"მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, მოვლა-შენახვისა და რეალიზაციის საკითხიც აუცილებლად უნდა მოგგვარდეს"
ქეთო გოგოხია
18.05.2023

მოსავლიანობის კუთხით წელს მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი, მაგრამ ვერავინ დებს პირობას, რომ ამით ქვეყანა და მოსახლეობა მნიშვნელოვან შეღავათს მიიღებს. როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, მოსავლიანობის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული იყო 2022 წელიც, მაგრამ მარაგების მართვის კუთხით დიდი პრობლემა იყო, რაც წელსაც იგრძნობა.

ასოციაცია ,,მომავლის ფერმერის" დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი ფიქრობს, რომ 2023 წელს მეტი მიწა დამუშავდება, მაგრამ ამის პარალელურად ფერემრული მეურნეობების მხარდამჭერი პროგრამაც უნდა ამოქმედდეს, რათა რეალზიაციის კუთხით პრობლემა არ შეიქმნას.

,,ველოდები, რომ წელს უფრო მეტი ფართობი დამუშავდება, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ახლა მთავარია როგორ შევუწყობთ ხელს ფერმერებს, რომ მოსავლის რეალიზაცია შეძლონ. მაგალითად, ხორბალი ბევრი მოვიყვანეთ, მაგრამ ვერ ვყიდით რუსეთიდან იაფი ფქვილის იმპორტის გამო.

მთავარი მხოლოდ მოსავლიანობის ზრდა არ არის, სწორად უნდა შევძლოთ რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცესის მართვა, რომ ფერმერებმა გაწეული შრომისგან სარგებელი მიითონ და ეკონპომიკაც მეტად განვითარდეს. ხორბალი ვახსენე, მაგრამ საადრეო ბოსტნეული, კარტოფილი და ხილი  უკვე შემოდის ბაზარზე, პარალელურად კი ამ პროდუქტების იმპორტიც მოზღვავებულია, რაც უკვე ქმნის პრობლემას კონკურენციის თვალსაზრისით. ამიტომ მარტო მხარდაჭერა უშედეგოა, თუ მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, მოვლა-შენახვისა და რეალიზაციის საკითხს ვერ მოვაგვარებთ", - აღნიშნა გიგაშვილმა ,,რეზონანსთან" და დასძინა, რომ აუცილებელია ბაზრის დამცავი მექანიზმი შემუშავდეს.

,,დამუშავებული მიწების ზრდა შედეგს ვერ მოგვცემს, თუ პარალელურად დამცავი მექანიზმები არ შემუშავდება. დასავლეთის ბაზრებზე უნდა ვიფიქროთ და სახელმწიფოსგან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერილი ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და ექსპორტი. ამ მიზნით  უნდა ჩამოყალიბდეს შესანახი ინფრასტრუქტურა. სამაცივრე მეურნეობები არ არის საკმარისი, რის გამოც მალე ფუჭდება პროდუქტი და ფერმერები ბიზნესზე ორიენტირებული დარგების განვითარებას ვერ ახერხებენ", - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს მეხორბლეებს მოსავლის რეალიზაციის გამო ძალიან უჭირთ და პრაქტიკულად, მარაგის ნაწილი გაუნადგურდათ, წლევანდელ მოსავალთან დაკავშირებით პროგნოზი საიმედოა. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, ხორბალი მთავრობის თხოვნით ბევრი დაითესა, ამიტომ მარაგის კუთხით პრობლემა არ არის და თვითუზრუბველყოფის 15%-იანი მაჩვენებელი შეიძლება ცოტათი გაუმჯობესდეს.

,,დარგში დიდი პრობლემაა, ფერმერები გამოუვალი ვითარებაში არიან და დახმარებას ითხოვენ, თუმცა წლევანდელ სეზონს ეს პრობლემა არ დაეტყობა. სახელმწიფოს თხოვნით ბევრი დავთესეთ, ამიტომ რაოდენობა არ შეგვიმცირდება, თუმცა დიდად არც ზრდას ველოდებით. შარშან ხორბლის მოსავალი 130 ათასი ტონა იყო და წელსაც დაახლოებით ამდენს მივიღებთ.

მთავარია, რეალიზაციის მხრივ არსებული სიტუაცია დასტაბილურდეს და მოსავალი გაუყიდავი არ დარჩეს, სხვა მხრივ სექტორს საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ, საქართველოში პროდუქციას სხვა ქვეყან ყიდის და ჩვენ საკუთარი მოსავლის რეალიზაცია გვიჭირს. ეს არის აქ პრობლემა და არა ის, რომ მოსავალი არ გვაქვს. პირიქით, ნორმალურია ხარისხი და არც რაოდენობაა მცირე. მთავარია ფასის საკითხი დარეგულირდეს და პრობლემა მოიხსნას. 

შარშან ხორბალი 1,20 ლარი ღირდა და ახლა 40 თეთრსაც არ გვაძლევენ. ახალი მოსავლის ფასიც თუ ამ ნიშნულზე დარჩება,  ფერმერები გაკოტრდებიან, მიწებს დაკარგავენ და შეიძლება საერთოდ ემიგრაციაშიც წავიდნენ. ეს არის აქ პრობლემა და არა მოსავლის რაოდენობა, რომელიც რთულ პირობებშიც კი საიმედოა", - უთხრა ,,რეზონანსს" ნიკოლოზ ბენიაიძემ.

კარგი პირი უჩანს კარტოფილსაც, რომლის პირველი მოსავალი ბაზარზე უკვე გამოჩნდა. გაყიდვაში, ძირითადად, ქვემო ქართლის პროდუქტია, სექტემბერ-ოქტომბერში კი ბაზარს სამცხე-ჯავახეთის მოსავალიც ემატება, რომელიც პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია საქართველოში.

ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარის მახარე მაცუკატოვის თქმით, მოსავალს აგვისტოში მიიღებენ, სათესლედ კი გამოყენებული აქვთ უცხოური ხარისხიანი მასალა, რაც კარგი მოსავლიანობის მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

,,თესვის პროცესი, პრაქტიკულად, ახლა მიდის რეგიონში. სექტორი კარგად მოემზადა და ყველანაირად ცდილობენ, რომ ხარისხიანი მოსამზადებელი სამუშაოები გასწიონ, რაც ხარისხზე აისახება. სათესლე მასალა თითქმის მთლიანად უცხოურია. საქართველოს აქვს პოტენციალი, კარტოფილის წარმოებაში ადგილობრივი ბაზრის თვითუზრუნველყოფა მოახდინოს და ექსპორტზეც გავიდეს, სათესლე მასალის სიძვირე, ინფლაცია, ყველაფერი ეს დარგზე უარყოფითად მოქმედებს. 

პრობლემად რჩება მოსავლის შენახვაც, რადგან საწყობები საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს, რის გამოც მოსავლის ნაწილი გაგვიფუჭდა. იმედია, წელს ამას ცოტათი მაინც დავძლევთ.

რაც შეეხება კონკრეტულად მოსავლის საპროგნოზო მოცულობას, ახალქალაქში შარშან კარტოფილი 9-დან 10 ათას ჰექტარზე დაითესა და წელსაც, სავარაუდოდ, იგივე მაჩვენებელი იქნება ან ცოტა მეტი. ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 20 ტონაა. რაოდენობის მხრივ არ გვიჭირს, ბაზარი არასტაბილურია და ეს სიტუაცია უნდა დალაგდეს, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ ფერმერებს და წარმოების ზრდით დაინტერესდნენ", - აღნიშნა მახარე მაცუკატოვმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×