
ეროვნული ბანკის მმართველის პოსტზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაუფარავად თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბიშვილი კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. უარყოფით განწყობას იზიარებს საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა, რომელიც ფიქრობს, რომ გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის წარდგენა არასწორია და ამან შეიძლება ეროვნული ბანკის შემდგომისაქმიანობას გარკვეული რისკი შეუქმნას.
ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის ყოფილი მმართეველების მიმართ საფუძვლიანი კრიტიკა ისმის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობის წევრებმა უწყების ყოფილი ხელმძღვანელები ამხილეს და განაცახდეს, რომ ისინი ,,ჩანერგილი პირები“ იყვნენ, რომელთა საქმიანობამ ქვეყნის ფულად-საკრედიტო და ეკონომიკური პოლიტიკა ზალიან დააზარალა. ლია ელიავა ფიქრობს, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს კადრების კომპლექსური წმენდა, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.
უფრო ვრცლად, რა შეცდომა დაუშვეს სებ-ის მმართველებმა თავის დროზე და რეალურად როგორი მმართველი სჭირდება ქვეყნის მთავარ ბანკს? -,,ბიზნეს-რეზონანსის“ კითხვებზე ლია ელიავა პასუხობს.
,,ბიზნეს-რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან რამდენად სწორად შეირჩნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდენობობებზე ბაქრაძე და ჯაფარიძე, რას გამოიწვევს ცვლილება სებ-ის საქმიანობაში?
ლია ელიავა: ამ პიროვნებების დანიშვნით ეროვნული ბანკის საქმიანობა არ გაუმჯობესდება. უკეთესობისთვის ცვლილების გარანტად ეს არ მიმაჩნია. ამდენად, არასწორი გადაწყვეტილებაა. კანონის აღუსრულებლობა იყო მთავარი დანაშაული, ეს არის ძირითადი პრობლემა, რაზეც აქცენტი არასდროს კეთდება. ცხადია, ეს გადაწყვეტილება იქნება მავნე ეროვნული ბანკისა და მთლიანად ეკონომიკისთვის. ყოველ შემთხვევაში, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.
,,ბ-რ": როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი შეცდომა, რაც ეროვნული ბანკის ყოფილმა მმართველებმა დაუშვეს, რაში ხედავთ მთავარ პრობლემას?
ლ.ე: გიორგი ქადაგიძის, არჩილ მესტვირიშვილისა და შემდეგ უკვე კობა გვენეტაძის მმართველობის პერიოდში საქართველოს რეზერვები გაზიდეს უცხოეთში მიზერული საპროცენტო განაკვეთით და დააბანდეს არა მხოლოდ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, კერძო, გაუგებარი წარმომავლობის კომპანიებში. დიდი ალბათობით, ეს მოხდა ისევ სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, რომლის მითითებების უპირობო შემსრულებლები იყვნენ.
რეალურად სებ-ში მცირე რეზერვები აქვთ ახლა, ფული გაზიდულია ქვეყნიდან. სად არის ვითომდა ისტორიული მაქსიმუმი, რასაც დიდი ზიანი მოაქვს ეკონომიკისა და მთლიანად მოსახლეობისთვის? შეგნებულად გაკეთდა ეს ყველაფერი და ამის დაუნახაობა, უბრალოდ, არ შეიძლება.
,,ბ-რ": თქვენი კრიტიკა მოგვისმენია ხშირად სავალუტო ფონდის მიმართაც, კონკრეტულად რას უკავშირდება და რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ სებ-ის წარმომადგენლები სავალუტო ფონდის მითითებებს უპირობოდ ასრულებდნენ?
ლ.ე: ცხადია, ვერც გაწეულ ამაგს დავუკარგავ, სავალუტო ფონდმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. 1990-იან წლებში, როდესაც მთავრობა და ეროვნული ბანკიც, ბაიბურში არ იყვნენ, როგორ ემართათ ქვეყანა. სავალუტო ფონდის რეკომენდაციებმა ნამდვილად შეუწყო ხელი ეკონომიკის გადარჩენას. ეს ნამდვილად ასეა და არ უნდა დავუკარგოთ. თუმცა, სავალუტო ფონდს აინტერესებს ორი რამ: სტაბილურობა და ფულის გადინების შესაძლებლობა. დიდი ფული გადის ქვეყნიდან, სხვა დანარჩენი წვრილმანია.
