ბანკებში ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების დოლარში გადატანა დაიწყო
ქეთო გოგოხია
01.06.2023

დეპოზიტების დოლარიდან ლარში გადატანის ტენდენცია იცვლება. ამ მხრივ ბოლო პერიოდდში მიმდინარე სავალუტო რყევებმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა. შესაბამისად, ლარის მიმართ ნდობა შესუსტდა, რაც საბოლოოდ დეპოზიტებზეც აისახა. აპრილში ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაზრდილი იყო, მაგრამ მაისში ვითარება, სავარაუდოდ, საპირისპიროა. წინა თვის ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საბანკო ასოციაციაში ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით უკვე დეპოზიტების გადოლარების ტენდენცია მიმდინარეობს.

საფრთხე კი ნამდვილად იკვეთება, ბოლო პერიოდამდე ლარი 2,47-იან ნიშნულამდე იყო გამყარებული და მოულოდნელად ყველაფერი თავდაყირა დადგა. მოკლე მონაკვეთში მისი 2,64-მდე დაცემა ნდობის ფაქტორზე უარყოფითად იმოქმედებს და დეპოზიტების გალარების დადებით ტენდენციას შეარყევს, რაზეც საუბრობენ კიდევაც.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, კურსი თუ არ დასტაბილურდება, უახლოეს პერიოდში დიდი ალბათობით, დეპოზიტებს უცხოურ ვალუტაში ფადაიტანენ, რისი ტენდენციაც უკვე შეიმჩნევა.

,,ლარის ანაბრებზე ზრდის ნიშნები არ არის ისეთი, როგორიც წინა პერიოდში იყო. ჯერჯერობიოთ საბანკო დეპოზიტების მასობრივი  გადოლარება არ მიმდინარეობს, თუმცა კურსი თუ არ დასტაბილურდა, შესაძლებელია გარკვეული ნაწილი  დოლარში მალევე გადაიტანონ. ჯერჯერობით ამის ნიშნები ნკაფიოოდ გამოხატული არ არის. უფრო ნათელი სურათი გვექნება უახლოეს პერიოდში, როცა გვეცოდინება მაისის სადეპოზიტო სტატისტიკა.

იმედი მაქვს, ივნისში ლარის კურსი დასტაბილურდება და ეროვნული ვალუტის დეპოზიტებისადმი ინტერესი ისევ გაიზრდება. ძირითადად ლარში დეპოზიტების ზრდას, კურსის სტაბილურობასთან ერთად, ხელს უწყობს მაღალი საპროცენტო განაკვეთები ერვნული ვალუტის ანაბრებზე, რაც პირდაპირ მოტივატორია, რომ დანაზოგები ქართულ ვალუტაში განთავსდეს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ თუნდაც ბოლო პერიოდის რყევები საშუალოვადიან დეპოზიტებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ძნელაძემ.

მისი ვარაუდით, სავალუტო რყევები დიდხანს არ გაგრძელდეს და ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულში ლარის გაუფასურება მოულოდნელი იყო.

,,დაახლოებით იმ დიაპაზონში რა პერიოდშის ლარი მერყეობს, ველოდით  გაუფასურებას, მაგრამ უფრო ზაფხულის შემდეგ. როგორც ჩანს, ეს პროცესი დაჩქარდა. ზოგადად კურსზე ბევრი გარემოება მოქმედებს,  მათ შორის, რეგიონში მდგომარეობა და ასევე მიგრაციიდან გამოწვეული გაურკვევლობები. ჩემი აზრით, არც ერთ შემთხვევადში, წლის ბოლომდე ლარი 2,70-2,75-ზე მეტად არ უნდა გაუფასურდეს", - დასძინა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

დოლარში დანაზოგების გადატანის ტენდენციასა და ლარის მიმართ ნდობის შესუსტებაზე ისაუბრა საბანკო სფეროს სპეციალისტმა ლია ელიავამაც.

