საქართველოს მთავრობა წლევანდელ ბიუჯეტს რეკორდულად - 500 მილიონი ლარით ზრდის. ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკაზე პოზიტიურად იმოქმედებს და კიდევ უფრო წინ წასწევს. სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ მთავრობას ასეთი უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მიღების საშუალება მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მისცა და ხაზს უსვამენ იმ მიმართულებებს, რომლებზეც სამომავლოდ განსაკუთრებულად კარგად აისახება.
უკვე მესამე წელია, რაც მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ეკონომიკა კარგად ვითარდება, თუმცა მნიშვნელოვანია რა შედეგებს მოიტანს ეს პოზიტიური ცვლილებები. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაცით სამინისტროების მიხედვით, დაფინანსების ზრდა ასეთი იქნება: 20 მლნ ლარით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება.
ყველაზე დიდი მოცულობით - 250 მლნ ლარით, იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 47,0 მლნ ლარით მოიმატებს, ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები - 23,0 მლნ ლარით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები - 40,0 მლნ ლარით. 10,0 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება მოიმატებს 34,0 მლნ ლარით და 40,0 მლნ ლარით იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა და აღნიშნული თანხები მოხმარდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს, მათ შორის, კომპენსაციების გაცემას. ჯამში - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მიიმართება, დაახლეობით, 100 მლნ ლარი.
ლაშა ხუციშვილის თქმითვე, საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 100,0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გამყარებით გასულ პერიოდთან შედარებით.
კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. დღესდღეობით მთავრობის ვალი შემცირებულია - 2 წლის წინ მშპ-თან მიმართებით 60%-ზე მეტს შეადგენდა და თითქმის, 38%-ზეა ჩამოსული.
„ვალის შემცირების პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ და თითქმის, 38%-ზე არის ჩამოსული. დეფიციტიც არის შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფაქტია, რომ ეს პროცესები ბიზნესზე და შემოსავლებზე ძალიან კარგად იმოქმედებს. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც ფულის უფრო მეტ ბრუნვას გამოიწვევს და ბოუჯეტზე დადებითად იმოქმედებს. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეკონომიკის სწრაფმა განვითარებამ მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.
„ბიუჯეტის სიდიდე და ეკონომიკის მოცულობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. თუ იზრდება ეკონომიკა, იზრდება საბიუჯეტო შემოსავლებიც. მულტიპლიკატორის როლს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარებისათვის ძირითადად ასრულებენ, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის ღონისძიებები. საქართველოს ეკონომიკის მასშტაბები და ჩვენი ეროვნული პროდუქტი უკვე ისეთ ზომაზეა გასული, რომ მისი 1%-იანი მატებაც კი გვაძლევს საშუალებას, რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდოს დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე.
პროგნოზი, რაც წლის დასაწყისში იყო გამოთქმული, სრულდება გადააჭარბებით. ამაზე ფინანსთა მინისტრმაც ისაუბრა. ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ წელს მობილიზებული გვქონდეს დაგეგმილთან შედარებით, ნახევარი მილიარდი ლარით მეტი.
გაიზარდება ცალკეული მიმართულებების დაფინანსება, მათ შორის, სოციალური ხარჯები, ხელფასები, თანხა ასევე გამოყენებული იქნება სტიქიური უბედურებებისა და ეკოლოგიური გამოწვევების გასანეიტრალებლად. იმავდროულად, როცა ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება, გვაქვს საშუალება უფრო სწრაფად და მასშტაბურად მოვახერხოთ საგარეო ვალის მასშტაბების შემცირება“, - აღნიშნა არჩვაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, პროგნოზი საკმაოდ პოზიტიურია.
„2020 წლისთვის, პანდემიის პერიოდში სამთავრობო ვალის მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 60%-ს გადააჭარბა და ახლა თითქმის ორი ათეული პუნქტით არის შემცირებული. ეს სწორედ იმის ხარჯზე, რომ ეკონომიკა ვითარდება და იზრდება. ასევე 2020 წელთან შედარებით გამყარებულია ლარის კურსიც და საგარეო ვალის მომსახურებას სულ უფრო ნაკლები ეროვნული ვალუტა სჭირდება.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ეკონომიკური რეპუტაციული ფაქტორი. ქვეყანას როდესაც აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სწრაფად ფარავს საგარეო ვალს, მის მიმართ იზრდება პატივისცემა, ინტერესი და უცხოელი ინვესტორები უფრო თამამად აბანდებენ ქვეყანაში კაპიტალს.
ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მთლიანობაში, რომ შევაფასოთ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი უნდა ვიქონიოთ, სულ ცოტა საშუალო ვადიან პერსპექტივაზე გათვლით“, - დასძინა არჩვაძემ.
გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა, რომ მთელი რიგი მიმართულებები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ბიუჯეტის ზრდა ასევე კარგ შესაძლებლობებს იძლევა საიმისოდ, რომ მოსახლეობა იყოს უფრო კმაყოფილი, ვიდრე წინა წლებში.
როგორც ფინანსისტმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის და ეკონომიკის ასეთი კარგი ზრდა პირდაპირ მოქმედებს ხელფასებზე და პენსიებზე. ასევე ფინანსდება სხვადასხვა პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბიუჯეტის ასეთი მატება დაკავშირებულია, ბოლო ორი წლის ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან. ბუნებრივია, ასეთ შთამბეჭდავ ციფრებს და კარგ შედეგებს მიზეზები აქვს. გაზრდილი ბიზნეს აქტივობა, თავისთავად ზრდის ბიუჯეტში შენატანებს.
ეკონომიკა საპროგნოზოზე უფრო მაღალ შედეგზეა და ამის გათვალისწინებით, წლის მეორე ნახევარშიც ველოდებით საკმაოდ დიდ ეკონომიკურ აქტივობას და ზრდას.
ეს ეფექტი ასახულია ბიუჯეტზე, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა საყურადღებოა სად მიდის დამატებითი შემოსავლები. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ორი წელია იმატებს პენსიები და ხელფასები. ეს შეეხო სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ ადამიანებს, ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვანებს და ა.შ. რამაც გამოიწვია ის, რომ კომერციულმა სტრუქტურებმაც დაიწყეს ანაზღაურების ზრდა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი არის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. ჩვე შეგვიძლია იმის დანახვა, თუ რამდენი სკოლის რეაბილიტაცია, რამდენი დაწესებულების რეკონსტრუქცია მოხერხდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში იყო სხვადასხვა პრობლემები ჯანდაცვის კუთხით და სახელმწიფომ ამის მოგვარებაც დაიწყო. მიმდინარეობს დაფინანსება, რაც პირდაპირ შეეხო მედიკამენტებს. ყველაზე დიდი თანხა, 40%-ზე მეტი მიდის ჯანდაცვაში, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი დაკავშირებულია მკურნალობასთან, რაც საკმაოდ ძვირია.
კარგია, რომ სახელმწიფო ამ პროგრამებს აფინანსებს, რაც არის სოციალური პოლიტიკის ნაწილი. აღსანიშნავია ინფრასტრუქტურულ პროექტებში შეტანილი წვლილიც, რაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაზე მოქმედებს დადებითად“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ცუცქირიძემ.