"ქადაგიძიდან დაწყებული, შემდეგ გვენეტაძის, ახლა კი მესტვირიშვილის საქმიანობა ქვეყნის ინტერესების საპირისპიროა, სებ-ი არ მუშაობს საქართველოსთვის!"
ქეთო გოგოხია
15.06.2023

ეროვბვნულ ბანკში ჩანერგილი კადრები გამომჟღავნდნენ. მათ მიერ წარმოებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წევრებმა პირდაპირ დაასახელეს პირები, რომლებიც სებ-ში საბოტაჟს ეწეოდნენ. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეროვულ ბანკში შეგნებულად ხდებოდა კონკრეტული ადამიანების ჩანერგვა, რომელთა საქმიანობა მიზანმიმართული იყო ლარის გაუფასურებისაკენ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობის უქმნიდა საფრთხეს.

 საუბარია ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, რომელთა საქმიანობამ უწყების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა განსაზღვრა.

ცნობილია, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი მთავრობასთან შეუთანხმებელ ქმედებებში დაადანაშაულა. ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა არასწორი ეკონომიკური პროგნოზები გააკეთა.

„როცა ექსპერტები საუბრობენ, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილის ქმედებას. ფაქტია, ფასების ცვლილებაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს, მაგრამ ეს მთავრობის პასუხისმგებლობას არ ხსნის, ამიტომ საბჭო დროულად უნდა დაკომპლექტდეს," - განაცხადა ვოლსკიმ.

მთავრობის მხრიდან ეროვნული ბანკის პასუხისმგებელი პირების მხილებას პოზიტიურად აფასებენ ექსპერტებიც. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს კადრების კომპლექსური წმენდა, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.

,,15 წელია დაჟინებით ვამბობ, რომ ეროვნული ბანკი არ მუშაობს საქართველოსთვის. ამ უწყების საქმიანობა ქვეყნისა და მოსახლეობის საჭიროებებს არ ეხმიანება. შესაბამისად, სებ-ის ხელმძღვანელი პირები ძირფესვიანად უნდა შეიცვალონ. რაც შეეხება მესტვირიშვილს, ჯერ კიდევ ნაციონალური მმართველობის პერიოდიდან ჩანერგილი კადრია. რა თქმა უნდა, ამდენი ხანი ერთ თანამდებობაზე არ შეიძლება ადამიანი მუშაობდეს.

ამიტომ უნდა შეიცვალოს ძველი შემადგენლობა და ახლებით დაკომპლექსდეს, ეს აუცილებლობაა. ყველა ძველი კადრი, რომელსაც მუშაობას ვერ ასწავლი ახლებურად, შესაცვლელია. ისინი არასწორ პოლიტიკას ეწევიან და ეკონომიკა ვერ გრძნობს ამ სისტემის მხარდაჭერას, რაც უკვე დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის", - განაცხადა ლია ელიავამ.

ეროვნული ბანკისთვის ახლაც და მომავალშიც დიდი პრობლემაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მარწუხებისგან გათავისუფლება, მაგრამ ისეთი კადრი უნდა დაინიშნოს, რომელსაც არსებული გამოწვევებისთვის თავის გართმევა შეეძლება.

,,დღეისათვის ეროვნული ბანკი ,,სახელწიფოა სახელმწიფოში", რომელიც არ ემორჩილება არავის, გარდა სავალუტო ფონდისა. მისი საქმიანობა არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაწეული შრომა. მაგალითისთვის, სავალუტო ფონდის რეზერვები უცხოურ ფასიან ქაღალდებში დააბანდეს და კონკრეტულად სად, არავინ იცის. ზოგი სახელმწიფო ფასიან ქაღალდებშია, ზოგიც - სახელმწიფო სტრრუქტურებში. ეს დაბანდებები განხორციელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით და გასაგებია ამით ვინც ხეირობს.

ამდენად, ლარის გაცვლით კურსს სწორედ სავალუტო ფონდი არეგულირებს და მისი ეს პოზიცია არის მახვილი საქართველოს ეკონომიკისთვის. მთლიანად უნდა შეიცვალოს სებ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესების სამსახურში ჩადგეს. სულ ვიძახდი, რომ სებ-ის საქმიანობა და ხელმძღვანელობა შესაცვლელია. პოლიტიკურმა პრობლემამ იჩინა თავი და გამოიკვეთა ეს საკითხი, რაზეც აქამდე მთავრობა თვალს ხუჭავდა", - აღნიშნა ლია ელიავამ ,,რეზონანსთან".

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები გააკრიტიკა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც გიორგი ქადაგიძე და კობა გვენეტაძეც გაიხსენა და ისინი საბოტაჟში ამხილა. ასეთი განცხადების გაკეთება მას სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებების საჭიროებისა და შემდეგ ვეტოს დაძლევის ასახსნელად დასჭირდა და გარკვეული ფაქტებიც დაასახელა.

