
საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია. სიტუაცია ყოვედღიურად სულ უფრო იძაბება და გაურკვეველია საბოლოოდ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ არც პრეზიდენტი აპირებს უკან დახევას და არც "ქართული ოცნება”, რომლის საპარლამენტო გუნდმა სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტო სწრაფად დაძლია..
ეროვნულ ბანკში არსებული პრობლემა კანონპოექტს ეხება, რომლის მიხედვითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უნდა შეიქმნას. ახალი პოზიციის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ” მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგინა. თავდაპირველად ითქვა, რომ კანდიდატურა პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო და სალომე ზურაბიშვილი მას პარლამენტს წარუდგენდა, თუმცა პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და ხუციშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ასეთია მოკლე აღწერა იმ ვითარების, რომელიც სებ-ში კობა გვენატაძის წასვლის შემდეგ განვითარდა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ მესტვირიშვილს მთავრობასთან შეუთანხმებელ ქმედებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა არასწორი ეკონომიკური პროგნოზები გააკეთა.
„როცა ექსპერტები საუბრობენ, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს, მაგრამ ფაქტია, ფასების მატებაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს. ეს მთავრობას პასუხისმგებლობას სულაც არ ხსნის, ამიტომ საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული.
ნებისმიერ დაწესებულებაში, მით უმეტეს საკონსტიტუციო სტრუქტურაში უნდა იყოს ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს. საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ეს უნდა გამოირიცხოს. მაგალითები მოყვანილია, რომ პროგნოზი არასწორად გაკეთდა ერთხელ, ვალუტის კურსზე იყო გარკვეული გაუგებრობა. ისეთი თემებია, რაშიც მთავრობაც არის პასუხისმგებელი და მასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს”, - განაცხადა ვოლსკიმ.
მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია აქვთ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებსა თუ ეკონომისტებს. საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ და რამდენი კარდი დასსჭირდება და რომელ მათგანს რა როლი ექნება სებ-ის საქმიანობაში
"ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა და არ შეიძლება მთავრობის სტრუქტურებზე იყოს დამოკიდებული. სებ-ი თავად განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას და მთლიანად მაკროეკონომიკურ მდგომარეობას. ეროვნული ბანკი აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ობიექტური ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.
საკმაოდ დამაზიანებელი იქნება, თუ ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს ამ თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ მიდრეკილება ექნება, ამიტომ ნეიტრალური პიროვნება იქნება მიზანშეწონილი, როგორც ყველა ქვეყანაში.
შიდა სამზარეულოში რა და როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ, როგორ წესი, ყველა სტრუქტურაში იქმნება დამატებითი თანამდებობები, პოზიციები და ეს ტენდენცია მზარდი ხდება, რაც საერთოდ არ არის ეფექტიანი. ეროვნულ ბანკსაც იგივე სენი სჭირს, რადგან ვფიქრობ, რომ საშტატო რაოდენობის გაზრდამ, შესაძლოა, ხარისხზე ცუდად იმოქმედოს. წესით, ასეთი გადაწყვეტილება თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. მან უნდა განსაზღვროს რამდენი კარდი სჭირდება და რომელ მათგანს რა როლი ექნება სებ-ის საქმიანობაში”, - განუცხადა "რეზონანსს” ხომიზურაშვილმა.
ეროვნულ ბანკში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ვალუტო ფონდის კრიტიკა გავრცელდა, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი უსაფუძვლოს უწოდებს და დაუფარავად ამბობს, რომ სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს
"კანონში იცვლება ერთადერთი რამ - ეროვნულ ბანკში დამატებით ჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. სავალუტო ფონდი კი ამბობს, რომ ამ თანამდებობის შემოტანით საფრთხე ექმნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, თუმცა ამის დასამტკიცებლად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოჰყავს. ფინანსების თუ იურისპრუდენციის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ერთი თანამდებობის დამატება ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობას ვერანაირად დააკარგვინებს. მაშინ რა არის სავალუტო ფონდის ინტერესი და რატომ ითხოვს ის ასე აგრესიულად პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის არდამატებას? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია.
სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს. სალომე ზურაბიშვილსაც იმიტომ გააჩერებინეს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა პოზიციები არ დაკარგოს. ესაა მთელი არითმეტიკა, რომელიც კანონის კრიტიკისა და საბჭოს წევრების არწარდგენის უკან დგას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე სავალუტო ფონდის მიერ იმართება და მზადაა, ნებისმიერი მათი დავალება შეასრულოს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მესტვირიშვილი `ნაცმოძრაობის” ხელისუფლების სტაჟიანი კადრია, რომლის კარიერული აღმასვლა 2004 წლიდან იწყება, როდესაც ის სააკაშვილის ადმინისტრაციაში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ის 2009 წელს გახდა და როგორც ამბობენ, არაფორმალური სუბორდინაციით ვანო მერაბიშვილს ექვემდებარებოდა. მისი სტატუსიდან გამომდინარე, მესტვირიშვილი ვერ იტყვის უარს ვერც ერთი ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელმაც ქართული ეკონომიკის ზრდა შეიძლება შეაფერხოს ან ინფლაციის თუ დევალვაციის კუთხით ქვეყანას პრობლემები შეიძლება შეუქმნას. ამის ერთ-ერთი მაგალითია მესტვირიშვილის მიერ 2-3 კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებითაც მას მთავრობასთან ელემენტარული კონსულტაციებიც კი არ გაუვლია”, - აცხადებს ანდრია გვიდიანი, რომლის მოსაზრებასაც არაერთი ეკონომისტი იზიარებს.
სპეციალისტებისთვის გაუგებარია ახალი თანამდებობის შექმნას რატომ მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი. ეკონომისტის სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ სტრუქტურაში ერთი პოსტის დამატება, არ უნდა იწვევდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ "ჯვაროსნულ ლაშქრობას".
"საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომლის სტატუსს და მუშაობის ფორმატს განსაზღვრავს შესაბამისი ორგანული კანონი. ამ ფონზე მის სტრუქტურაში ერთი პოსტის დამატება, თუნდაც ეს იყოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, არ უნდა იწვევდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ "ჯვაროსნულ ლაშქრობას". უფრო მეტიც, ვინც აღნიშნული პოსტის შემოღებაში ხედავს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს, ვფიქრობ, ლატენტურად თავად განიხილავს ეროვნულ ბანკს როგორც არადამოუკიდებელ, მყიფე, ამორფული სტრუქტურის მქონე ინსტიტუტს და/ან სურს ასეთად იყოს/იხილოს იგი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ბანკში პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ხოლო ეროვნული ბანკი იყო, არის და იქნება ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის და ზოგადად, ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი და გარანტი," - დაწერა სოსო არჩვაძემ.
სალომე ზურაბიშვილის ვეტო და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკა გაუგებარია კიდევ ერთი ეკონომისტრისთვის. გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნაკლები კავშირი აქვს სებ-ის დამოუკიდებლობასთან.
"ქალბატონი პრეზიდენტის პოზიცია, რომლის თანახმადაც მან ეჭქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის არა პროფესიული ნიშნით, არამედ პოლიტიკურად დამოუკიდებლობის საკითხი, ცოტა არ იყოს გაუგებარი და ნაკლებად დამაჯერებელია.
საკითხავია, თავად როდესაც `ქართული ოცნება" მხარს უჭერდა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაშინ რა გარანტია ჰქონდა ვინმეს, რომ დამოუკიდებელი იქნებოდა მართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? და დღეს ხომ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი მართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? ეს სავალუტო ფონდის მისიასაც ეხება და ქართულ ოპოზიციასაც რადიკალურსაც და ნაკლებ რადიკალურსაც.
სსფ-ც ვერ იქნება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ამ ორგანიზაციის არაერთი პროგნოზიც მცდარი ყოფილა, თუნდაც 2008 წლის გლობალურ კრიზისთან მიმართებით, ამასთან, მათი რეკომენდაციებიც არაერთხელ ყოფილა კრიტიკის საგანი, თუმცა ობიექტურობისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის კუთხით, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიური შოკის შემდეგ პერიოდში მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
ამ ორგანიზაციას, რომ მეტად ფრთხილი და ზოგჯერ ზედმეტად კონსერვატიული მიდგომები ახასითებს, არ ახალი ამბავია, და ბოლო ორი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც მოწმობს, როდესაც ზრდის თავდაპირველი პერსპექტივა 3-4%-ით იყო შეფასებული.
პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამას ნამდვილად ნაკლები კავშირი აქვს სებ-ის დამოუკიდებლობასთან, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს, თუნდაც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზე, აქედანაც ჩანს, რომ ეს მაინც არის წმინდა პოლიტიკური საკითხი”, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
საბოლოოდ კი გუშინდელ სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს. კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა. მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ცხრა წევრმა. შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.
ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.