ბოლო პერიოდში ბიზნესმენის პოზიციამ და საქმიანობამ საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა
ქეთო გოგოხია
22.05.2023

რუსეთში გაზიანი სასმელების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ამ ერთ შეხედვით ჩვეულებრივ სტატისტიკაში უჩვეულო არის ის ფაქტი, რომ რუსეთის ბაზარზე პოზიციებს იუმჯობესებს ისეთი კომპანია, რომელიც ფულს შოულობს რუსეთში, რითაც გულმხურვალე მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციას და ამ დროს მმართველ პარტიას პრორუსულობაში სდებს ბრალს. საუბარია  „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელზე თემურ ჭყონიაზე, რომლის საქმიანობა ბოლო პერიოდში ექსპერტულ წრეებში საკმაოდ კრიტიკულად ფასდება.

საქართველოდან გაზიანი სამელები რუსეთში დიდ ოდენობით იგზავნება და ლამის რეკორდს ხსნის. 2023 წლის 4 თვეში რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან 226 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტი იყო. მათ შორის 273%-ით გაიზარდა საქართველოდან დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელების ექსპორტი რუსეთში. თუკი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 6.2 მილიონ დოლარს (9.5 ათას ტონას) შეადგენდა, წელს ის 17 მილიონ დოლარამდე (23 ათას ტონამდე) გაიზარდა.

ექსპორტის ასეთ ზრდას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იწვევს, რადგანაც ქვეყანა უკვე დატოვეს ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა "კოკა-კოლა" და "პეპსი". ბაზარზე არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, რუსეთმა პირდაპირი და პარალელური იმპორტით დაიწყო შაქრიანი სასმელების იმპორტი, მათ შორის რეალიზაცია გაეზარდათ ქართველ მწარმოებლებსაც, რომელთა საქონელიც რუსეთში გაზრდილი რაოდენობებით გადის.

უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ზრდა არ უკვირს ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძეს, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ რუსეთში მიღებული მაღალი მოგების შემდეგ მთავრობის პრორუსულობაში დადანაშაულება არასწორი პოზიციაა და კონკრეტული ბიზნესმენის მიმართ ბევრ კითხვას იწვევს.

,,სხვათა შორის, როცა რუსეთის ბაზარი დატოვეს ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა, როგორიცაა სურსათის, ტანსაცმლის, მაღალი მოდის ბრენდები და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის ,,მაკდონალდსი", ისმოდა კრიტიკა იმ კომპანიების მიმართ, რომლების სანქციების მიმართ ფეხს ითრევდნენ. მესმის, დიდი ხარჯი ჰქონდათ გაწეული და ბაზრის დატოვება ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის, თუმცა ,,კოკა-კოლას" მაგალითს ცოტა სხვა კუთხით შევხედავ.

ყველა ქმედებით თემურ ჭყონიას საქმიანობა ამტკიცებს, რომ სიტყვით არის პროდასავლური, მაგრამ ამ დროს ფულს რუსეთში შოულობს, რაც ორმაგი სტანდარტის პრობლემა. გასაგებია, ქართული ღვინოც იყიდება რუსეთში და არაერთი ცნობილი ბრენდი ექსპორტს ახორციელებს, მაგრამ მათ მიმართ პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ჭყონიას შემთხვევაში, არათუ ბაზრიდან გამოსვლაზეა საუბარი, არამედ სარეკორდო მოგებაზე, რითაც შემდეგში აფინანსებს ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციას, აკრიტიკებს ხელისუფლებას, რუსეთის ინტერესების გამტარს უწოდებს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, უბრალოდ, ეს პოზიციაა მიუღებელი", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ჭყონიას მკაცრ კრიტიკას იწვევს ბავშვების შიმშილობასთან დაკავშირებით მისი განცხადება, განსაკუთრებთ მაშინ, როცა თავისუფლად შეეძლო სოციალური ფონდის შექმნით ან სხვა ღონისძიებებით გაჭირვებულ ოჯახებს დახმარებოდა.

,,როცა ფულს  შოულობ ისეთ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აგრესორად არის აღიარებული, მერე აქ მორალს უკითხავ ოპონენტებს, უხერხულია. ვთვლი, რომ ასეთი მოგების მქონე კომპანიას თავისუფლად შეეძლო შეექმნა რამე საქველმოქმედოს ფონდის დაარსება, რომლის ფარგლებშიც  მოწყვლად ჯგუფს დააფინანსებდა, მაგრამ სხვა გზა აირჩია. სიღარიბე დღეს იმის ხარჯზე მცირდება, რომ სახელმწიფო პროგრამებია ჩართული.

ამდენად ,,კოკა-კოლას" შეუძლია ჰქონდეს რუსეთში ბიზნესი, მაგრამ თუ პრინციპებზეა საუბარი, სწორედ რომ პრინციპულად მიუღებელია მისი პოზიცია, რაც აქვს მმართველ პარტიასთან დაკავშირებით. კარგად ჩანს, ვინ ატარებს რუსულ ინტერესებს! თავისუფლად აქვთ შესაძლებლობა, დაეხმარონ გაჭირვებულებს, იმასაც არ აკეთებენ - ან პატრიოტიზმი სად არის, ან ქართული  საქმე", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ანალოგიური პოზიციისაა ექსპერტი ამირან სალუქვაძე, რომლის თქმითაც, რუსული რუბლით ოპოზიციის დაფინანასება და მთავრობის პრორუსულობაში დადანაშაულება ბიზნესმენის მხრიდან არასამართლიანი პოზიციაა.

,,ბიზნესში როცა ხარ, სჯობს, პოლიტიკას დაანებო თავი და ბიზნესს მიხედო! ნამდვილად არ მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ბიზნესი ერთ პარტიას დააფინანსებს, მაგრამ არის სხვა ფაქტორიც. ჭყონიას შეუძლია ოპოზიციურად ,,პროდასავლურ" ოპოზციციას აფინანსებდეს. სხვა ბიზნესმენებიც არიან, აფინანსებენ ტელევიზიებს, პარტიებს და ეს ნორმალურია, მაგრამ პოლიტიკაში არ შემოდიან. მით უმეტსე იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც  ფულს შოულობენ. ამ დროს სხვას აბრალებს პრორუსულობას. ცხადია, ეს პრობლემაა და აქ პოლიტიკურ გემოვნებაზე არ არის საუბარი", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ამირან სალუქვაძემ.

მთლიანობაში, 2023 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან 31.2 მილიონი დოლარის ღირებულების დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 89%-ით არის გაზრდილი.

გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ასე ნაწილდება:

1) რუსეთის ფედერაცია - 17 მილიონი დოლარი, 23 ათასი ტონა;

2) ყაზახეთი - 3.7 მილიონი დოლარი, 5.6 ათასი ტონა; 

3) სომხეთი - 3.6 მილიონი დოლარი, 4.5 ათასი ტონა;

4) აზერბაიჯანი - 3.4 მილიონი დოლარი, 5 ათასი ტონა;

5) ისრაელი - 0.8 მილიონი დოლარი, 1.1 ათასი ტონა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×