ბოლო დროს კადრების პოვნა იმდენად გართულდა, რომ ღამის მარკეტები თავისით იხურება
ქეთო გოგოხია
08.07.2024

ქსელური მარკეტების უმეტესობას 24-საათიან რეჟიმში მუშაობას ვეღარ ახერხებს. კადრების დეფიციტის ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ასეთი მაღაზია დაიხურა. პრობლემა რეალურად მაღაზიების დახურვას არ უკავშირდება და უფრო სისტემუური ხარვეზია, რადგან ქვეყანაში სადღეღამისო სუპერმარკეტების მუშაობის საჭიროება არ არის. მით უმეტეს, როცა არც შესაბამისი ანაზღაურებაა და თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ღამის მაღაზიების მიმართ მოთხოვნა დაბალია, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მუშაობას უმეტესობა მაინც აგრძელებს და ამისთვის თანამშრომლებს ხშირად მათთვის მიუღებელი პირობებზე დათანხმება უწევთ. უმეტეს შემთხვევაში, ღამის ცვლაში ცალკე კადრი არ ჰყავთ და სამუშაოს შესრულება დღის ცვლაში მომუშავე პერსონალს ეკისრება, რაშიც მიზერულ გასამრჯელოს იღებენ. 

პრობლემაზე ,,რითეილ ასოციაცია"  გასული წლიდან მოყოლებული, საუბრობს. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა აღნიშნა, რომ  სექტორი პრობლემის წინაშე კვლავაც დგას. კადრების დეფიციტის გამო, 24-საათიანი მაღაზიები იხურება.

,,ისევ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, არაფერი შეცვლილა. კადრების დეფიციტი არა მარტო ჩვენ, არამედ თითქმის ყველა სექტორშია. მონაცემები არ გვაქვს, რამდენი 24-საათიანი მარკეტი დაიხურა იმიტომ, რომ ეს ციფრები ცვალებადია და გამოთხოვას აზრი არ აქვს, რადგან სანამ მთლიან სურათს მივიღებთ სექტორიდან, უკვე შეცვლილი იქნება ეს სტატისტიკა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ქაშაკაშვილმა .

„რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მარკეტებში დასაქმებულების ხელფასები თვეში, საშუალოდ, 1200 ლარამდეა, რაც მონათესავე სექტორებს შორის საშუალოა.

სავაჭრო სექტორში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ მომხმარებელთა უფლებადამცველები, რომელთა განცხადებითაც, ქსელური მარკეტების ხელმძღვანელები თანამშრომლებს აიძულებენ კაბალური პირობებით მუშაობას და ისეთი საქმიანობის ვალდებულების შესრულებას, რომელიც მათ დაკავებულ პოზიციას არ შეესაბამება.

ამ გარემოებას ხელს უწყობს ისიც, პროტესტს არავინ გამოთქვამს. როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,ეტიკის" ხელმძღვანელმა ამირან შენგელიამ აღნიშნა, პირველ რიგში, სადღეღამისო მაღაზიების რაოდენობა უნდა მინიმუმამდე შემცირდეს და მკაცრად გაკონტროლდეს შრომითი გარემო, რომელშიც ქსელურ მარკეტებში დასაქმებულებს უწევთ მუშაობა.  

,,24-საათიანი სამუშაო გრაფიკის აუცილებლობა სუპერმარკეტებში ნამდვილად არ არის. ასეთი შეიძლება თითო უბანში ერთი იყოს და ესეც საკმარისია. შეიძლება, სიგარეტი დასჭირდეს ადამიანს, სურსათის შესაძენად ღამით მარკეტში იშვიათად შევა ვინმე. ამ დროს თანამშრომლებს, ფაქტობრივად, იძულებით უწევთ ღამის თევა და ამისთვის შესაბამის გასამრჯელოსაც არ უხდიან. ხელფასი, რასაც ღამის ცვლაში მომუშავეებისთვის არის დაწესებული, მათ შრომასთან შეუსაბამოა. უმეტესად კი დღისით მომუშავე ადამიანები ასრულებენ ამ სამუშაოს, სპეციალურად ღამის ცვლა არ ჰყავთ. 

დიდი განუკითხაობაა, ამიტომაა კადრების სიმცირე, უჭირს ხალხს და არ უღირს შრომატევადი სამუშაოს შესრულება. ძნელია, 12 საათზე მეტი იმუშაოს ადამიანმა, დასვენების საათები ცოტაა, ღამის ცვლაში არც აქვთ ამის შესაძლებლობა, სრული ქაოსია, არავინ ამას არ ამოწმებს", - აღნიშნა ამირან შენგელიამ.

