2012 წელთან შედარებით დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 233 მლნ ლარს და თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი
გვანცა წულაია
07.06.2023

საქართველოს მთავრობის მიერ დევნილთა მიმართ დახმარება გრძელდება, არაერთი პროექტია ამუშავებული და მომავალშიც ძალაში შევა, რომელიც ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს დაეხმარება. მაგალითად, წელს 233 მლნ ლარია გამოყოფილი, თუმცა ყველა მხარე ადასტურებს, რომ მასშტაბებიდან გამომდინარე, პრობლემა 1 და 2 წელში ვერ გადაიჭრება.

საქართველოს დევნილთა არაერთი თაობა ჰყავს, მთავრობა კი მათი მხარდაჭერის მიმართულებით სხვადასხვა გზას მიმართავს - იქნება ეს ბინებით უზრუნველყოფა, თუ ფინანსური დახმარება. ამისთვის კი, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი გამოიყოფა და თანხა დევნილების პრობლემის გადაჭრას ხმარდება, მაგალითად წელს, 233 მლნ ლარია გათვალისწინებული.

პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

"თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ჩვენ დავიწყეთ უკვე მშენებლობა. ესაა 720 ბინის პროექტი, ჯამში, სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდება და მაქსიმუმ 2025 წლის ბოლოს დასრულდება. ესაა 70 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროექტი. იქაც 720 ოჯახს გადავცემთ ბინებს. ჯამში, ბოლო 10 წელიწადში, ჩვენ 31 000 ოჯახს გადავეცით ბინები, დავუკანონეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო საცხოვრებელი სახლი.

ჩვენ ასევე დავიწყეთ სოფლად სახლების გადაცემის პროგრამაც, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს ბინებს, აქედან 7 000 იქნება ბინა და 6 000 იქნება სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადასაცემი სახლი.

ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ სხვები გვედრებიან და შედარებისთვის რომ გავიხსენოთ, 2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო ჩვენი ძვირფასი დევნილებისთვის, შეადგენდა 25 მლნ ლარს. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 233 მლნ ლარს, თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი. ეს ფული, რა თქმა უნდა, ხმარდება სახლების მშენებლობას, მათ დახმარებას და ა.შ. ამით, გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას დევნილთა მიმართ. ესაა ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ხელისუფლებამ ღირსეული პირობები შეუქმნას დროებით დევნილობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რისიც მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დევნილების მხარდაჭერის მიმართულებით მთავრობის არჩეულ პოლიტიკას ექსპერტები დადებითად აფასებენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრედიზენტი გიორგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა კიდევ უფრო აქტიური იქნება, თუმცა პრობლემა 1-2 წელში ვერ გადაიჭრება.

„დევნილთა მიმართ პოლიტიკა დადებითია, ვიცით და ვნახეთ არაერთი პროექტი მათი ბინებით უზრუნველყოფის მიმართულებით და გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ დაწყებულია და მომავალშიც განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები. საკმაოდ ფაქიზი საკითხია და, რა თქმა უნდა, რაც უფრო მოკლე ვადაში გადაიჭრება, მით უკეთესია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რთულია, სახელმწიფომ 1-2 წელში პრობლემის სრულად მოგვარება შეძლოს.

დევნილების ბინებით უზრუნველყოფა ხდება, როგორც დედაქალაქში, ასევე სოფლად. რეგიონებშიც შენდება კორპუსები, სადაც ბინები გადაეცემას დევნილ მოქალაქეებს. იმედს ვიტოვებ და პრინციპში, დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო აქტიური იქნება სახელმწიფო პოლიტიკა. რამდენადაც მახსოვს, პანდემიის დროსაც არ გაჩერებულა პროექტები და ესეც დადებითი ფაქტია“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ ბიუჯეტის ზრდის კვალდაკვალ, პროგრამის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. 

ბუნებრივია, პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის, თუმცა ამისთვის სახელმწიფო ძალ-ღონეს არ იშურებს. სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილთა მიმართ სხვა პოლიტიკა უნდა ასრებობდეს.

„დევნილთა პირველი თაობა ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისს მიეკუთვნება და პრინციპში ისინი გეოგრაფიულ ადგილებთან, მხარეებთან, სადაც ჩასახლდნენ, ადაპტირებულები არიან. იმ დროისათვის დაბადებული თაობა სრულად შეგუებულია გარემოს, ჩართულნი არიან საზოგადოებრივ, სოციალურ, თუ სხვა ნებისმიერ მიმართულებაში.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებს, მათ მიმართ უფრო შეიძლება ღონისძიებების გატარება. ისინი აგვოსტოს ომიდან დაზარალებული პირები არიან და რუსეთი გამტყუნებულია საერთაშორისო ასპარეზზე. მას საქართველოს მხარის მიმართ გარკვეული ფინანსური  ვალდებულება აქვს და თუ რუსეთი ამ თანხას ოდესმე გადაიხდის, მართლაც უნდა მოხმარდეს აგვისტოს ომის  დევნილებს, გალის მუნიციპალიტეტში, სადაც იმ პერიოდში იქ ცხოვროდნენ და ასევე იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, სადაც საქართველოს იურისდიქცია ომამდე ვრცელდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილების მიმართ სხვა პოლიტიკა უნდა იყოს, ფინანსური, თუ სოციალური მიმართულებით“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა აროშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×