ნავთობმა მკვეთრი გაიაფება დაიწყო. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საერთაშარისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება საგრძნობლად იკლებს. ტენდენცია შეიცვალა და მოლოდინი კლებისა და სტაბილუბისკენ არის მიმართული. ამაზე ნაწილობრივ მეტყველებს შემდეგი თვეების ფიუჩერსის, გარიგებების ღირებულებაც, რომელიც ყოველ შემდგომ ეტაპზე შემცირებულია.
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ერთ კვირაში 6%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი ბარელი ბრენტის ფასი 87 დოლარს შეადგენს, ამერიკული ლაითის ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ კი ბრენტის ფასი 96 დოლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ის ურყევად ინარჩუნებს მაღალ საბაზრო ნიშნულს და 1 ბარელი ურალსის ფასი 80 დოლარს შეადგენს, რაც 20 დოლარით მეტია დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტთან შედარებით. რადგან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებაა, საკუთარ ნავთობზე ფასი გაზარდა რუსეთმაც.
ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდა უახლესი სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროებასთან იყო დაკავშირებული. აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგის მოცულობა 2.2 მილიონი ბარელით შემცირდა და სარეზერვო მაჩვენებელი ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია "ოპეკი პლუსის" წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებები. საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება დღიურად 1.3 მილიონი ბარელით შეამცირა, რუსეთმა კი - 800 000 ბარელით. ამ ქმედების მიზანი ბირჟაზე ნავთობის ხელოვნურად გაძვირება და არაბეთ-რუსეთის შემოსავლების გაზრდაა.
რაც შეეხება ფიუჩერსებს, რომელიც მომავალში ნავთობის შესყიდვას გულისხმობს, ყოველ მომდევნო თვეში ფასის შემცირებას ასახავს. კლებას აჩვენებს იანვრის ფიუჩერსი, რომელიც 87 დოლარად ფასდება, თებერვლის - 86 დოლარად, მარტისა - 85-ად, მაისისა - 84-ად, ხოლო ივნისის გარიგებების ღირებულება 83 დოლარს შეადგენს.
როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რადგან ფიუჩერსების ღირებულება იკლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირების მოლოდინია და ამიტომაც გაიაფდა ბოლო დღეებში ნავთობიც.
`ზოგადად, ბოლო პერიოდის ნავთობის ფასი გარკვეული ტენდენციებით შეიძლება შევაფასოდ. იყო პერიოდი, როცა მისი ღირებულება მატულობდა, მაგრამ ბოლო დღეების ფასები კლებისკენაა მიმართული. შავი ოქროს ღირებულებაზე ბუნებრივია, პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე ომი მოქმედებს და შემდეგ სხვა დანარჩენი გარემოებები. იმაზე საუბარი კი ძალიან რთულია, თუ როგორი იქნება სამომავლოდ ნავთობის ფასი, რადგან საერთაშორისო ბაზარი ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის ამერიკაში ნავთობის მოპოვებაზე, მარაგზე. როდესაც მარაგი მცირდება, ფასიც იზრდება.
საერთოდ, არსებობს ორი ფასი, ყიდვა-გაყიდვის ღირებულება და ე.წ. დღევანდელი მიწოდება. ასევე არის ვადიანი კონტრაქტები, ანუ დღეანდელი ფასით ნავთობის მიწოდება ერთ კვირის მერე ან 1-3 თვის შემდეგ. ზოგადად ორიენტირი არის სწორედ ეს ფიუჩერსები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რა მოლოდინია ბაზარზე. თუ ფიუჩერსი იზრდება, ეს ნიშავს იმას, რომ კვოტიც მატულობს. თუ ნავთობის გაძვირების მოლოდინია, მაშინ ეს ავტომატურად აისახება და ფიუჩერსიც იზრდება.
მომავალი თვეების ფიუჩერსი კლებისკენაა მიმართული და გამომდინარე აქედან, ღირებულების შემცირების მოლოდინია, ამიტომ შემცირდა ბოლო დღეებში ნავთობის ფასიც", - განუცხადა `რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.
ნავთობის ღირებულება ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში 65 დოლარის ფარგლებში იყო. მას შემდეგ საერთაშორისო ბირჟებზე მისი ფასი მუდმივად მატულობდა და ამ პერიოდში მაქსიმალური ნიშნული 97 დოლარი იყო.
ბაზრის კიდევ ერთი ექსპერტი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ნავთობზე ფასის 3-4 დოლარით შემცირება, უბრალოდ, კორექციული მოძრაობა.
`თუ ნავთობის ფასი 3-4 დოლარით შემცირდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ღირებულება დაეცა. ეს არის, უბრალოდ, კორექციული მოძრაობა. ნავთობის ფასი იქნება 90 დოლარი, თუ ოდნავ ქვევით ჩამოვა, მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება ფიუჩერსებს, მომავალ თვეებში თუ იკლებს, არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მიმდინარე თვეშიც დაიკლოს ნავთობის ფასმა. ამ დაგეგმარებით ვერაფერს განვსაზღვრავთ. მაგალითად, თუ დეკემბრის ფიუჩერსი ჩამოსულია 85 დოლარზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იანვრის ფიუჩერიც იგივე ფასში იქნება”, - განუცხადა `რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ბოლო პერიოდში საწვავი ძვირდება. ბუნებრივია, რომ ასეთი ტენდენცია იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში საერთაშორისო გარემოებებმა განაპირობა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეზღუდა, ქართველი იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზარზე გადართვის აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რამაც გარკვეული სხვაობა ფასშიც გამოიწვია. მით უმეეტს, ამ პროცესს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირება დაემატა. სპეციალისტები ახლა ვარაუდობენ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საწვავი დაახლოებით კიდევ 10-20 თეთრით გაძვირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გლობალურ ბაზრებზე არსებული ფასები შენარჩუნდება, მაგრამ მსოფლიოში ახლა უკვე სხვაგვარი მოლოდინი არსებობს.