სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თუკი დეკემბერში კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება, იანვარში კიდევ უფრო დიდ ვარდნას უნდა ველოდოთ
    მაკა ხარაზიშვილი
    26.12.2013

    ლარი დიდი სისწრაფით ისევ დაბლა დაეშვა. წინასაახალწლოდ მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. გაქცეულ ლარს მიყოლილი ფასები ბევრ ადამიანს დატოვებს საახალწლო სამზადისის გარეშე. არადა, დეკემბერში ლარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, როდესაც ლარი ამ მოთხოვნის პირობებშიც კი უფასურდება, რაღა იქნება იანვარში? გამოდის, რომ 2014 წლიდან კურსის კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას უნდა ველოდოთ.

    ლარის მსყიდველუნარიანობა სულ უფრო მცირდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 დოლარი 1,7286 ლარია. ლარის კურსის დაცემა აგვისტოდან დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს 1 ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 1,67 ლარი იყო. ნოემბრის ბოლოს 1,69 ლარს გასცდა, ხოლო დეკემბერში 1,73-იან ნიშნულს მიუაზლოვდა..

    ეტსპერტ ლია ელიავას აზრით, ლარის გაუფასურებაზე პასუხიმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება. "ეროვნული ბანკი სრულად არის პასუხისმგებელილარის კურსის სიმყარესა და ფასების სტაბილურობაზე. ამიტომაც, ლარის კურსის გაუფასურება და მისი ხელიდან გაშვება მთლიანად ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხია", - ამბობს ლია ელიავა.

    რა მოხდა სინამდვილეში და რატომ დავარდა ლარის კურსი, ამ საკითხზე სებ-ი არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

    "შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რომელიმე კომერციულმა ბანკმა ბაზარზე დიდი ოდენობით ლარი "გამოყრა". ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ გააჩნია. ამიტომაც დანამდვილებით იმის თქმა, რა მოხდა და რატომ დავარდა ლარის კურსი, რთულია.

    საერთოდ, ლარის კურსი ხელოვნურად არის დაჭერილი. სინამდვილეში ჩამოყალიბებული პარიტეტი - 1 დოლარი - 1,7 ლარი - არ არის ჩვენი ვალუტის რეალური კურსი. ასეთი ნიშნული მხოლოდ ეროვნული ბანკის მცდელობით არის შენარჩუნებული. იმისთვის, რომ ლარი იყოს მყარი, გარკვეული რაოდენობის ეროვნული სახსრები იხარჯება", - ამბობს ელიავა.

    თუ ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტა ინტერვენციები და ლარის ამოღება ეკონომიკიდან, ამ შემთხვევაში ლარი აუცილებლად დაეცემა იმიტომ, რომ ამ ვალუტის უკან არაფერი დგას.

    "ეს არის მოჭრილი ქაღალდი. იმიტომაც არის, რომ ეროვნული ბანკი სისტემატურად ამაყობს თავისი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობით, რომელიც გადაფასებული ლარის კურსის შენარჩუნებისთვის გამოიყენება", - ამბობს ელიავა.

    კიდევ ერთი ექსპერტის მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზია. ერთ-ერთია ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა. "წლეულს ექსპორტი და იმპორტი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ. სავაჭრო აქტიურობა გაიზარდა. მიუხედავად ამისა, როდესაც მოთხოვნა იზრდება იმპორტირებულ საქონელზე, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ზეწოლა ლარზეა, ანუ კურსი ეცემა. დეკემბერში საკმაოდ გააქტიურებულია იმპორტი და ლარის კურსზე ამან ზეწოლა მოახდინა. იანვარში ეს ყველაფერი დალაგდება", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

    ექსპერტისგან განსხვავებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ იმპორტი სტაბილურად მცირდება და იზრდება ექსპორტი. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9681 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2618 მლნ დოლარს შეადგენს (20 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7064 მლნ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები).

    აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ლარის კურსის გაუფასურებას ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა მკაცრი სავალუტო პოლიტიკაც შეარბილა. გარდა ამისა, აღნიშნულ პროცესს ბიძგი მისცა იმანაც, რომ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1,7 ლარზეა დაგეგმილი.

    ექსპერტის აზრით, ამჯერად ეროვნულმა ბანკმა ეს კურსი უნდა შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვება, რაც უკვე დაწყებულია.

    "ლარის გაუფასურება გარკვეული დოზით ეკონომიკას წაახალისებს. ამჯერად ლარი ისე დაეცა, რომ დროა, ეროვნულმა ბანკმა ამ კურსის შენარჩუნებაზე მაინც იზრუნოს. პროდუქტზე ფასების ზრდა დაიწყო. მოსახლეობა ხელფასს ლარში იღებს და, შესაბამისად, მისი მსყიდველუნარიანობა მცირდება", - ამბობს ავთო სილაგაძე.

    ექსპერტის განცხადებით, დეკემბერში ეროვნულ ვალუტაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა, როცა მიმდინარეობს გადასახადების გადახდა, საახალწლო მზადება, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება. შესაბამისად, ლარზე მოთხოვნა იზრდება. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტ თანხას მოუყაროს თავი და დახარჯოს. ასეთი მოთხოვნის პირობებშიც კი ლარი უფასურდება და რა მოხდება იანვარში, როცა ლარზე მოთხოვნა შემცირდება? ლოგიკურად, კურსის უფრო მკვეთრ ვარდნას უნდა ველოდოთ, თუ ეროვნულმა ბანკმა სერიოზული ზომები არ მიიღო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×