თავის დროზე, ლოგისტიკური ტარიფების ზრდის მომიზეზებით პროდუქცია წარმოუდგენლად გაძვირდა, ახლა კი ვითომც არაფერი მომხდარა, გაიაფებაზე არავინ ფიქრობს
ქეთო გოგოხია
06.06.2023

გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე მინიმალურ გავლენასაც ვერ ახდენს. გადაზიდვების ტარიფები თითქმის 90%-ით არის გაიაფებული, რაც ფასების კლების მთავარი მოტივატორი უნდა გამხდარიყო გამყარებულ ლარის კურსთან ერთად, მაგრამ სიტუაცია უცვლელია. საუბარი არ არის მხოლოდ სურსათზე, ყველა პროდუქციაზე ფასი, რომელიც კონტეინერებით გადაიზიდება - ტექნიკა, ავეჯი, ავტომობილები და სხვა, კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა.

ამ დროს ცნობილია, რომ საკონტეინერი გადაზიდვის საშუალო ინდექსი  88%-ით არის შემცირებული. ტრანსპორტირების ხარჯები მსოფლიოში იმდენად იკლებს, რომ ამ მხრივ გავლენას, როგორც გადამზიდავები აღნიშნავენ, ვერც თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება მოახდენს, რომლის მიხედვითაც,  ბოსფორისა და დარდანელის გავლით, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გადასვლისთვის დაკისრებული გადასახადის ოდენობა ცოტათი გაზარდა - ამჯერად 4.08 დოლარიდან 4.42 დოლარამდე.

,,ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი იაშვილის თქმით, გადასახადის მატებას დიდი გავლენა არ ექნება, რადგან ტრანსპორტირების ხარჯი მსოფლიოში მკვეთრად შემცირებულია.

,,ცალკე იმის შეფასება, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში გავლის გადასახადის ზრდამ, რთულია. არც მგონია, რომ მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეს ან ჩვენზე აისახოს იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტირების ხარჯები იკლებს. მაშინ სხვა სურათი იყო, პანდემიის ეფექტი, ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა და ამის გამო ჩინეთთან ვაჭრობაც კი შეწყდა”, - აღნიშნა იაშვილმა.

საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის გლობალური ინდექსი ამჟამად 1380 დოლარამდე ჩამოსული, როცა 2021 წლის პიკის დროს - 11 109 დოლარს უტოლდებოდა.

ამდენად, გადაზიდვების ღირებულების კლება წესით, ფასებზეც ადეკვატურად უნდა აისახოს, მაგრამ ამაზე რეალურად არავინ ფიქრობს და აზრდაც არ მოსდით. ბიზნესი კვლავ ზემოგებაზა და მოსახლეობის ძარცვაზეა ორიენტირებული და ამ მდგომარეობის შეცვლას არც მთავრობა ცდილობს.

სპეციალისტები კი სხვადასხვა გარემოებაზე საუბრობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვითარება უცვლელია, სანამ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომები არ იქნება. პირველ რიგში, მონოპოლიასთან ბრძოლით, რაც კონკურენციის სააგენტოს მთავარი დანიშნულებაა.

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი ,,რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ  მონოპოლიები ფასების კლებას ხელს უშლიან. ამიტომ არსებული ტენდენცია, სავარაუდოდ, არ შეიცვლება და მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც სიძვირე დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის.

,,ლოგისტიკა გაიაფდა, ინფლაციაც შემცირებულია, მაგრამ ფასები დაბლა არ იწევს. ზოგიერთ პროდუქციაზე აშკარაა ოლიგოპოლიური და მონოპოლიური კომპანიების გავლენები, რაც  უმეტესად განაპირობებს ფასის იგივე დონეზე დარჩენას ან ზრდას. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ბაზრების გავლენას განიცდის, მაგრამ  სინამდვილეში ასე არ არის.

