"უნდა ვეძებოთ კონკურენციის გზა, რომ უფრო იაფი ელექტროენერგია ყველასთვის ხელისაწვდომი გახდეს"
გვანცა წულაია
08.06.2023

მოსახლეობას კომუნალური გადასახდელები მინიმუმ წელიწად-ნახევარი არ გაუძვირდება, შემდეგ კი რა მოხდება, უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ  უკვე დიდი ხანია, გადასახადები სტაბილურადაა და როგორც ირკვევა, ასეც დარჩება რაღაც პერიოდით, რაც ნამდვილად დადებითია, მაგრამ ამავე დროს საინტერესოა, მთელი ამ დროის განმავლობაში ნუთუ არც ერთხელ არ ყოფილა იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფები შემცირებულიყო და მოსახლეობას ცოტაოდენი შვება ეგრძნო?

ბოლოს გადასახადებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას იკლო. მათი დაპირება რეალობად იქცა, თუმცა მაშინდელი ფასთა კორექტირება ერთადერთი შემთხვევაა, როცა მოსახლოებას კომუნალური გადასახდელები შეუმცირდა. მას შემდეგ ტარიფი გაძვირდა და ახლა სტაბილურია.

ეს სტაბილურობა შენარჩუნდება მინიმუმ 1-1.5 წლის მანძილზე. ასე ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიას, რომელსაც ქვეყანაში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების რეგულირება აკისრია.

„სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია უცვლელია. მინიმუმ, 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით. ბუნებრივ აირზე კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს დადგენილი“, - განაცხადა ნარმანიამ.

ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ტარიფების შემცირება არც ისე მარტივი საქმეა. ანზორ ჭითანავა აღნიშნავს, რომ კომუნალური გადასახადების ფასის სისტემატიურად კლება არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

„ტარიფების ცვალებადობა ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ გადასახადების ტენდენციურად შემცირების ფაქტები არ არსებობს, სხვადასხვა ქვეყნებში მოიპოვება ენერგომატარებლები და მათთან ტარიფები შეიძლება იყოს იაფი, მაგრამ ეს დამოკიდებულია მოპოვების ტექნოლოგიაზე, თვითღირებულებასა და ტრანსპორტიების გზაზე. აზერბაიჯანში, რუსეთში, ირანში ტარიფები მაღალი არ არის, თუმცა გადასახადების სისტემატურად შემცირების ფაქტები იქაც არ არის.

ხალხის მოტყუება და შეცდომაში შეყვანაა, ზოგიერთი ექსპერტის განცხადება, რომ ტარიფი სისტემატიურად უნდა მცირდებოდეს. თუ ბაზარზე ხდება ენერგომატარებლების გაიაფება, მყისიერი რეაგირება არ შეიძლება. გარკვეული ინტერვალია საჭირო, რომ დასტაბილურდეს, შემდეგ მისი პროგნოზირება იყოს ოპტიმისტური და ამ გზით შეიძლება ტარუფის შემცირების გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ტენდენციად არც ერთ ქვეყანაში არ ქცეულა

მაგალითად, ნორვეგიაში, ყველაზე მაღალი გადასახადებია, მაგრამ ტარიფების კლებისკენ მიმართული არც ერთი გაფიცვა ან გამოსვლა არ ყოფილა, რადგან იქ შემოსავლები მაღალია. კომუნალური გადასახადების წილი საერთო შემოსავლებში 49%-და 51%-მდე ადის და დანარჩენი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ თავიანთი პირველადი და პერსპექტიული მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. ამ გზას უნდა დავადგეთ. მთლიანი პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 7 ათასი კი არა 17-27 ათასი უნდა გვქონდეს და შემდეგ ტარიფთან დაკავშირებით მსგავსი საკითხი დაყენება არ მოხდება, ყველა გადაიხდის.

