2022 წელს დაახლოებით 85 მლნ დოლარის ენერგია გავყიდეთ და დაახლოებით 43 მლნ დოლარის დენი ვიყიდეთ
გვანცა წულაია
22.05.2023

საქართველოს ენერგეტიკაში დიდი ცვლილებებია. გაზაფხულის პერიოდში, ქვეყანამ ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის გაანულა, ხოლო ექსპორტი ბოლო წლების პიკზეა. სტატისტიკის მიხედვით საქართველომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა დაიწყო, თუმცა განვითარებასთან ერთად მეტი ელექტროენერგია იქნება საჭირო, ამიტომ აუცილებელია, რომ ექსპლუატაციაში სერიოზული სიმძლავრის ობიექტი ჩაეშვას.

წვიამიანობის პერიოდში, ჰიდროელექტროსადგურები დიდი ოდენობით ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რისი გათვალისწინებითაც, ქვეყანამ იმპორტის მოცმულობა მკვეთრად შეამცირა, ხოლო ექსპორტი გაზარდა. აღსაღნიშნავსია, რომ მაჩვენებელები წლიდან-წლამდე უმჯობესდება არა მხოლოდ გაზაფხულის პერიოდში, არამედ, ზამთრის მძიმე თვეებშიც კი.

მაგალითისთვის, საქართველოდან ელექტროენერგიის ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის აპრილშიც და 12.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 2,320-ჯერ აღემატება. 2022 წლის აპრილში ქვეყნიდან მხოლოდ 5.26 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი მოხერხდა განხორციელდა.

პარალელურად მცირდება ელექტროენერგიის იმპორტი და 2023 წლის აპრილში მინიმალურთან მიახლოებულ 4.26 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, 4.3 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

2023 წლის პირველ 4 თვეში იმპორტმა, საერთო ჯამში, 766.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, გასული წლის 4 თვეში კი ამ მაჩვენებელმა 34 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმპორტის კლება და ექსპორტის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა შიდა მოთხოვნას საკუთარი გამომუშავებით აკმაყოფილებს, ჭარბ ენერგიას კი საზღვრებს გარეთ ყიდის.

სწორედ ამ დადებით გარემოებაზე საუბრობენ ენერგეტიკოსები. გია არაბიძე ხაზს უსვანს, რომ ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება, ამიტომ იყიდება ქვეყნის გარეთ.

„გაზაფხულზე, მაისის და აპრილის თვის დასაწყისში წყალი იმატებს და ბუნებრივია, რომ ჩვენი ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება, ამიტომ იქმნება იმპორტის შესაძლებლობა. ამ პერიოდში ჩვენ საკმაოდ სერიოზული რაოდენობით ენერგიას გავიტანთ ექსპორტზე. ეს არ ნიშნავს მთლიანად გაყიდვას და ქვეყანაში თანხის შემოტანას, რადგან როდესაც გვიჭირს (დეკემბერში, იანვარში, თებერვალში) სხვებისგან ვყიდულობთ და ზოგი შესაძლოა, ნასასხები გვქონდეს და უკან ვუბრუნებდეთ. ეს არის ტრადიციული სიტუაცია, რომელიც ყოველ წელიწადს გვაქვს.

ასევე იზრდება ჩვენი შემოსავლები და გაყიდულ დენს საკმაოდ კარგი ფასი აქვს. თუ მას არ გავყიდით, სხვას ვასესხებთ და თუ პრობლემები შეგვექმნება, ელექტროენერგიას უკან დავუბრუნებთ. ეს ძალიან კარგია ჩვენი ენერგეტიკის ბალანსისათვის“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გია არაბიძემ და დასძინა, რომ საქართველომ 2022 წელს 85 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა და 43 მლნ დოლარის დენი იყიდა ანუ ყიდვა-გაყიდვაშიც დადებითი ბალანსი აქვს ქვეყნის ენერგეტიკას.

„ენერგეტიკაში მოხდა ერთი ასეთი სპეციფიკა, რომ ჩვენ ძალიან გავზარდეთ ექსპორტი, რისი ორი ვარიანტიც არსებობს. პირველი - წყალუხვების პერიოდში, როდესაც საჭირო არ არის ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, გვყავს მყიდველი. მეორე - ზამთრის პერიოდშიც კი მინიმუმამდე დავიყვანეთ იმპორტი, რისი ვარიანტიც არის ის, რომ სერიოზულად დავტვირთეთ ჩვენი თბოელექტოსადგურები, სადაც 3,5 მლრდ კვტ/საათი გამოვიმუშავეთ. ამის საშუალება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენში, თურქეთისა და ნაწილობრივ ევროპოსათვის, მიწოდებული გაზის რაოდენობის გაზრდამ მოგვცა.

