ირაკლი ღარიბაშვილი: "ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს"
ქეთო გოგოხია
05.06.2023

ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვვნელოვანი გარღვევა და თითქმის ყველა პარამეტრის გაუმჯობესება შეძლო, რაც რეგიონში მიმდინარე ომისა და დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით შესამჩნევია. გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, ექსპორტი და  ბიზნესის ბრუნვა, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა - ყველა ამ პარამეტრით საქართველოს ეკონომიკამ წარმატება განიცადა და მისი შენარჩუნება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეკონომიკაში  რამდენიმე ისეთი ფაქტორია, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში ძალიან პოზიტიურია. აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რისი მთავარი განმაპირობებელი მშვიდობა და ის სწორი პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

„აპრილში ჩვენ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელია. აპრილის თვეში ექსპორტის მოცულობა 20%-ით გაიზარდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მატებამ ამ წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება სამშენებლო სექტორში, სადაზღვევო-საფინანსო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში. ზოგადად, დინამიკა ძალიან პოზიტიურია და ამას შენარჩუნება სჭირდება. მოგეხსენებათ, ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს და ასევე სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით გააქტიურებულია. წლის პირველ კვარტალი ბიზნეს სექტორის ბრუნვა 15%-ით გაიზარდა. დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი, პირიქით, ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული.

„სამუშაო ადგილების რაოდენობა პირველ კვარტალში გაიზარდა. 42 ათასით მეტი სამუშაო ადგილი პირველ კვარტალში შეიქმნა და 716 ათასი შეადგინა. რაც პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 2020 წელს პირველი კვარტალის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვქონდა, მაშინ პანდემიის ეფექტი ჯერ კიდევ ასახული არ იყო და 31 ათასი იყო, ეს იმ დროს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა. ახლა კი პირველ კვარტალში 42 000-იანი მატება გვაქვს დასაქმების მიმართულებით.

უმუშევრობის დონე 2010 წელს 27% იყო, ახლა კი 17%-ზეა ჩამოსული. 10 წელიწადში ამხელა პროგრესია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მიღწევებზე საუბრობენ სპეცციალისტებიც. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით,  განათლების,  დასვენება-რეკრეაციის სფეროში ბრუნვაც  გაიზარდა და დაინტერესებაც:

"რაც შეეხება მიღწევებს,  მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ხაზი განვითარდა. განათლების,  დასვენება-რეკრეაციის სფეროში გამოშვებაც და ბრუნვაც  გაიზარდა, შედარებით შემცირდა ჯანდაცვის სფერო და  გადამამუშავებელი მრეწველობა. ჯანდაცვა გასაგებია, ვინაიდან პანდემიამ გადაიარა და მაღალი ხარჯის გაწევა არ არის საჭირო, თუმცა მრეწველობაში გარკვეული შეფერხება შეინიშნება, რასაც ყურადღება სჭირდება", - აღნიშნა არჩვაძემ.

რეგიონში არსებული რთული მოვლენების ფონზე საქართველოს მიღწევებს დადებითად აფასებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. მისი აზრით, შექმნილ სიტუაციაში საქართველო განსაკუთრებოთ ხელსაყრელი ხდება დანარჩენი მსოფლიოსთვის, რაც  მშვიდობიანი პოლიტიკური კურსით არის განპირობებული.

,,ეკონომიკაში დადებითი ფაქტორის განმაპირობებელ გარემოებებს  შორისაა ქვეყნის პოლიტიკური კურსი, რომ ის მშვიდობის გზას ირჩევს, რაც მსოფლიოსთვის  დადებითი სიგნალია. სტაბილურობის მანიშნებელია, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. ამ მხრივ  მთავრობამ შეძლო მოეგვარებინა ყველა დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაზეც მუშაობა მომავალშიც არის გასააქტიურებელი, რომ  ეს სიკეთე მასებამდე მივიდეს და შეღავათი ყველამ იგრძნოს. ამას მომავალი კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა აკადემიკოსმა და დასძინა, რომ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, ვინაიდან  მწარმოებლური დარგები ქმნიან სამუშაო ადგილებს, რა მხრივაც ასევე გაუმჯობესება შეიმჩნევა.

,,წარმოებაში გარკვეული ზრდა გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო. დასაქმების ზრდა ეროვნული მრწეველობის განვითარებით უნდა მოხდეს, რაც გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. მთლიანობაში, ეკონომიკა კარგ  შედეგს აჩვენებს. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა არ დაუშვებს შეცდომას, რაც პოზიტიური მოცემულობიდან გადახრას გამოიწვევს, არც გვაქვს ამის უფლება, მდგომარეობა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ", - დასძინა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მთავრობის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 8 811 პირი სოციალურად დაუცველია. კერძოდ, 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, 3 815 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება 609 მსუველმა აირჩია.

გარდა ამიას, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 2 716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×