იმპორტიორებს მოწოდების პირობები შეეცვალათ და პროდუქტიც შეზღუდული რაოდენობით შემოაქვთ
გვანცა წულაია
18.05.2023

2 ლარს ქვევით ჩამოსული ბენზინი ისევ გაძვირდა. ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, საწვავის ღირებულების ეტაპობრივი ზრდა შეინიშნება, თუმცა ჯერ მხოლოდ არაბრენდირებულ სადგურებზე. დღეისათვის მცირე აგს-ებზე ყველაზე იაფი საწვავი 2.12 ლარი ღირს, თუმცა ზოგან ფასი 2.20 ლარს აჭარბებს. რამ გამოიწვია ცვლილება და რა იქნება უახლოეს მომავალში, უნდა ველოდეოთ თუ არა საწვავის მეტად გაძვირებას?

ერთთვიან მონაკვეთში რუსული "ურალსიც” გაძვირდა და "ბრენტის” ტიპის საწვავის ღირებულებამაც მოიმატა მსოფლიო ბირჟებზე, თუმცა ბოლო დღეებია ორივე მათგანი იაფდება, მაგრამ გაძვირების ტალღის დაწყების შემდეგ, ფასების ზრდა არ შეჩერებულა საქართველოში. 2 ლარს ქვევით ჩამოსული საწვავი ბოლო ერთი თვეა ეტაპობრივად ძვირდება და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში მისი ღირებულება 2.12-2.20 ლარის ფარგლებშია.

როგორც "რეზონანსმა" გარკვია დღეისათვის, საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.10-2.12 ლარს შეადგენს, ხოლო დიზელი ფასი 2.20-2.25 ლარია.

ფასთა ცვლილება რუსეთს უკავშირდება. მეზობელ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასმა მოიმატა და თანაც ქვეყნიდან საწვავის მოწოდების მიმართულებით პრობლემა შეიქმნა. მისი შესყიდვა შეზღუდულია. გაძვირების მიზეზადაც სწორედ ამ გარემოებებს ასახელებს კომპანია "სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და ხაზს უსვამს, რომ თუ ასეთი მოცემულობა გაგრძელდება, საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდება.

"ბენზინის გაძვირების ძირითადი მიზეზი რუსეთში ფასების მატებაა. იქ ახლა გასაყიდი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო და შესაბამისად, ამ გარემოებამ საქართველოს ბაზარზე ღირებულების მცირეოდენი ზრდა გამოიწვია.

დღეისათვის, საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 2.10-2.12 ლარის ღირს, ხოლო დიზელი ფასი – 2.20-2.25 ლარის ფარგლებშია.

გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის პერიოდში რუსეთში ადგილობრივი მოხმარება იზრდება, შესაბამისად, საქართველოში მოწოდება მცირდება. უფრო ნაკლები საწვავი შემოდის, შეზღუდულია შესყიდვა. ამ გარემოებამაც განაპირობა ჩვენთან ფასის მატება. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდეა და როგორც პროგნოზია, შესაძლოა, გაგრძელდეს კიდეც, მაშინ საქართველოს ბაზარზე ასახვა მომავალშიც იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დაახლოებულია არაბრენდირებულ და ბრენდირებულ სადგურებში საწვავის ღირებულბეა. მაგალითად, თუკი მცირე ავტოსაგამართ სადგურებში 1 ლიტრი ბენზინი 2.12-2.20 ლარის ფარგლებში მერყეობს, მისი ღირებულება "ლუკოილში” 2.23 ლარს შეადგენს, "გალფში” – 2.25 ლარს, ხოლო "ვისოლში”, "სოკარსა” და "რომპეტროლში” – 2.35 ლარს. რაც შეეხება "პორტალს”, რომელიც საშუალო სიდიდის ქსელად ითვლება, იქ 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.29 ლარია.

ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებს შორის ფასების დაახლოებაზე საურობს "გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.  მისი შეფასებით, ნაშთის პირობებში, დიდ ქსელებს შედარებით იაფიანი პროდუქციის მარაგი აქვთ და ამიტომ ფასების შენარჩუნების რესურსი გააჩნიათ, რისი საშუალებას პატარა სადგურებში არ არის, რადგან მათ ნაშთი არ აქვთ.

"საერთოდ, დიდ კომპანიებს დიდი მარაგი აქვთ და ისე მუშაობენ. როდესაც ფასი კლებულობს, პირველი გავლენას არაბრენდირებული სადგურები ახდენენ და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს. დიდ კომპანიებს არ აქვთ სწრაფი რეაგირების საშუალება, რადგან მათ დიდი ნაშთი აქვთ.

დღესაც იგივე მოცემულობაა. მათ შედარებით იაფიანი პროდუქციის მარაგი აქვთ დარჩენილი და ამიტომ ფასის შენარჩუნების რესურსიც გააჩნიათ. პატარა სადგურებს კი ნაშთი არ გააჩნიათ, დამოკიდებულნი არიან საბითუმო ბაზარზე და იძულებულები გახდნენ ფასი გაეზარდათ”, - განუცხადა "რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა და ფასები მატების მიზეზად მანაც რუსეთის ბაზარი დაასახელა.

"მოგეხენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოს ძირითადი მომწოდებელი გახდა რუსეთის ფედერაცია. ამ ქვეყნიდან, საერთაშორისო ღირებულებასთან შედარებით, საწვავი მნიშვნელოვანი ფასთაკლებით მოდის და შესაბამისად, ბოლო დროის ტენდენციით საქართველოში საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში.

დღევანდელი მოცემულობით, დიზელის გაიაფების ტენდენცია კვლავინდებურად გრძელდება. ფასი საბითუმო ბაზარზეც და საცალო ქსელშიც დაკლებულია. რაც შეეხება ბენზინს, ამ მიმართულებით დიდ კომპანიებთან ცვლილება არ დაფიქსირებულა, თუმცა გიდასტურებთ, მცირე და საშუალო ქსელებში ფასი მომატებულია 5-10 თეთრით, რაც განპირობებულია იმით, თავად საბითუმო ბაზარზეა პროდუქტი გაძვირებული.

რუსეთის ფედერაციიდან გარვეული შეფერხებებით მოდის ბენზინი, ამას ემატება ისიც, რომ მოწოდებული პროდუქციის ღირებულებამ მოიმატა. იმპორტიორ კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან ბენზინს ყიდულობენ, მოწოდების პირობები შეეცვალათ ფასთან მიმართებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ღირებულებასთან შედარებით, მათი ტარიფები მაინც მნიშვნელოვნად დაბალია”, - აღნიშნა ვანო მთავრალაშვილმა "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×