ხელშეკრულება გვაქვს დადებული, რომლის მიხედვითაც გატარებული გაზის 5% არის ქვეყნის. გარდა ამისა, ჩვენ 5 მლნ კუბურ მეტს შეღავათიან ფასებში ვყიდულობთ ამ კონსორციუმიდან, რომელიც გასზადენს მართავს და რაც მეტი გაივლის, მით მეტი რაოდენობის გაზი დაგვრჩება.

2022 წელს თითქმის 20 მლრდ გაზია გატარებული და მისმა 5%-მა და პლუს 500 კუბურმა მეტრმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მთლიანად დავაკმაყოფილეთ მოსახლეობა სოციალური გაზით. თუ 2021 წელს 3 მლრდ-მდე არ იყო თბოსადგურების გამომუშავება, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 3.5 მლრდ-ზე ავიდა, რამაც საშუალება მოგვცა იმის, რომ მციე ოდენობით ელექტროენერგია შემოგვეტანა, ზამთრის რთულ თვეებში. 2022 წელს 85 მლნ დოლარის ენერგია გავყიდეთ და თუ არ ვცდები 43 მლნ დოლარის დენი ვიყიდეთ. გამოდის, რომ ყიდვა-გაყიდვაშიც დადებითი ბალანსი გვაქვს“, - დასძინა გია არაბიძემ.

შარშან ელენერგიის გამომუშავება სულ - 14 246,62 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აქედან ჰესების - 10 771,40 მლნ კვტ/სთ, ხოლო თბოსადგურების - 3 387,73  მლნ კვტ/სთ.

რაც შეეხება მოხმარებას, 2022 ხელს მოხმარება 15 013,17 მლნ კვტ/სთ იყო. შარშანდელი იმპორტი - 1 532,146 მლნ კვტ/სთ დაფიქსირდა, ხოლო ექსპორტი - 971,338 მლნ კვტ/სთ. მართალია, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები ერთმანეთთან გატოლებული არ არის და დისბალანსია, მაგრამ ძალიან დაახლოებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰესები მეტს გამოიმუშავებენ და თბოსადგურებიც უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ, მაგრამ განვითარებასთან ერთად, ახალი ობიექტების აუცილებლობის საჭიროებაც დგება.

სწორედ ამაზე საუბრობს ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა და აცხადებს, რომ ენერგეტიკა დანარჩენი დარგების განვითარებას წინ უნდა უსწრებდეს.

„ჩვენი სისტემა არის დეფიციტური. არ გვაქვს საკმარისი ელექტროენერგია იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოდ, ამიტომ განვითარება რაც უფრო შესაძლებელი იქნება, მით უკეთესი. ცხოვრების დონე რაც უფრო მეტად ამაღლდება და ადამიანების კეთილდღეობის პარამეტრები გაუმჯობესდება, მოთხოვნა პროპორციულად გაიზრდება და მას სჭირდება დაკმაყოფილება.

ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს ისე, რომ ენერგეტიკა წინ უსწრებდეს დანარჩენი დარგების განვითარებას და არა პირიქით. ჩვენ სურათი უკუღმა გვაქვს, ჩვენი განვითარება უფრო სწრაფია, ვიდრე დაკმაყოფილება და ახალი წყაროების ექსპულატაციაში შეყვანა. ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, რაც უნდა შეიცვალოს. საშუალება უნდა გვქონდეს, რომ 3-4% კი არა, არამედ 6-7%-ის ფარგლებში განვახორციელოთ დამატებითი სიმძლავრეების შეყვანა.

უნდა გვქონდეს ისეთი სარეზერვო სიმძლავრეები, რომლებიც გამოყენებული იქნება ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის მდგარადობის შენარჩუნებისათვის. ამისათვის საჭიროა, დიდი მოცმულობის და სიმძავრის ობიექტების აშენება, რომლებიც პრაქტიკულად შეჩერებულია. სიმძლავრეები, რომლებიც ენგურზე გაგვაჩნია, ბოლომდე ათვისებული არ არის. კი, ენგურის აგრეგატები გამართულია და მუშაობს, მაგრამ ის, რომ მისი შესაძლებლობები არ გამოიყენება ბოლომდე, ეს ძალიან დიდი დანაკლისია.

ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ ხუდონზე სამუშაოები 1/3 შესრულებულია, მაგრამ დანარჩენი გაჩერებულია. პერსპექტივაც არ არის იმისა, რომ ან განახლდეს, ანდა კონსერვანციაში წავიდეს. ჟინვალზეც ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს, ამ ობიექტს შეზღუდული აქვს ის პარამეტრები და შესაძლებლობები, რომელიც რეალურად მასში არის ჩადებული. ასეთი ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი სისტემა მოუმზადებელია სამომავლო განვითარებისა და სრულყოფილად დაკმაყოფილებისათვის“, - განუცხადა ანზორ ჭითანავამ „ბიზნეს-რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×