გვანცა წულაია
07.06.2023

კობა გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის გარშემო აჟიოტაჟი არ ცხრება, საუბარია იმ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სებ-ში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა იყო დაპირება, რომ მთავრობის კანდიდატურას სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წარუდგენდა, მაგრამ პრეზიდენტი ასე არ მოიქცა. ახლა კი „ოცნება“ ამბობს, რომ ვეტო დაიძლევა და პარლამენტს კანონპროექტის მიღება მაინც მოუწევს. საინტერესოა, როგორ მოხდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ გავა თუ არა მთავრობის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოში?

 „ქართული ოცნების" მიერ თებერვალში შეტანილი კანონპროექტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესს განსაზღვრავდა. პირველადი ვერსიით, შემოჰქონდა სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომლის შედეგად სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების რიცხვი 4-მდე გაიზრდებოდა (ამჟამად სებ-ს 3 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს). ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში სებ-ის საბჭოში, რომელიც 9 წევრისგან შედგება, 5 წევრი აღმასრულებელი იქნებოდა (პრეზიდენტი და 4 ვიცე-პრეზიდენტი). შესაბამისად, არააღმასრულებელ წევრთა რიცხვი 4-მდე დაიკლებდა, რაც საბჭოს ბალანსს შეცვლიდა, რადგანაც მასში უმრავლესობა დამოუკიდებელ წევრებს უნდა ჰქონდეთ.

„ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში,გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს", - ეწერა პირვანდელ ვერსიაში.

პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო. მას მოჰყვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკაც. შენიშვნების მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტში არაერთი ცვლილება შეიტანეს და ახალი ვიცე-პრეზიდენტის დამატების ჩანაწერი კანონპროექტში დარჩა მხოლოდ დათქმული ვადით, რაც ამჟამად არსებულ მდგომარეობას ესადაგებოდა და მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე იმოქმედებდა. სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი, სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში შეესრულებინა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები.

საბოლოოდ, თუკი სებ-ში ახალი თანამდებობა გაჩნდებოდა, მის პოზიციაზე „ქართულმა ოცნებას“ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ხილვა სურდა. რადგანაც კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს, „ოცნებას“ სწორედ ზურაბიშვილთან ჰქონდა კონსულტაცია და პარტიაში ითქვა, რომ პრეზიდენტი მზად იყო ხუციშვილი წარედგინა საკანონმდებლო უწყებისთვის, თუმცა, როგორც გაირკვა, პრეზიდენტმა პირობა დაარღივა.

ამრიგად, „ოცნებაში“ ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაიძლევა და პარლამენტი კანონს მაინც მიიღებს.

„ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით ორი დღის წინ შედგა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არც ერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.

იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს“, - წერია მმართველი პარტიის განცხადებაში,

თავის მხრივ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, „რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით“.

საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები ფაჩნდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ვეტო დაიძლევა და კანონს პარლამენტი მიიღებს.

„იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა ეს კრიზისი მწვავდება და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს სიტუაცია განმუხტულიყო, მაგრამ ვითარება, პირიქით, დამძიმდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავძლიოთ ვეტო და მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს მუშაობა ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძის აზრით, ჯერ კიდევ არ არის გვიან პრეზიდენტმა წარმოადგინოს კანდიდატურები.

„კანონში იყო ბუნდოვანება, პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ვინ შეასრულებდა მის მოვალეობას. ამიტომ მივიღეთ ახალი კანონი. ხელმძღვანელი თუ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, მას ცვლის პირველი მოადგილე, თუ პირველი მოადგილეც ვერ ასრულებს, მაშინ საბჭოს წევრები დაავალებდნენ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს. ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადო ვეტო და ჩვენი კანონიდან ამოიღო პირველი ვიცე-პრეზიდენტი და დატოვა ეს მუხლი მარტო. ვეტოში წერია, რომ საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს.

ჩვენ რა საკითხებზეც არ უნდა ვიკამათოთ პოლიტიკურზე, რა დისკუსიაც არ უნდა გვქონდეს, ეს არ უნდა შეეხოს ისეთ ორგანოებს, როგორიც არის ეროვნული ბანკი. იქ ყველაფერი უნდა მიდიოდეს ისე, რომ რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ასეთი სტრუქტურის მუშაობას. ამიტომ, მე მოვუწოდებ მას, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და წარმოადგინოს კანდიდატურები," - განაცხადა კვიჟინაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის  აზრით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფლაციური პროცესებია და ვალუტის კურსია სამართავი, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით.

„ეროვნული ბანკი საგანგებო მნიშვნელობის საკონსტიტუციო ორგანოა. რასაკვირველია, იგი არ უნდა მუშაობდეს ბუნდოვანი კანონებით, რომელიც ადრე იყო მიღებული. საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის პირველი მოადგილე, ანუ ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, იქამდე სანამ პრეზიდენტი შეირჩევა. ამავე დროს არის კიდევ ორი ვაკანსია, რომელიც აუცილებლად უნდა შეივსოს და მათ შორის, ერთ-ერთი ლაშა ხუციშვილის კანდიდატი დასახელდა, რომლის მიმართ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არათუ პრეტენზია არ აქვს, საკმაოდ დადებითი განწყობა აქვს. როდესაც ქვეყანაში ინფლაცია და ვალუტის კურსია სამართავი, რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს იმას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების” დეპუტატია ირაკლი ზარქუას თქმით, მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს და „ეროვნულ ბანკს სალომეს საბოტაჟისგან იხსნის”.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადა ეწურება - მერე რა უნდა ვქნათ?! ქვეყანა რთულ რეგიონალურ სივრცეშია და კბილებით გვიჭირავს, რომ ინფლაცია არ გაიქცეს. იყო პრეზიდენტთან შეთანხმება, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს არ დავძლევდით და ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენდა. მან ესეც დაარღვია!“, - განაცხადა ზარქუამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, სებ-ი ყოველთვის იმუშავებს. საბანკო სფეროს ექსპერტს ლია ელიავას მიაჩნია, რომ პოლიტიკურ თამაშებს გადაყოლილი პრეზიდენტის კანდიდატურა ეროვნულ ბანკს ფუნქციობაში ხელს არ შეუშლის.

„ეს ამბავი სრულიად პოლიტიკურია. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, სებ-ი მუშაობს და იმუშავებს. არ აქვს მნიშვნელოვან როდის დამტკიცდება პრეზიდენტი. სებ-ი არ არის მარტო პრეზიდენტი, ეს არის მთლიანი სტრუქტურა, და პოლიტიკურ თამაშებს გადაყოლილი პრეზიდენტის კანდიდატურა სულაც არ შეუშლის ხელს ეროვნულ ბანკს მუშაობაში. დანარჩენები არკვიონ პოლიტიკოსებმა და მათმა ამბიციებმა“, - უთხრა „რეზონანსს“ ლია ელიავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×