სკოლებში პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება. მოსწავლეებს, ატესტატთან ერთად, მეორე პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტიც ექნებათ. პროცესი ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით განვითარდება. "რეზონანსი" დინტერესდა რას მოიცავს ახალი ინიციატივა, რამდენად გაამართლებს და დგას თუ არა ამის აუცილებლობა დღესდღეობით?
სკოლაში მოსწავლეებს იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ მათთვის საინტერესო საგნები თვითონ აირჩიონ. ხშირად იმასაც კი ვერ იაზრებენ, თუ რა სურთ მომავალში და რისი კეთება უნდათ. პროფესიული განათლება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს მისცემს შესაძებლობას, გაერკვიონ თავიანთ ინტერსებში.
განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის თქმით, პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება და სკოლის ატესტატთან ერთად, მოსწავლეები პროფესიული განათლების შესაბამის დოკუმენტსაც მიიღებენ.
"ჩვენ გვინდა, პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად გავხადოთ ზოგად განათლებაში, მაღალ კლასებში. ბუნებრივია, ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით, ვინაიდან ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების დროს უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პროფესიების არჩვევა შეეძლებათ მოსწავლეებს ან როდიდან დაიწყება ახალ მოდელზე გადასვლა, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მოსწავლეებს გარკვეული ინფორმაცია ექნებათ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ და სამომავლო გადაწყვეტილებებს შედარებით იოლად მიიღებენ. აშკარაა, რომ სამუშაო ბევრია, თუმცა ეს შედეგს წლების შედეგ გამოიღებს.
სოციოლოგ პაატა აროშიძის აზრით, ბავშვებისთვის ეს ინიციატივა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ადრიდანვე მოახერხებენ გაერკვნენ იმაში თუ რა სურთ მომავალში.
„დასაქმების მაჩვენებელს თუ ავიღებთ, პროფესიული კოლეჯებისა უკეთესია, ვიდრე უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა შედეგები. კოლეჯის კურსდამთავრებულები, ძირითადად, საქმდებიან იმ პროფესიით, რომელიც მათ შეასწავლეს, რასაც ვერ ვიტყვით უნივერსიტეტდამთავრებულებზე.
როგორც იტყვიან ყველაფერი ახლი, კარგად დავიწყებული ძველია. 70-80-იან წლებშიც არსებობდა საბჭოთა სკოლებში ასეთი პროფესიული საათები. ეს იყო მინიმალური პროფესიები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ თუკი დღეს ეს მოხდება, იგი მოსწავლეს დაეხმარება ბევრ რამეში. ბავშვი თავის მომავალს თვითონვე განსაზღვრავს და გაერკვევა სურს კოლეჯის მიმართულებით სწავლის გაგრძელება, თუ უნივერსიტეტში ჩაბარება.
რთულია იმის თქმა, რომ შედეგი 2-3 წელში იქნება, რადგან ეს ისეთი რეფორმაა, რომელიც შედეგს გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიღებს, თუმცა ცუდი ამ ინიციატივაში არაფერია“, - - აღნიშნა აროშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
ასეთი გამოცდილება საქართველოს წლებია არ ჰქონია და იმის თქმაც რთულია რამდენად გაამართლებს, თუმცა აშკარაა, რომ ცდად ღირს. განათლების დარგის ექსპერტს მუხრან გულიაშვილს განსხვვებული მოსაზრება აქვს და არ ემხრობა ახალ ინიციატივას. მისი შეხედულებით, სკოლებში ისედაც ბევრი პრობლემაა და უკეთესი იქნებოდა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, რაც სიტუაციას ნამდვილად შეცვლიდა.
„ვფიქრობ,სკოლაში კი არ უნდა შემოვიდეს პროფესიული განათლება, არამედ უკეთესი იქნება, მოსწავლემ, თუნდაც მე-8 კლასიდან, შეძლოს სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში გადასვლა. ეს უმტკივნეულოდ უნდა ხდებოდეს და პარალელურად უნდა იღებდეს ატესტატსაც.
იმ საგნების შესწავლა, რომლებიც სკოლის პროგრამაშია, არცთუ ხარისხიანად მიმდინარობს. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და კიდევ ახალი საგნების დამატება, არ არის კარგი აზრი.
განსხვავება დიდი იქნება პროფესული სასწავლებლის მიერ მომზადებულ კადრსა და სკოლაში გადამზადებულ მოსწავლეებს შორის. კოლეჯებში ბევრად უფრო ხარისხიანად არის შესაძლებელი საქმიანობის დაუფლება.
დღესდღეობით სკოლებში სასწავლო გრაფიკი ისედაც გადატვირთულია, რაც ყველზე მეტად ხარისხზე მოქმედებს და კიდევ სიახლეების დამატება უფრო გაართულებს მდგომარეობას“, - აღნიშნა გულიაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.