საკურორტო ზონებში სტუმრების ჩასვლას ხელს, ძირითდად, უამინდობა უშლის
თიკა სიბოშვილი
06.06.2023

ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა. ბოლო დროს საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია და ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, არის ვარაუდი, რომ წლევანდელი სეზონი გაცილებით დატვირთული იქნება. საკურორტო ზონებში მდებარე სასტუმროებისა და გესთ-ჰაუსის მფლობელები დიდი გეგმებით ხვდებიან გახსნილად გამოცხადებულ ზაფხულის სეზონს.

საქართველო ხტუმრები არატურისტულ პერიოდშიც არ აკლია და ახლა, როცა ზაფხული დაიწყო, ქვეყანაში სტუმრების ნაკადი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მდგომარეობაზე ასევე იმოქმედებს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა.

„რეზონანსი“ დაინტერესდა რა მგომარეობაა საქართველოს საზღვაო კურორტებზე, როგორი ტენდენცია იკვეთება ამ ეტაპისთვის და როგორი მოლოდინი აქვთ სასტუმროებისა და გესთ-ჰაუსის მფლობელებს.

როგორც ბათუმში მდებარე, „ორბი სითიში“ არსებული აპარტამენტის მფლობელმა  აღნიშნა, დიდი აქტივობა ამ ეტაპისთვის არ არის, თუმცა მოლოდინი აქედანვე პოზიტიურია.

„აპარტამენტი ზაფხულის სეზონზე სულ გადტვირთული მაქვს ხოლმე. დამსვენებლები ჯავშნებს წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე აკეთებენ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ შემიძლია იმის თქმა, რომ განსაკუთრებული ინტერესია, რადგან ჯერჯერობით ჯავშნებიც ნაკლებია. დაველოდები მოვლენების განვითარებას, რადგან ვვარაუდობ, რომ ეს წელიც ისეთივე წარმატებული იქნება როგორც წინა წლები“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას აპარტამენტის მფლობელმა.

წარმატებულ სეზონის იმედი აქვს ქობულეთში მდებარე გესთ-ჰაუსის მფლობელს მარიკო ბაჯელიძეს, თუმცა გამორჩეულ ტურისტულ აქტივობაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც უჭირს.

„სეზონი ახლა დაიწყო. გესთ ჰაუსი მუშაობის განახლებას ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს. ამ ეტაპისთვის განსაკუთრებით ბევრი ჯავშანი არ მაქვს და არც ველოდებოდი, რადგან ამ პერიოდში ისედაც არ არის ხოლე დიდი მოთხოვნა, თუმცა სამომავლოდ ველოდები, რომ სეზონი სრული დატვირთვით ჩაივლის, რადგან ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადი სულ უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად ეს სასტუმროებზეც უნდა აისახოს“, - აღნიშნა ბაჯელიძემ „რეზონანსთა“ საუბრისას.

უცხოელი ტურისტები ჯავშნებს, ძირითადად, წინასწარ აკეთებენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა დამსვენებლები ჯერჯერობით არ ჩქარობენ. როგორც „ლამაზი ვილა ჩაქვის“ მენეჯერმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის აჭარაში სახარბიელო ამინდი არ არის, რაც ტურისტებზე მოქმედებს, თუმცა მას მოლოდინი საკმაოდ კარგი აქვს.

„შარშან ამ დროს, უფრო მეტი ჯავშნები მქონდა, ვიდრე წელს. მართალია საშუალოზე ცოტა მეტი მოთხოვნა არის, თუმცა პასიურობას უამინდობას ვაბრალებ, რადგან შარშან ამ პერიოდში მზიანი ამინდი იყო და შესაბამისად, აქტიურობაც - უფრო მაღალი. ყოველ წელს მოლოდინი საკმაოდ კარგი მაქვს ხოლმე და ასევეა წლევანდელი წელიც, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ სეზონი წარმატებით დაიწყება და დასრულდება“, - აღნიშნა მენეჯერმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველო ტურისტული აქტურობით ისევ გამორჩეული იქნება, ამან შესაძლოა, სხვადასხვა მნიშვნელოვან გარემოებაზე იმოქმედოს უარყოფითად. მაგალითად, გაძვირდეს სასტუმროები, კაფე-რესტორნებში კი მოიმატოს საკვების ღირებულებამ, თუმცა ასეთი ტენდენცია ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.

დარგის ექსპერტის, მანანა ალადაშვილის შეფასებით, მაღალი აქტივობა უკვე შესამჩნევია და რთულია თავისუფალი სასტუმროების მოძებნა. არსებული გარემოებები იძლევა იმის თქმის  საშუალებს, რომ სეზონი სრული დატვირთვით ჩაივლის.

„ჩვენ თუ შევაფასებთ იმ მდგომარეობას, რაც ამჟამად ქართულ ტურისტულ ბაზარზეა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტუაცია საკმაოდ კარგია, აქტივობა კი საგრძნობლად გაზრდილია. ქვეყანაში ბევრი ტურისტია, ძირითადად, ესენი არიან ირანელები, ტაილანდელები და რუსები.

უკვე ძალიან რთულია თავისუფალი სასტუმროს მოძებნა. თითქმის სექტემბრის შუა რიცხვებამდე სასტუმროები დატვირთულია. არსებულ მაღალ აქტივობაზე, შიდა ტურიზმიც მოქმედებს, რადგან შაბათ-კვირას დასასვენებელი სივრცეები გადატვირთულია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოლოდინიც საკმაოდ კარგია“, - აღნიშნა ალადაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირვევა 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად, მომატებულია ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ავიამიმოსვლის რაოდენობა 360 სიხშირეს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 42%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებლია.

წელს აჭარა 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმრების მისაღებად რეგიონი მზადაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×