,,როდესაც ლარი არასტაბილურია, მოსახლეობა ყოველთვის გარბის უცხოური ვალუტისკენ, ეს ბუნებრივია. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძალისხმევა, რომ მოახდინოს დედოლარიზაცია, ფაქტობრივად, უშედეგოა. მოსახლეობა მაინც ამჯობინებს, რომ დაგროვების საშუალებად გამოიყენიოს დოლარი ან ევრო, ვიდრე ადგილობრივი ლარი.

ეკონომიკას ასეთი სავალუტო რყევები დიდ პრობლემას უქმნის არა მარტო კომერციულ ბანკებში დეპოზიტების კუთხით, არამედ ფასების ზრდის მხრივაც.  წარმოიდგიენთ, როცა ლარის ბოლო ვარდნა  მოხდა, ფასმა აიწია, შემდეგში ლარი გამყარდა, მაგრამ გაძვირებული პროდუქციის გაიაფება არ მომხდარა. დიდი ალბათობით, ისევ გაიზრდება ფასი, ახლა უკვე ამჟამინდელი რყევების მომიზეზებით. ეს ანგრევს ეკონომიკას და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე ცუდად მოქმედებს, ყველანაირად გვაზარალებს", - განაცხადა ლია ელიავამ ,,რეზონანსთან".

მისი ვარაუდით, ივნისშიც გაგრძელდება ლარის გაუფასურების პროცესი, თუმცა უფრო ნელი ტემით, ვიდრე დღესდღეობითაა.

,,არის ბევრი ქვეყანა, სადაც ადგილობრივი ვალუტა უკავია სახელმწიფოს და გაუფასურების საშუალებას არ აძლევს. მაგალითად, იორდანიაში ადგილობრივი დინარი არის სტაბილურად მყარი  დოლარის მიმართ, ანუ 1 დინარი არის 70 ცენტი და მორჩა! ეს ნიშნული უკავია მას წლების განმავლობაში, კურსის სტაბილურობა განაპირობებს ეკონომიკის კეთილდღეობას და სამომავლო დაგეგმვის შესაძლებლობასაც.

ბიზნესმა იცის, რა გააკეთოს მომავალში, რომ  წაგებაში არ აღმოჩნდეს და შემოსავლები არ შეუმცირდეს. საქართველოში კი კურსის პროგნოზირება შეუძლებალია, თუმცა საერთაშორისო ტენდენციიდან გამომდინარე, ბევრი ქვეყანა ცდილობს საერთაშორისო ვაჭრობიდან ამოაგდოს დოლარი და გადავიდეს ადგილობრივ ვალუტებზე.

რაც შეეხება ლარს,  ჩემი ვარაუდიოთ, ივნისში კურსი გააგრძელებს ვარდნას, მაგრამ შედარებით  ნელი ტემპით. როცა ფასები აიწევს, ვარდნა გაჩერდება და ოდნავ გამყარდება, რაც ციკლური ხასიათის პროცესია. სწორედ ამის გამო, მოსახლეობა უნდობლად არის განწყობილი. ლარი გადახდის ერთადერთი საშუალებაა კანონმდებლობით, მაგრამ ეკონომიკის რუხი სექტორი ანგარიშსწორებას მაინც დოლარში ეწევა.

ლარისადმი ნდობა სებ-მა ვერაფრით გააძლიერა. ნდობის პირველი მაჩვენებელი დანაზოგია, როგორც დაგროვების საშუალება, ლარი არაპოპულარულია, ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რეალობა ამგვარია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელიავამ.  

ცნობისთვის, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული  მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობამ 7 329 845 000 ლარი შეადგინა, რაც მარტთან შედარებით 4%-იანი, ხოლო წინა წლის აპრილთან შედარებით 38%-იან ზრდაა.

რაც შეეხება ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, რომელიც 2023 წლის აპრილის მაჩვენებლებით 4 136 665 000 ლარს შეადგენდა, თვიურ ჭრილში 5%-იან მატებაა, ხოლო წლიურ ჭრილში - 30%-იანი.

მაისის სტატისტიკა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×