"მხოლოდ მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, პროდუქციის არ გავაძვირებთ, ამ ეტაპზე ყველანაირად მომზადებული ვართ”
გვანცა წულაია
15.06.2023

ზაფხულის სეზონის პერიოდში პროდუქციის ღირებულება სტაბილური იქნება და ფასები არ მოიმატებს. ასეთ ვითარებას ადასტურებენ "რეზონანსთან”, როგორც იმპორტიორები, ისე ადგილორბივი მწარმოებლები, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, საქონელზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.

მალე ზაფხულის სეზონი გააქტიურდება და ნელ-ნელა პიკში შევა. ადგილობრივ ვიზიტორებთან ერთად, ქვეყანას უცხოელ ტურისტები ეწვევიან. იმის მოლოდინი, რომ წლევანდელი სეზონი ძალიან აქტიურად ჩაივლის, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ქვეყანაში პროდუქციაზე მოთხოვნა მოიმატებს, მაგრამ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ადასტურებს, რომ ცხელი თვეების განმავლობაში იმპორტირებული საქონელი არ გაძვირდება.

"ზაფხული სეზონის გააქტიურებასთან და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასების კორექტირება ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი, წინა პერიოდთან შედარებით, გაუფასურებულია და საწვავის ფასმაც მოიმატა, პროდუქციის ღირებულებაზე არ ასახულა.

უახლოეს მომავალში ბაზარზე თუ რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოხდა, მხოლოდ მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, პროდუქციის გაძვირებას არ ველოდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მომზადებულები ვართ”, - განუცხადა "რეზონანსს” ივა ჭყონიამ და დასძინა, რომ სექტორი ტურისტული სეზონისთვის სრულიად მზადაა და მოთხოვნას ბოლომდე დააკმაყოფილებენ.

"მოწოდების პრობლემა არ დგას, შესაბამისად, სრულიად დავაკმაყოფილებთ მოთხოვნას. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ ექნება არც საცალო და არც ჰორეკა სექტორს. ასე რომ, ტურისტულ სეზონს ყველანაირად მომზადებულები ვხვდებით”, - დასძინა "რეზონანსთან” დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

გამოდის, რომ მთელი ზაფხულის პერიოდში ფასები სტაბილური იქნება და იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტი არ გაძვირდება.

მოთხოვნის ზრდის პირობებში, გაძვირება არც ადგილობრივი წარმოებისგან არის მოსალოდნელი. სწორედ ამაზე საუბრობს მეფრინველეობის ფაბრიკა "კუმისის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუმბეგაშვილი და ხაზს უსვამს, რომ ზაფხულის სეზონზე ფასები ისე იქნება, როგორც დღესაა.

"ამ ეტაპზე ფასების კორექტირება არ იგეგმება, მით უმეტეს გაძვირებისკენ. პროდუქცია საკმარისად გვაქვს და წარმოება კიდევ მოიმატებს. ასე რომ, ზაფხულის თვეებში არაფერი შეიცვლილება, ამიტომ მობრძანდნენ ტურისტები ევროპიდან.

მთელი ზაფხულის განმავლობაში სტაბილიზაციას ველით. წინა წლებში  წარმოებას ვამცირებდით, მაგრამ შარშან მიგრანტების დიდი შემოდინება იყო და აღარ შეგვიმცირებია. როგორც გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში ვაწარმოებდით, იგივე გვაქვს ახლა. აქედან გამომდინარე, არანაირი დეფიციტი მოსალოდნელი არ არის”, - განუცხადა უჩუმბეგაშვილმა "რეზონანსს”.

მეფრინველობის გარდა, გაძვირება არც მეცხოველოების მიმართულებით არის მოსალოდნელი. სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზე, იქნება ეს ხილი თუ ბოსტნეული, ღირებულებამ შესაძლოა, ცოტათი მას შემდეგ იკლოს, რაც ბაზარზე უფრო მრავლად გაჩნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ქართული ცოტათი ლარი გაუფასურდა, რასაც საწვავის გაძვირება დაემატა, თუმცა ამ ორ გარემოებას არ მოუხდენია გავლენა ფასების კორექტირებაზე. შესაბამისად, თუკი რაიმე განსაკუთრებული გარემოება არ გამოიკვეთა, პროდუქციის გაძვირებას საფრთხეარ არსებობს.

რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ სეზონს, მოლოდინი საკმაოდ დიდია. ივლისსა და აგვისტოში ზღვის კურორტები უამრავ სტუმარს ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×