ამბობენ, რაც შეიძლება მეტი ჰესები ავაშენეთო, კი ბატონო, ავაშენოთ, მეტი წარმოება იქნება, მეტი პროდუქცია შეიქმნება, მეტი ხელფასები დაგვერიცხება, მაგრამ ელექტროენერგია არ გაიაფდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ანზორ ჭითანავამ.

ეკონომისტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ტარიფების დადგენა საბოლოოდ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადს კერძო კომპანია აწესებს.  სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე და ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა, ალერნატიული და კონკურენტული სისტემის შექმნა.

„ბუნებივი აირი იქნება, ელექტროენერგია, წყალი თუ დასუფთავება, ყველა კომპანია კერძოა, მაგრამ ისინი სინამდვილეში ასრულებენ მუნიციპალურ დაკვეთას და აქვთ მონოპოლია. ჩანაფიქრი არის ის, რომ ფასის დადგენა მოხდეს არა კომპანიის, არამედ სახელმწიფო ინსიტუტების მიერ. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, საბოლოო ჯამში, ტარიფები მაინც უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიიღება. ასეთი შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ეს არ არის საბაზრო სისტემის შედეგი, ანუ მოთხოვნა-მიწოდების, კონკურებციის და სხვა კრიტერიუმების შედეგი. ფასები პოლიტიკურია და არა საბაზრო.

რეალურად მონოპოლისტები გვყავს და ამ ბაზარზე დაშვება არ არის ისეთი თავისუფალი, როგორც სხვაგან. ჩვენ საბაზრო ფასზე წარმოდგენა არ გვაქვს, თუ როგორი იქნებოდა. იმისათვის, რომ ნაკლები ფასი იყოს, უფრო მეტი კონკურენცია უნდა გვქონდეს და რადგან კონკურენცია არ არსებობს, არ ვიცით რა იქნებოდა უკეთესი ტარიფი, 

ერთი რაც კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ევროპის კავშირის ინტეგრაციის ფონზე, ვალდებულება გვაქვს, რომ გაიზარდოს კონკურენცია, მაგალითად, ელექტროენერგიის ბაზარზე. შეიქმანს ერთიანი ბაზარი, მოხდეს ალტერნატიული მომწოდებლების ხელშეწყობა, იმ გაგებით, რომ მათ ჰქონდეთ ბაზარზე შესვლის საშუალება. ეს თუ ამოქმედდება, შეიძლება რაღაც კონკურენციის ელემენტი შემოვიდეს და ცენტრალიზებულად დაწესებული ფასის ნაცვლად, საბაზროსთან მიახლოებული ტარიფი მაინც დადგინდეს, რაც შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე ახლაა.

ახლანდელი ტარიფი კომპანიებს, რომლებიც დღეს არიან, აკმაყოფილებთ. თუ ფასი აკმაყოფილებთ, დენი გვაქვს და დეფიტიცი არ არის, ნიშნავს, რომ პოტენციურად შემცირების შესაძლებლობა არსებობს, თუკი იქნება კონკურენცია. ამიტომ ჩვენ უნდა ვეძებოთ კონკურენციის გზა, ხელისაწვდომი გახდეს უფრო იაფი დენი. ადმინისტრაციული წესით შემცირება არ ვიცით, ზუსტად შედეგს მოგვცემს თუ არა, რადგან შეიძლება ტარიფმა იკლოს, მაგრამ დეფიციტი შეიქმნას და შემდეგ ისევ გაიზარდოს.

საბოლოოდ, მე აქცენტს გავაკეთებდი იმაზე თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ალტერნატიული კონკურენტული სისტება და არა იმაზე, რომ ფასი პოლიტიკურად შემცირდეს, რადგან ასეთი ტარიფი შესაძლოა, მომწოდებლისთვის არ იყოს მისაღები და აღარ მოგვემსახუროს იმ ხარისხით, როგორც დღესაა“, - განუცხადა პაატა შეშელიძემ „რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×