ვახტანგ იობაშვილი: "ეს დიდი პრობლემაა. შემოსავალი აკლდება ქვეყნის ბიუჯეტს, ეკონომიკას და კომპანიებს"
ქეთო გოგოხია
22.05.2023

საქართველოში სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებიდან მიღებული სარგებლის ნაწილი იკარგება. ამის მიზეზი ქვეყანაში საწვავის მაღალი ფასია, რის გამოც ტრანზიტად გამავალი ავტომობილები დიზელს საქართველოში არ ასხამენ, ადრე კი პირიქით იყო. სქემა მარტივია: საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლები საწვავის ვაზებს ავსებენ ჯერ რუსეთში, მერე - თურქეთში, საქართველო კი ამ სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებიდან ამოვარდა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუკი რეგიონში საწვავის ფასებს შევადარებთ, ნათელია, რა განაპირობებს მძღოლების არჩევანს და რამდენს კარგავს ბიზნესი, ქვეყნის ბიუჯეტი და მთლიანად ეკონომიკა საწვავის ბაზარზე მაღალი გადასახადების გამო, რაც პროდუქტს აძვირებს.

კერძოდ,  რუსეთში 1 ლ დიზელი ღირს 0,66 ევრო, აზერბაიჯანში - 0,43 ევრო, სომხეთში - 0,99 ევრო,  ხოლო საქართველოში - 1,25 ევრო. საქართველოში ფასი ყველაზე ძვირია ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებიოთ, მათ შორის სომხეთთან, რომელიც თავიდან ბოლომდე იმპორტიორ ქვეყანას წარმოადგენს და დიდწილად საქართველოს გავლით მარაგდება.

ნათელია, რომ ტრანზიტად გამავალი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ ასხამენ საწვავს საქართველოში. ამ დროს კი მათი რაოდენობა მუდმივად მზარდია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოზე გაიარა 82 016-მა ერთეულმა სატვირთო სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 118  032-ს შეადგენდა. კონკრეტულად 2022 წლის მარტში კი ქვეყანა გადაკვეთა 24780-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მაჩვენებელმა 44428 ერთეულს მიაღწია.

შესაბამისად, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, მზარდია ტრანზიტად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მაგრამ ისინი მინიმალურ დონეზეც კი არ სარგებლობენ საქართველოს ავტოგასამართი სადგურების სერვისით. ეს სეგმენტი მთლიანად ამოვარდნილია კომპანიების მომსახურებიდან, როცა ადრე დიზელის საწვავის შესავსებად აგს-ებთან ტრაილერების რიგი იდგა, განსაკუთრებით კი აჭარაში.

ამდენად, პრობლემა არის სერიოზული, რაზეც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი რეაგირებას და შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს.

,,უნდა მოხდეს დიზელზე მცურავი აქციზის განაკვეთის შემოღება, რომ ფასი მეზობელ ქვეყნებთან კონკურენტუნარიანი იყოს. რეალურად საქართველოს მოგება მხოლოდ ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლით (სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადით) განისაზღვრება, როცა გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეიძლება.

ეს დიდი პრობლემაა, რასაც უნდა შესწავლა და შველა, ვინაიდან შემოსავალი აკლდება ქვეყნის ბიუჯეტს, ეკონომიკას და კომპანიებს. კარგად გვახსოვს, რომ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, თურქეთიდან ძალიან ბევრი სატვირთო გადაადგილდება ტრანზიტად საქართველოში რუსეთის მიმართულებით.  სარფის გამშვებ პუნქტამდე, ფაქტობრივად, ყველა ქართულ კომპანიას ჰქონდა ავტოგასამართი სადგური. რადგანაც აქ იაფი იყო საწვავი სხვა ქვეყნებთან შედარებით, სპეციალურად გადმოდიოდნენ საზღვარზე და აქ ავსებდნენ ავზებს საწვავით.

ახლა, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ინფლაცია აქვს თურქეთს, თავისი საგადასახადო სისტემა შეამსუბუქა, მნიშვნელოვნად შეამცირა აქციზი და სხვა ტიპის გადასახადები - დიფერენცირება მოახდინა, რაც გონივრული გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, იქ დიზელი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ცხადია, როცა უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდება ქვეყანა, გაზრდის ფასს და არავინ არაფერს იტყვის. დღეს კი ასეთი მოცემულობაა და სატრანზიტო მანქანებს ჩვენ ვეღარ ვემსახურებით“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ და დასძინა, რომ  საქართველოს შემთხვევაშიც, გზები არის აუცილებლად მოსაძებნი, რომ მდგომარეობა შეიცვალოს და მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყანამ, რისი პოტენციალიც რეალურად არსებობს.

,,მოვუწოდებ ხელისუფლების წარმოამდგენლებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება, რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და მოგვარდეს პრობლემა, თორემ ტრანზიტიდან რეალურ სარგებელს ვერ ვიღებთ. სასწრაფოდ არის ზომები მისაღები.

თურქეთში, საქართველოსთან შედარებით, 33 ცენტით იაფია საწვავი, ამიტომ ავტოსატრანსპორტო საშუალება იმ ქვეყანაში სრულად იმართება და ყოფნის საქართველოს ტერიტორია ისე გაიაროს, რომ საწვავის დამატება არ დასჭირდეს. შემდეგ გადადის რუსეთში და მერე იქ ივსებს მარაგს. უკანა გზაზეც იგივე სქემა მოქმედებს. ჩვენ კი შემოსავალს ვკარგავთ.

ამ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხზეც ყურადღების გამახვილება. საქართველოში ამ მხრივ პრობლემა შეინიშნება და აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა უკვე დასვა ეს საკითხი, ახლა ველოდებით რეაგირებას. კომპანიებმა თავის დროზე უზარმაზარი  ხარჯი გასწიეს, დიდი ავტოგასამართი სადგურები ააშენეს, ევროპასაც კი შეშურდება ისეთი, აქვთ უმაღლესი ხარისიხს მომსახურება და საქმიანობაში ხელი ეშლებათ მხოლოდ იმის გამო, რომ საგადასახადო პოლიტიკა გადასახედია. ამდენად, პრობლემა ნამდვილად არსებობს, საჭიროა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღებაც“, - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×