უნდა გვესმოდეს, რომ სავალუტო ფონდის თანამშრომლები ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტენ, ჩვეულებრივი ეკონომისტები არიან და მათთან ყოველთვის შეიძლება დალაპარაკება, არგუმენტების მოყვანა. სავალუტო ფონდს და მსგავს ორგანიზაციებს გააჩნიათ რეცეპტები ჩვენისთანა ჩამორჩენილი ქვეყნისთვის და მისი განხორციელება ეკონომიკისთვის ყოველთვის არ არის სასარგებლო. დროა გამოჩნდნენ, მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც შეძლებენ სავალუტო ფონდთან თანასწორ ურთიერთობას, თავსმოხვეული სავალდებულო ინსტრუქციების თავიდან არიდებას, დასახელებული კანდიდატები ამას არ გააკეთებენ.
,,ბ-რ“: გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად მისაღებია, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ კანონპროექტში შევიდეს ცვლილება, რაც გამოკვეთს პასუხისმგებლობის საკითხს, მით უმეეტს, ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა ფულადი რეზერვების გატანა, რაც ეკონომიკური სტაბილურობისთვის დიდი საფრთხეა?
ლ.ე: კანონით რაიმეს გაკეთება ჯერჯერობით არის შეუძლებელი. გეთანხმებით, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ კანონი არის შესაცვლელი. გვენეტაძემ, უბრალოდ, თავი დაიძვრინა ამ პროცესებიდან, ქადაგიძის დროიდან მოყოლებული, სავალუტო რეზერვები ქვეყნიდან გაედინება. უბრალოდ, ახლა მესტვირიშვილზე გადატყდა ჯოხი, მაგრამ პრობლემა ამ მხრივ ყოველთვის იყო. ამ დროს სებ-ის საქმიანობაზე არის კრიტიკულად დამოკიდებული ეკონომიკის სიჯანსაღე, ლომის წვლილი მიუძღვით იმაში, რა პრობლემებიც დღეს ქვეყანაშია.
მთავრობა, შეუძლია თუ არა, რაღაცას მაინც აკეთებს, სებ-ი იმასაც ვერ აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ეს ხომ ნამდვილად შეუძლია. ფასების სტაბილურობა ამ უწყების მოვალეობაა, მაგრამ არც ეს გააკეთეს. საქართველოში ფასები არასდროს ყოფილა სტაბილური, პირიქით, მზარდია და ამით ყველა ვზარალდებით.
,,ბ-რ": როგორ ფიქრობთ, როგორი კადრი სჭირდება სებ-ს რეალურად, მმართველის პოზიციაზე?
ლ.ე: პირველ რიგში, ესმოდეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, იყოს პროფესიონალი თავისი საქმის და ეყოს ვაჟკაცობა, შეეწინააღმდეგოს სავალუტო ფონდის დიქტატს, მოიქცეს ისე, როგორც ეკონომიკას სჭირდება. ვთქვი და ვიმეორებ, შესაძლებელია შეაცვლევინო აზრი, თუ არგუმენტირებულად დაუსაბუთებ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკას არ წაადგება.
საბოლოო ჯამში, მთლიანად უნდა გამოიცვალოს სებ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესების სამსახურში ჩადგეს. პოლიტიკურმა პრობლემამ იჩინა თავი და გამოიკვეთა ეს საკითხი, რაზეც აქამდე მთავრობა თვალს ხუჭავდა. ალბათ, სჯობს, რომ ეკონომისტები მოვიდნენ სათავეში, რომლებსაც ფართო ხედვა აქვთ ეკონომიკურ პროცესებში, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კარგად ერკვევიან. კადრის გარედან მოყვანა ასეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში სარისკოა, თუმცა ეროვნულ ბანკის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს. ამდენი ხანი ერთ თანამდებობაზე არ შეიძლება ადამიანი მუშაობდეს. ისინი არასწორი გზით მიდიან და ეკონომიკა ვერ გრძნობს ამ სისტემის მხარდაჭერას, რაც უკვე დიდ პრობლემად იქცა ქვეყნისთვის.