მისი თქმით, საუკეთესო ვარიანტია, რომ მაღაზია ღამის 12 საათზე იკეტებოდეს და დილით, 7-8 საათზე იწყებდეს მუშაობას, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, სადაც ღამით მომუშავე მაღაზიები, პრაქტიკულად, არ არის. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია, დაბალი რანგის თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებაც, რასაც საქართველოს ქსელურ მარკეტებში დასაქმებულები აწყდებიან. 

,,სუპერმარკეტის დირექცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ  კარგი პირობები შესთავაზოს დასაქმებულს, მაგრამ ადამიანის შრომა არაფრად მიაჩნიათ. თნამშრომლები კი კაბალურ პირობებს თანხმდებიან იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასეთი ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილია. სხვა თემაა, როცა დასაქმებული ერთი ადამიანის ხელფასს იღებს და რამდენიმე პოზიციას ითავსებს. 

მაღაზიას გაწერილი არ აქვს თანამშრომლების უფლება-მოვალეობები, ვის რა ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, ერთ ადამიანს უწევს მოლარედ მუშაობას, დალაგებაც და ტვირთის ზიდვაც, რის ვალდებულებაც წესით არ აკისრია. ბევრი დარღვევაა, მთავრობამ უნდა იზრუნოს მდგომარეობის გამოსწორებაზე, რომ ადამიანის შრომა დაფასდეს, კანონმდებლობა იყოს მკაცრი და მისი აღსრულება ხდებოდეს", - აღნიშნა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

პრობლემაზე ღიად საუბრობენ ის ადამიანები, რომლებმაც სწორედ გაუსაძლისი პირობების გამო მიატოვეს მუშაობა. 28 წლის მაია გოლეთიანმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში 3 წელი იმუშავა. მისი შრომის ანაზღაურება კონსულოტანტის პოზიციაზე 700 ლარი იყო, თუმცა პარალელურად რამდენიმე ფუნქციას ითავსებდა, რაშიც დამატებით ფულს  არავინ უხდიდა. როდესაც ხელფასსის გაზრდა მოიტხოვა და შრომის პირობები მენეჯერთან გააპროტესტა, სამსახურის დატოვება მოუხდა.

მაია გოლეთიანი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში საკუთარი უფლების დასაცავად ,,პროფკავშირების გაერთიანებას" მიმართავს.

,,სამი წელი ვიმუშავე მონასავით, დამლაგებელიც ვიყავი, მტვირთავიც და მოლარეც, კონსულტანტი თავისთავად. ამისთვის მადლობა არავის უთქვამს და არც ერთი თეთრით ზედმეტი არ გადაუხდია. როცა ხელფასის გაზრდა მოვითხოვე და ჩემი პოზიციის შესაბამისი საქმიანობა, მითხრეს, რომ დამეტოვებინა სამსახური, თუკი არ მომწონდა. ასეთი მიდგომა აქვს ყველას დასაქმებულის მიმართ. ვისაც სხვა გზა არ აქვს და იძულებულია ხელფასის გამო იმუშაოს, ყველაფერზე თანახმაა, ფაქტობრივად, მონობაზე აწერენ ხელს და ასეთია სუპერმარკეტებში მომუშავე ყველა ადამიანია, რომელიც დაბალ რგოლს წარმოადგენს. მათი შრომის ხარჯზე მილიონობით ლარს შოულობს ობიექტი და არავინ ფიქრობს, დასაქმებულების კეთილდღეობა ცოტათი მაინც გააუმჯობესოს. 

მე არ გავჩერდები და მივმართავ ,,პროფკავშირებს", რომ ერთად გავაგრძელოთ ჩემი უფლებების დასაცავად ბრძოლა", - უთხრა მაია გოლეთიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ამ ეტაპზე უცნობია, სადღეღამისო ცვლაში მომუშავე რამდენი მაღაზიაა დახურული, ვინაიდან, როგორც ,,რითეილ ასოციაციაში" აღნიშნავენ, პროცესი ძალიან დინამიკურია, შეიძლება მაღაზია რაღაც პერიოდით დაიხუროს, შემდეგ კადრი იპოვონ და ისევ გაიხსნას.

პრობლემა მხოლოდ სავაჭრო სექტორს არ ეხება, ყველა დარგში ასეა, განსაკუთრებით კი ქსელურ მარკეტებსა და სააფთიაქო ქსელებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×