეულია, რომ დედაქალაქში  ჰაერის დაბინძურების წყარო ავტოტრანსპორტია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. აკადემიკოს სიმონ ბარამიძის შეფასებით, ამ მხრივ საყურადღებოა გათბობის ქვაბების გამონაბოლქვი, რომელიც ასევე ემატება ქალაქს და მძიმე ვითარებას ქმნის.

უფრო ვრცლად, რამდენად ნიავდება თბილისი, რა რისკებს ქმნის ჰაერგაუმტარი მაღლივი შენობები და რაშია გამოსავალი? - აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსის" კითხვებს სიმონ ბარამიძე პასუხობს.

,,რეზონანსი": გარდა ტრანსპორტისა, რა ეკოლოგიური პრობლემებია თბილისში და პრევენციის საშუალებებს რამდენად მივმართავთ, რა გვწამლავს?

სიმონ ბარამიძე:  ქალაქი გადაიკეტა, არ მოძრაობს ჰაერი, ეს არის ქართველების გასანადგურებლად მიმართული ქმედება, სხვა ახსნა არ მაქვს. დიდი დიღმიდან მოყოლებული, ქარდამჭერი კორპუსებით გადაიტვირთა თბილისი. დიდი დიღომი არის ქალაქის დაკეტვის ძირითადი არტერია. ისე ჩააწყვეს მაღლივი შენობები, რომ ქარი ვეღარ მოძრაობს.  ამასთან, საცხოვრებელი შენობებიდან საკვამლე მილებია გამოშვერილი, მოწამლეს ჰაერი, ახალი თაობა საფრთხეშია. არანაირი მზის ენერგია არ მომატებულა. ჰაერი არ მოძრაობს, არ ნიავდება და რეალურად მოწამლული აირი ტრიალებს. გვგონია, რომ უჰაერობაა, სინამდვილეში ჰაერი "ჩაიკეტა" და ვიწამლებით.

,,რ":  როგორია ჰაერის დაბინძურების ზღვარი, რა დონეზე ნიავდება ქალაქი თუ სტანდარტი მინიმალურ დონესაც ვერ აკმაყოფილებს?

ს.ბ:  რამდენიმე წლის წინ, განსაკუთრებით დედაქალაქში მიწიდან 3 მეტრის სიმაღლეზე იყო დაბინძურებული ჰაერი, მაგრამ დღეს ზღვარი უკვე 10 მეტრამდეა გაზრდილი. ამ დროს ქალაქს არავითარი ვენტილაცია არ აქვს. ადრე თუ ქარი ანიავებდა თბილისს 6-7 მ/წმ სიჩქარით, ახლა 12-15 მ/წმ-ია საჭირო. სრული განიავება რომ მოხდეს, საქართველოში ქარიშხალი უნდა იყოს მუდმივად.

ერთ დღეს შეიძლება თბილისში ხალხი დაიწამლოს და ამაზეც იტყვიან მოულოდნელი იყოო. შემთხვევით არ ვახსენებ დიდ დიღომს, ეს უბანი ისე გაშენდა, რომ იქიდან ქარი აღარ შემოდის. როგორი  არქიტექტურა და განაშენიანებაა ეს? ქალაქის არასწორი განაშენიანება გამოიწვევს მასობრივ მოწამვლას. 

მტკვრის მარჯვენა მხარეს არაფერი არ ნიავდება ისე უცნაურად არის ყველაფერი მოწყობილი. ამ დროს მტკვარი უნდა იყოს ყველაფრის გამტანი,  თუმცა ასე აღარ ხდება, ადრე  დიდი დიღომიდან მონაბერი მცირე ქარი ქალაქს ანიავებდა 6-7 მ/წმ სიჩქარით, მაშინ როცა ქარის სიჩქარე 13 მ/წმ იყო, ახლა ასე აღარ არის. 

როდესაც ჰორიზონტალური განიავება არ ხდება და ზაფხულში მზისგან ასფალტი ცხელდება, დედაქალაქში მაღალ ტემპერატურას ვიღებთ. სწორედ ამიტომ არის ტემპერატურა ასე მომატებული და კიდევ უფრო გაიზრდება

,,რ": ჰაერის განიავების მხრივ ყველაზე მეტად დედაქალაქის რომელ უბნებშია პრობლემა?

ს.ბ: მტკვრის მარჯვენა მხარე არის განსაკუთრებით საშიში - საბურთალოს ტერიტორია, ვაკე, ყველა ცენტრალური უბანი. საბურთალოს ბაზართან 35-ართულიანი სახლი შენდება. მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს თბილისს, ელემენტარულად მშენებლობის სამინისტრო უნდა არსებობდეს, მაგრამ ესეც გაუქმდა. 

სისხლი გაუთეთრდება ხალხს, ამიტომ არის ამდენი დაავადება. იმდენად დიდი რისკის ქვეშაა მოსახლეობა, რომ უკვე ისიც კი მეფიქრება, ეს ხომ არ არის რუსული პროექტი? რატომ წირავენ ხალხს ასე? 

,,რ": ასეთ დროს რა არის გამოსავალი, როცა შენობები უკვე აშენებულია. სხვა ქვეყნებში როგორ გადაწყდა ეს საკითხი და ჩვენ განსაკუთრებით რომელი ქვეყნის გამოცდილება შეიძლება გავიზიაროთ?

 ს.ბ: პირველი გამოსავალია, კოლექტიური საკვამლე მილები  გაკეთდეს, ეს არაჩვეულებრივი სქემაა და ზამთარში გაზის ხარჯის 30%-იან ეკონომიასაც აკეთებს. ლამაზი მოწყობილობა იქნება, არ აუშნოებს ფასადებს. საბჭოთა კავშირის დროს დასახლებულ ზონას ერთი ძირითადი საქვაბე ჰქონდა. 

უნდა მივხედოთ ამ საქმეს. ეს გზა გაიარეს ჩინეთმა და ევროპის სახელმწიფოებმა. უნდა გაკეთდეს კოლექტიური საკვამლე მილი ან ერთი დიდი ქვაბი, რის ანალოგიც არის შვედეთში, ფინეთსა და რამდენიმე ქვეყანაში. ყველა ფანჯრიდან გამოდის გამონაბოლქვი და ჰაერი ბინძურდება. აქაც შეიძლება დაინერგოს. როგორმე უნდა მივიდეს ეს ხმა მთავრობამდე. დიდი ხარჯი არ არის, მშენებელს უნდა დაეკისროს ვალდებულებად. ძვირი გვიჯდებაო, მაგრამ ბავშვები იწამლებიან, ზომები უნდა მივიღოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. 

,,რ": როდესაც ამდენი მაღლივი კორპუსი შენდება, მატულობს მობინადრეების რაოდენობა, რამდენად უძლებს დატვირთვას საკომუნიკაციო სისტემა. რა პრობლემა იკვეთება ამ კუთხით ან რა გვემუქრება მომავალში? 

ს.ბ: პირველ რიგში, სასამელი წყლის პრობლემა გაჩნდება. უკვე სიგნალი მოვიდა, ვერ უზრუნველყოფს სისტემა. წყალი უნდა ყველას, უაზროდ მატულობს განაშენიანება და რესურსი საკმარისი არ არის.  ჩემი აზრით,  საქმე იქამდე მივა, რომ  გრაფიკით მოგვაწვდიან წყალს. ამ მხრივ რეალური საფრთხეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×