ბილეთი 400-500 დოლარი ღირს და ამიტომ ურჩევნიათ ისევ სახმელეთი გზით შემოვიდნენ ქვეყანაში
გვანცა წულაია
14.06.2023

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიაბილეთები ძალიან ძვირია და ამიტომ ქვეყნებს შორის მიმოსვლა მოქალაქეებს ისევ სახმელეთო გზით ურჩევნიათ. გამოდის, რომ ერთი თვის წინ მოხსნილი ავიაემბაგრო და აღდგენილი რეისები დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. საინტერესოა, ასეთი სიძვირე ჩენარჩუნდება ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თუ კომპანები ბილეთებს გააიაფებენ?

3 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა და პირდაპირი ფრენი აღადგინა. მოსკოვმა ასეთი გადაწყვეტილება ერთი თვის წინ, მაისის დასაწყისში მიიღო.

ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომპანიებმა ბილეთების გაყიდვა ძვირად დაიწყეს. ღირებულება 1100-1200 ლარს ქვევით არ არის, ამიტომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნებს შორის მოგზაურობა კვლავ სახმელეთო გზით ურჩევნიათ.

საქარველოდან რუსეთში "ჯორჯიან ეარვეისი” დაფრინავს. რუსეთიდან საქართველოში კი - "აზიმუტი”. "რეზონანსთვის” ცნობილია, რომ საქართველეში ფრენების დაწყება კიდევ ერთ რუსულ კომოპანია - "რედ ვინგსს” სურდა, თუმცა უარი ეთქვა.

"ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი კოდუა ადასტურებს, რომ ბილეთები მართლაც ძალიან ძვირია და თვითმფრინავები ნახევრად ცარიელები დაფრინავენ.

"ორ მხარეს შორის პარიტეტი უნდა იყოს დაცული. ყველამ იცის, რომ არასტაბილურობიდან გამომდინარე და სხვა ბევრი მიზეზის გამო, ამ ბაზარზე შესვლაზე ოფიციალურად ვაცხადებ უარს. ჩვენგან დარჩა "ჯორჯიან ეარვეისი” (აირზენა). რუსეთიდან კი "აზიმუტი” და "რედ ვინგსი”. წესით, მეორე გადამზიდი მე რომ ვყოფილიყავი, კომპანიების თანაბრობა იქნებოდა 2-2-ზე, მაგრამ რადგან მე რუსეთში ფრენაზე უარი განვაცხადე, 2-2-ზე აღარ გამოდის და საქართველოდან წარდგენილია მხოლოდ ერთი კომპანია, ამიტომ "აირზენამ” რუსულ კომპანიებს "ჭიდაობა” დაუწყო, რომ ბაზარზე არ შემოუშვას.

საბოლოოდ, ერთი სიხშირე მიეცა "აზიმუტს”, ერთი სიხშირე კი - "ირზენას” და მესამე სიხშირე სურდა "რედ ვინგს”, მაგრამ "ჯორჯიან ეარვეისმა” გააჩერა. "რედ ვინგს” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი ჰქონდა, მაგრამ "ჯორჯიან ეარვეისმა” დაბლოკა, ამიტომ ახლა რუსეთიდან დაფრინავს ერთი კომპანია - "აზიმუტი”, საქართველოდან კი - "ჯორჯიან ეარვეისი”. ეს არ ეხება ქუთაისის და ბათუმის მიმართულებას, მხოლოდ თბილისზეა. თავისთავად, ამ ორ ქალაქშიც პარიტეტია.

ბილეთების ფასები აწეულია. მგზავრებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ფრენა 200 ევროდან დაიწყეს და ახლა 400 ევროა. არადა, პარიზში და ევროპის სხვა ქვეყნებში 200 დოლარად შეიძლება გაფრინდეს ადამიანი.

კომპანიებს შეუძლიათ ბილეთები გააიაფონ და მგზავრთა ნაკადი გაიზარდოს, მაგრამ, ალბათ, "აზიმუტი” შეუთანხმა, გაურიგდა "აირზენას” და მუშაობენ ერთიანი ტარიფით. კი ბატონო, თვითმფრინავები შეიძლება იყოს ნახევრად ცარიელი, რადგან ბილეთები ძვირია და ამას ადგენს `აირზენა და არა ბაზარი”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კოდუამ.

მიმდინარე ეტაპზე არსებობს მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ბილეთები შესაძლოა, გაიაფდეს. ავიასფეროს სპეციალისტის იასე ზაუტაშვილის აზრით, გადაწყვეტილება დადებთად მხოლოდ რუსულ ავიაკომპანიაზე აისახა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ავიაციაში ე.წ. მაღალი სეზონია დაწყებული, მოთხოვნა იზრდება. მზგავრათა ნაკადი მატულობს და ტურისტული მიმართულებები უფრო მეტად დატვირთულია. შესაბამისად, რუსეთიდან იქნება თუ სხვა ქვეყნებიდან, ტურისტების შემოდინების მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. მით უმეტეს, რომ საუდის არაბეთის, ერაყისა და სხვა დიდმა ავიაკომპანიებმა ფრენები განაახლეს საქართველოში, რადგან ტურისტული სეზონი იწყება. ანალოგიურად, მგზავრთა ნაკადი მატება შეიმჩნევა რუსეთის მხრიდანაც, როგორც სახმელეთო გზით, ისე ავიამიმართულებით,

სურათი მივიღეთ ასეთი, რომ სანქცირებული ქვეყნის კომპანიებს დამატებითი ეკონომიკური შემოსავლის მიღების საშუალება მივეცით იმით, რომ საქართველოში პირდაპირი რეისების განხორციელება დაიწყეს.

რამდენიმე ხნის წინ მოვისმინეთ თავად `აირზენას” დამფუძნებლის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით კმაყოფილი არ არის რეისების აღდგენით, რადგან 40%-ზე მეტით რეისები არ იტვირთება. მგზავრა ნაკადის უმეტესობა (80%) არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ტურისტები, რომლებიც საქართველოში შემოდიან.

ეს ყველაფერი დადებითად მხოლოდ და მხოლოდ რუსულ კომპანიაზე აისახა. ეკონომიკურ სარგებელს იღებს სწორედ რუსული ავიაკომპანია. ქართული გადამზიდავი კი როგორც აქამდე იყო, ისევ ისე დარჩა”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაუტაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს შორის ავიაგადაადგილება რომ ძალიან ძვირია, ამაზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძეც და აცხადებს, რომ ბილეთების ფასი არასწორად გაითვალა.

„სამწუხაროდ, რუსი ტურისტების გამოჩენისთანავე, რიგ შემთხვევებში, ტარიფები გაიზარდა და ეს შეუსაბამოა. ასევე, რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ფასიც არასწორად გაითვალა. ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ. იქ, სადაც რუსეთიდან ფრენა ერთ ადამიანზე 400-500 დოლარია, მათთვის მისაღები ისევ სახმელეთო მგზავრობაა. გაუგონარი და წარმოუდგენელია ავიაკომპანიების ასეთი სიხარბე. თითქოსდა, საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევდნენ და, რეალურად, ამ სიხარბის გამო, პირიქით, მათ პრობლემებს უქმნიან“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×