სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 8,2%-ით გაირღვა
    მაკა ხარაზიშვილი
    29.01.2014

    "რეზონასის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლებს 614,440 მილიონი ლარი დააკლდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 8,3%-ით გაირღვა. ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტს დამატებული ღირებულების გადასახადიდან (დღგ) დააკლდა. რაც შეეხება ხარჯებს, კაპიტალური ხარჯები ვერ შესრულდა, ძირითადი ვალდებულებების მხრივ კი პრობლემები არ ყოფილა.

    "ოპერატიული ინფორმაცია უკვე პარლამენტშია გაგზავნილი. რაც შეეხება იმას თუ როდის არის ანგარიშის მოსმენა, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. დოკუმენტი სრულად უნდა გადაეგზავნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მეორე კვარტლის ბოლოსთვის პარლამენტში განხილვები დაიწყება. ამას სერიოზული განსჯა და ანალიზი სჭირდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ ბიუჯეტი მხოლოდ ციფრები არ არის და ის ძალიან ბევრ რამეს ასახავს, მათ შორის, სოციალურ პრობლემებს."რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-დეკემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 6 808 060.6 ათასი ლარი შეადგინა, ანუ წლიური გეგმის (7 422 500.0 ათასი ლარი) 91.7%. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებას 614,440 მილიონი ლარი დააკლდა.

    გადასახადების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 6 920 000.0 ათასი ლარი, ფაქტობრივად, მიღებული იქნა 6 287 685.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 90.9%, ამ შემთხვევაში გარღვევა 632,315 მილიონი ლარია. მათ შორის, გადასახადებმა შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ზრდაზე (საპროგნოზო მოცულობა) შეადგინა 2,726 მლრდ ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2,603 მლრდ ლარი, რაც გეგმის 95.5%-ია. საშემოსავლო გადასახადის წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1,802 მლრდ ლარი, ფაქტობრივად, მიღებულია 1,795 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.6%, ამ შემთხვევაში გეგმის შესრულებას 6,858 მლნ ლარი დააკლდა.

    მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსულობების მოცულობამ (806,545 მილიონი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (924 მილიონი ლარი) 87.3%, გარღვევა - 117,455 მილიონი ლარია. დამატებული ღირებულების გადასახადის წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 3,402 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად კი, მიღებულია 2,848 მილიარდი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 83.7%, გარღვევა 554,133 მილიონი ლარია. აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 722,178 მილიონი ლარი, რაც გეგმის (663 მილიონი ლარი) 108.9%-ია. აღსანიშნავია, რომ სექტემბრიდან სიგარეტზე გაიზარდა აქციზი, შესაბამისად, ამ გადასახადიდან შემოსავლების ზრდაში სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიუძღვის ლომის წილი.

    წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ გადასახადებზე საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე" (იმპორტის გადასახადი) შეადგინა 104 მილიონი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89,375 მილიონი ლარი, რაც გეგმის 85.9%-ია. სხვა გადასახადების წლიური საპროგნოზო მოცულობაა 25 მილიონი ლარი, ფაქტობრივად კი, მიღებულია 24,883 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.5%.

    გაიზარდა გრანტებიდან მიღებული შემოსავალი. ამ წყაროდან ქვეყანას 202,500 მილიონი ლარი უნდა მიეღო, თუმცა გეგმა 102.4%-ითაა შესრულებული (მიღებულია 207,428 მილიონი ლარი). შემცირებაა საგარეო ვალდებულებების ზრდაში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნებიდან მხოლოდ 585,778 მილიონი ლარი ვისესხეთ მაშინ, როდესაც შარშან საგარეო ვალდებულებები 718 მილიონი ლარით უნდა გაზრდილიყო, ამ შემთხვევაში გეგმა 81.6%-ით შესრულდა.

    2013 წლის გეგმით, გასაწევი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 8,748 მილიარდი ლარით (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები - 7,971 მილიარდი ლარი, კრედიტები და გრანტები - 777,500 მილიონი ლარი). ვალდებულებები რეგისტრირებული იყო 8,172 მილიარდ ლარზე, მოთხოვნამ და გადახდამ შეადგინა 8,070 მილიარდი ლარი. საბიუჯეტო სახსრებით გაწეული ხარჯები - 7,474 მილიარდი ლარია, ხოლო კრედიტებიდან და გრანტებიდან 596,146 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც ვალდებულების 98.8%, ხოლო გეგმის 92.2%-ს შეადგენს.

    შრომის ანაზღაურების მუხლით, ხარჯების დასაფინანსებლად 2013 წლის გეგმით გათვალისწინებული იყო 1,194 მილიარდი ლარი. ამ მიზნით რეგისტრირებული ვალდებულებები, ანუ წარმოდგენილი განაცხადი შეადგენს 1,190 მილიარდ ლარს. მოთხოვნამ და გადახდამ შეადგინა 1,188 მილიარდი ლარი, რაც ვალდებულების 99.8%-ს და საგეგმო მაჩვენებლის 99.5%-ს შეადგენს.

    სოციალური უზრუნველყოფისთვის 2013 წლის ბიუჯეტში 2,083 მილიარდი ლარი გაიწერა, რაც ვალდებულების (2,083 მილიონი ლარი) 100% და საგეგმო პარამეტრის (2,266 მილიარდი ლარი) 91.9%-ია. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ხარჯების დასაფინანსებლად წლიური გეგმით განისაზღვრა 593,498 მილიონი ლარი, მოთხოვნამ და საკასო ხარჯმა კი მხოლოდ 422,261 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 71% და ვალდებულების 99.9%-ია.

    ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის 600-მილიონიანი გარღვევა შემოდგომის დასაწყისში უკვე ნავარაუდევი იყო.

    "მოვლენები ზუსტად პროგნოზის მიხედვით განვითარდა. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რომ არ "შესრულდა" დაგეგმილი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. საკასო შემოსავლის დანაკლისი რაც წლის ბოლოს დარჩა - 600 მილიონი ლარი, ეს იყო ნავარაუდევი სპეციალისტების უმეტესობის მიერ. ბიუჯეტის საკასო შესრულებას კი დააკლდა თანხა, მაგრამ წილის ბოლოს ბიუჯეტს 130 მილიონი ჰქონდა. შესაბამისად, რა დაფინანსებაც იყო დაცულ მუხლებში შესრულდა, ძირითადად არ შესრულდა კაპიტალური ხარჯების ნაწილი", - ამბობს ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.

    ექსპერტი ავთო სილაგაძე ბიუჯეტის გარღვევის ორ მიზეზს ასახელებს - ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპები და წინა მთავრობის მიერ წინასწარ აღებული გადასახადები.

    "ბიუჯეტის შეუსრულებლობის ორ მთავარ მიზეზს ვხედავ: ერთია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა არ მოხერხდა, მეორე კი ის, რომ წინა ხელისუფლებას გადასახადებიდან წინასწარ საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა აღებული, სწორედ ამის გამო ბიუჯეტს დაახლოებით 200-300 მილიონი ლარი დააკლდა", - ამბობს ავთო სილაგაძე.

    2013 წლის ბოლოს "რეზონანსი" ექსპერტებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 600 მილიონი ლარით გაირღვეოდა. "ნაციონალური მოძრაობის" პროგნოზი უფრო მასშტაბური იყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტს 800 მილიონი აკლდებოდა. "2014 წლის ბიუჯეტი კი დაგეგმილია ისე, თითქოს, 2013 წლის ბიუჯეტი შესრულდა", - აცხადებდა მაჭავარიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×