ვახტანგ იობაშვილი: ტრანზიტულმა სატვირთო ავტომობილებმა განაახლეს საქართველოში საწვავის შეძენა
ქეთო გოგოხია
19.06.2023

სატრანსპორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია, რაც ნავთობპროდუქტების ბაზარზეც დადებითად აისახება. ტენდენცია გაუმჯობესდა და ტრანზიტად მოძრავი ავტომობილების მძღოლებმა ისევ დაიწყეს დიზელის ტიპის საწვავის შეძენა საქართველოში, რა მხრივაც ფასის კლებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ბოლოდროინდელი ტენდენცია აჩვენებს, რომ ნავთოპროდუქტების ქართულ ბაზარზე ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა ისაუბრა. მისი აზრით, დიზელი მნიშვნელოვნად გაიაფდა, რაც შეეხება ბენზინს, ორიოდე კვირის წინ 10-15-თეთრიანი მატება დაფიქსირდა და ჯერეჯრობით ეს მოცემულობა შენარჩუნებულია.

,,სატრანსპორტო სეზონის მიმოხილვა უნდა დავიწყოთ ტრანზიტიდან, რომელიც ერთ-ერთი დიდი  შემავსებელია ბიუჯეტში. აშკარად უკეთესი სიტუაცია გვაქვს, რაც ბაზარს ეტყობა. ბოლო დრომდე აქტიურად ვსვამდი საკითხს, რომ ჩვენთან უფრო მაღალია საწვავის ფასი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რის გამოც ტრანზიტად მოძრავი ავტომობილების მძღოლები საწვავს არ ყიდულობდნენ საქართველოში. 

დღესდღეობით  ეს მოცემულობა შეიცვალა. დიზელის ფასი ქვემოთ წამოვიდა და ცოტა გამოცოცხლება შეიმჩნევა. მძღოლებმა დაიწყეს საქართველოშიც  საწვავის შეძენა, დიზელზეა საუბარი. ვიმედოვნებ, უკეთესი სიტუაცია გვექნება,  გამოსწორდება ხარვეზი და მდგომარეობა უფრო მეტად შეიცვლება პოზიტივისკენ", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

,,ბიზნეს-რეზონანსთან" მან  ყურადღება გაამახვილა შიდა ბაზარზე შექმნილ სიტუაციაზეც. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, საწვავის მოხმარება გაზრდილია და ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მეტი აქტივობა არის მოსალოდნელი. შესაბამისად, ფასიც სტაბილურია, რასაც დიდწილად რუსეთის ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ აღნიშნულ ბაზარზე მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

,,შიდა ტრანსპორტი ყოველ ზაფხულს იმატებს და ველოდები რომ კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა. ამ მხრივ განსაკუთრებით ტურისტული სეზონი მოახდენს გავლენას, როცა ნაკადები ყოველთვის პიკზეა. ბუნებრივია, გვაქვს იმედი, რომ სექტორი მეტ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფო ბიუჯეტს და ქვეყანას.

რაც შეეხება ფასებს, ჯერჯერობით  იგივეა, რაც ორიოდე კვირის წინ, თუმცა დიზელის ფასი შემცირდა. ბენზინის ფასი 10-15 თეთრით იყო გაზრდილი და ახლა სტაბილურადაა. ფასის ცვლილება უკავშირდებოდა რუსეთიდან ექსპორტის სიძნელეებს და დეფიციტს ადგილობრივ ბაზარზე. ცნობილია, რომ რუსეთმა  დაიწყო საწვავით შუა აზიური ქვეყნების მომარაგება. ადრე ისინი რუსეთიდან ფაქტობრივად არ იღებდნენ ნავთობპროდუქტებს, მხედველობაში მაქვს ყაზახეთი, უზბეკეთი ყირგიზეთი და სხვა. თურქმენეთს არ სჭირდება რუსული საწვავი, ვინაიდან მას თავისი ნავთობი და გადამამუშავებელი ქარხნები აქვს და შიდა ბაზარს თვითონ უზურუნელყოფს. ამდენად, ეს იყო რუსეთის შიდა ბაზრის პრობლემა", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა და მიანიშნა იმაზეც, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდის მიუხედავად, ქვეყანა კვლავ რჩება არასაიმედო პარტნიორად, რის გამოც შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს მდგომარეობა, რაც სამომაცლოდ შიძლება მხოლოდ ფასებზე აისახოს.

,,რუსეთს, რომელიც ომს აწარმოებს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეექმნას სიძნელე, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. შესაძლოა, ამან ფასებზე იმოქმედოს, მაგრამ დეფიციტი არანაირად არ შეიქმნება. ფასებზე იმოქმედებს იმიტომ, რომ  დასავლეთის წყაროები შედარებით ძვირია რუსულ საწვავთან შედარებით.

რუსეთი საწვავს გვაწვდის ,,პლატცის" გარეშე, რაც გამორიცხულია ევროპიდან იმპორტის შემთხვევაში. ამდენად, ევროპული საწვავის შემოტანა 150 დოლარით უფრო ძვირია, ვიდრე ვთქვათ, რუსეთიდან მოწოდებული ნავთობპროდუქტები. ამიტომ არის დღეს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი ჩვენთვის ხელსაყრელი, რომელიც ხარისხითაც კარგია და "ევრო 5"-ის სტანდარტის შესაბამისია, რაზეც ქვეყანამ ზომები ომის დაწყებამდე მიიღო. ესეც განაპირობებს რუსეთის ნავთობზე გაზრდილ მოთხოვნას, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოებიდან.

რაც ჩვენ რუსეთიდან შემოგვაქვს, მათთვის მიზერული რაოდენობაა. არ არის იმდენი, რომ რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ რუსეთის  ეკონომიკასა და ფინანსურ მდგომარეობაზე", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ფასებს გლობალურ ბაზრებზე, 2023 წლის 16  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.61  დოლარი ერთ ბარელზე. ნიუ-იორკში "ლაითის" ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.78  დოლარი ერთ ბარელზე. ბოლო პერიოდში შავი ოქროს ღირებულება ამ დიაპაზონში მერყეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×