იმპორტი მკვეთრად არის გაიაფებული, მაგრამ რომელი პროდუქტია, რომლის ფასის კლება მომხმარებელმა იგრძნო? პრაქტიკულად, არც ერთი! როცა ტრანსპორტირების ხარჯი ამ დონეზეა შემცირებული, ლოგიკურია, რომ პროდუქცია იაფდებოდეს. თუ იქნება კონკურენცია, თავისუფალი შესვლა დარგში და თავისუფალი ბაზარი, ჩვენ მივიღებთ კონკურენტულ ფასებს. არც შეიცვლება სიტუაცია, სანამ  ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტოს მხრიდან საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი და გამოვლენილი მონოპოლიური სქემები“, - განუცხადა გერლიანმა ,,რეზონანსს“.

რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, მისი თქმით, სახელმწიფო ბევრს ვერაფერს იზამს გარდა იმისა, რომ  ხელი  შეუწყოს კონკურენციას და ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ, ბიუროკრატიული ბარიერებია. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ასეთი მაღალი ფასები, როგორიც საქართველოშია, არსად მთელ მსოფლიოში არ ფიქსირდება, მით უმეტეს, რეგიონში.

,,ლოგისტიკის არნახული გაიაფებაა და ეს უკვე მყარი საფუძველია, რომ პროდუქციის ღირებულება შემცირდეს, რასაც რეალურად ვერ ვატყობთ, არც ერთი მიმართულებით ცვლილება არ გვაქვს. სხვადასხვა მიზეზთან ერთად, როგორიცაა ოლიგოპოლია, ინფლაცია და სხვა, ერთ-ერთი ფაქტორია ბიუროკრატია. რიგი საქონელი საკმაოდ მაღალი ღირებულებით აღწევს ქართულ ბაზრამდე.

ბევრი ისეთი საკითხია, რის შეცვლაც რეალურად შესაძლებელია, თუკი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვექნება. გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია აქაც უნდა აისახებოდეს, მაგრამ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების კარტელური გარიგებების შედეგად ყველა ზარალდება - ქვეყანაც და ხალხიც.   გადაზიდვების გაიაფება პირდაპირ სიგნალია, რომ მომხმარებელს საქონელი გაუიაფდეს და შეღავათი იგრძნოს. ამაზე რეაგირება აუცილებელია “, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჯანიაშვილმა.

ცხადია, ბიზნესს არ ელევა მიზეზები, რომ მაღალი ფასები გაამართლოს, თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისიც, როცა ამბობენ, რომ გადაზიდვების გაიაფება ფასების კლების შესაძლებლობას იძლევა. ასეთია ძვირადღირებული ავეჯის სეგმენტი, სადაც  ცვლილება შეიმჩნევა. ,,ეშლი ჰოუმსთორის" გენერალური მენეჯერის გიორგი დაბრუნდაშვილის თქმით, ავეჯის ღირებულება დაახლოებით 15%-ის ფარგლებში შეამცირეს, რაც ლარის კურსისა და ლოგისტიკაში მიმდინარე ცვლილების საფუძველზე მიიღეს.

„საკონტეინერო გადაზიდვებში ფასების კლების ტენდენცია ბოლო პერიოდში არ შეცვლილა, რაც გვაფიქრებს, რომ საფასო პოლიტიკისნ გადახედვა შესაძლებელია.  უშუალოდ ლოგისტიკის ხარჯის შემცირების გამო წელს ავეჯი 10-15%-ით გავაიაფეთ.  ,,ეშლი" მაღალბიუჯეტური საერთაშორისო მაღაზიაა და ამაზე მეტად ფასებს ვერ დავწევთ. სხვათა შორის, როცა 10%-ით ვზრდიდი ფასს გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე, ჩვენი კონკურენტები ავეჯს 30-40%-ით აძვირებდნენ. ახლა პირიქით ხდება, ფასი იკლებს, რაც საბოლოოდ მოთხოვნაზეც აისახება", - განაცხადა დაბრუნდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გადაზუდვების გაძვირების ტენდენცია დაიწყო პანდემიურ პერიოდში. შემდეგში ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა თავდაპირველმა შოკმა, თუმცა თანდათან მდგომარეობა დასტაბილურდა და ახლა ვითარება კარდინალურად შეცვლილია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×