კობახიძის შეფასებით, ქადაგიძე არის ცნობილი „საბოტაჟნიკი“, დღესაც აგრძელებს თავის შესაბამის პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვეულებრივი აგენტი იყო და პირდაპირ იყო დაკავებული საბოტაჟით.

„ჩვენ გვქონდა სავალუტო კრიზისი გარკვეული დროის განმავლობაში, ასევე ინფლაციური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც იყო კონკრეტული ეჭვები, შენიშვნები. თავის დროზე, ნაციონალი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მაშინ მართალია, იყო გლობალური ვითარებაც, ანუ სავალუტო კრიზისი ზოგადად რეგიონში, მაგრამ იყო ეჭვიც, რომ ქადაგიძე ამას ხელოვნურად ახალისებდა.

გიორგი ქადაგიძე არის ცნობილი „საბოტაჟნიკი“, დღესაც აგრძელებს თავის შესაბამის პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვეულებრივი აგენტი იყო და პირდაპირ იყო დაკავებული საბოტაჟით. გვენეტაძეზე არ მინდა საუბარი. გუნდის კონკრეტულ წევრებს ჰქონდათ შენიშვნები ეროვნული ბანკის კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც განაპირობებდა იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, ვიდრე რეგიონის ან ევროპის სხვა ქვეყნებში. ამაზე იყო შენიშვნები“, – განაცხადა კობახიძემ.

ეროვნულ ბანკში ჩანერგილების თემას ეხმიანება ექსპერტი ამირან სალაუქვაძეც, რომლის შეფასებითაც, უნდა გამოიკვლიონ საკითხი ბოლომდე და პასუხი გაეცეს კითხვებს, რა ხდებოდა სინამდვილეში და როგორ ზიანდებოდა წლების განმავლობაში ეკონომიკა და მთლიანად მოსახლეობა სებ-ის არასწორი პოლიტიკის გამო.

,,ეჭვები საკმაოდ საფუძვლიანია. ძალიან  ხშირად იყო გაურკვევლობა. მაგალითად, ინტერვენციების დაგვიანება ან პირიქით გაუგებარი ინტერვენციების განხორციელება, რაც  იწვევდა  სავალუტო რყევებს. საეჭვოა ასევე სხვა ზომებიც, რასაც სებ-ი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებით ახორციელბდა. ეს არ არის სიახლე, ქადაგიძიდან დაწყებული, შემდეგ გვენეტაძის, ახლა მესტვირიშვილის საქმიანობა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

ამ ბოლო დროს, აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე ვნახეთ ლარის კურსის უცაბედი ვარდნა, როცა პირიქით, ტენდენცია იყო გამყარებისკენ. მესმის, რომ არც სწრაფი გამყარებაა კარგი და არც გაუფასურება, მაგრამ ამ პროცესს უნდა ჰქონდეს ობიექტური საფუძველი. დაიდოს კვალიფიციური ანალიზი და პასუხი მოეთხოვოთ, ვიცოდეთ, რა ხდება რეალურად. სებ-ის მხრიდან არასწორი ჩარევა თუ იყო, ესეც დადასტურდეს. მე პირადად დიდი ეჭვი მაქვს, რადგან განსაკუთრებული არაფერი მოხმდარა, რაც გაუფასურებას გამოიწვევდა.

მესმის რომ  ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია, მაგრამ ხელშეუხებელი არ არის.  ჩვენ ვიცით, თავის დროზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოჯახს რა უყვეს, ახლა ეს ხალხი გამოდის და სებ-ის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს, რაც ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა სალუქვაძემ.

ექსპერტი ფიქრობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მთავრობა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებს სდებს ბრალს და ამხელს საბოტაჟში, მინიმუმ, მორალურ პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ.

,,ამ ადამიანების ქმედებების გამო ეკონომიკა და მოსახლეობა ზარალდებოდა, ამიტომ  როგორც მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. გაკეთდეს შეფასება, რომ არასწორი ქმედებები იყო და თავად გასცენ პასუხები. დაასაბუთონ, რა ხდებოდა სინამდვილეში. ჩემი აზრით, გარკვეული სპეკულაციები  იყო ბაზარზე, რამაც გამოიწვია დოლარის დეფიციტის შექმნა, შესაბამისად, ლარის სიჭარბე და ამას სწრაფად მოჰყვა გაუფასურება.

მესმის, შეიძლება სახელისუფლო შტოებს შორის იყო გაუგებრობა, მაგრამ როცა საქმე მნიშვნელოვან ინსტიტუტს ეხება, საზოგადოების ინტერესი გადამწყვეტი უნდა გახდეს. არ ვადებ ხელს, რომ ეროვნული ბანკი აუცილებლად მართვადია ვინმეს მხრიდან, მაგრამ არის კითხვები ლარის კურსთან დაკავშირებით, რასაც პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ამირან სალუქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×