"სცენარი რამდენიმეა, ყველაზე გავრცელებული არის, რომ ადამიანი იღებს შეტყობინებას თითქოსდა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის სახელით..."
გვანცა წულაია
17.05.2023

საქართველოში თაღლითობის შემთხვევები გახშირდა და ინტენსიური სახე მიიღო. დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტი სხვადასხვა სფეროში მრავლად ვლინდება. თაღლითობა უძრავი ქონებით, საბანკო ბარათებითა და პერსონალური მონაცემების გამოყენებით - მსგავსი ეკონომიკური დანაშაულები გახშირებულია, ხოლო სქემების ამოცნობა კი არც ისე მარტივია.

სტატისტიკით ირკვევა, 2023 წლის პირველ კვარტალში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 109 შემთხვევა, ანუ 42.41%. გასული წლის იმავე პერიოდში რეგისტრირებული იყო 245 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 84 საქმე, ანუ 34.29%.

კომპიუტერულ დანაშაულებს შორის გაზრდილია მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტები. წლიურად ზრდა 12.21%-ია.

როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა აღნიშნავს, დანაშაულის ყველაზე გავრცელებული ხერხი "ფიშინგ შეტევაა".

"ძირითადად, შეტევა კერძო პირებზე ხდება და ყველაზე გავრცელებული ხერხი დღესაც რჩევა "ფიშინგი", როდესაც ხდება შეტყობინების გაგზავნა, რომელიც შეიძლება იყოს ელექტრონული ფოსტით და ასევე მესიჯის სახით, სადაც მითითებულია მავნე ბმული.

სცენარი რამდენიმეა და ყველაზე გავრცელებული არის, რომ ადამიანი იღებს შეტყობინებას თითქოსდა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის სახელით, სადაც ნათქვამია, რომ მის ანგარიშზე არის საეჭვო აქტიობა დაფიქსირებული, ამიტომ შევიდეს მითითებულ ბმულზე და შეიყვანოს პირადი მონაცემები, იმ იდეით, რომ გადამოწმება მოხდეს ანგარიშზე ხომ არ არის რაიმე არაავტორიზებული აქტივობა. სინამდვილეში კი, ამ მავნე ბმულით, რომელიც დასახელებითაც, სიმბოლოკითაც და სხვა მახასიათებლებით მიმსგავსებულია რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან, ხდება კიბერდანაშაული.

ამ დროს ითხოვენ ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის პაროლის შეყვანას. ვინაიდან ყალბი გვერდია, ასევე ითხოვენ ერთჯერადი კოდის შეყვანას, რომელსაც ადამიანი იღებს.

ონლაინ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაზეც შესაძლოა, იყო ასეთი შემთხვევები. მაგალიად, როდესაც მომხმარებელს გასაყიდად ნივთი აქვს განთავსებული, თაღლითი უკავშირდება იმ იდეით რომ ნივთის შეძენა სურს. ეუბნება, რომ გაფორმებულია ორდერი. აგზავნის ბმულს, სადაც მოთხოვნილია პაროლი ან საბარათე მონაცემები. გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი კი არ ფიქრობს, რატომ უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები, მაშინ, როდესაც ის არაფერს ყიდულობს, პირიქით, ის არის თანხის მიმღები და მხოლოდ ანგარიშის ნომერი შეუძლია გაუზიაროს, თანხის ჩასარიცხად. ესეც ფიშინგის შემთხვევაა.

ნივთის გაყიდვის შემთხვევაში ან უძრავი ქონების გაქირავების დროს, ერთადერთი ინფორმაცია, რისი გაზიარებაც ადამიანს უსაფრთხოდ შეუძლია, არის მისი ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა მიიღოს თანხა”, - განუცხადა "რეზონანსს” ინგა ქარჩავამ და იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლის შესრულების შემდეგად, ადამიანის კიბერდანაშაულისგან თავს დაიცავს.

"მთავარი არის ის, რომ თაღლითები მომხმარებლისთვის ნაცნობ ვითარებას, სივრცეს და პლატფორმას იყენებენ. სცენარი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა თაღლითი ადამიანისგან ითხოვს იმ მონაცემების გაზიარებას, რომელიც რეალურად არ უნდა გააზიაროს.

პრევენციული ღონისძიება არის უპირველესი. ასეთ მავნე ბმულებს ადამიანები არ უნდა მიჰყვნენ, საერთოდ არ უნდა გახსნან. თუ ადამიანს რამის ლეგიტიმურობაში ეჭვი ეპარება, ჩვენი რეკომენდაციაა კონკრეტული ორგანიზაციის დასახელება მომხმარებელმა თვითონ მოიძიოს და დარწმუნდეს, რომ ნამდვილად ლეგიტიმურია.

თუ ადამიანს რომელიმე კარგად ნაცნობი სავაჭრო ობიექტის ან კონკრეტული ფინანსური საბანკო დაწესებულების სახელით ვინმე უკავშირდება და სთხოვს ანგარიშის ვერიფიცირებას ანდა სთავაზობს სასესხო პროდუქტს და შემდეგ კონფიდენციალური მონაცემების შეყვანას სთხოვს, იგი მინიმუმ ფინანსური დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა შევიდეს და იქ გადაამოწმოს ყველაფერი ან მისთვის ნაცნობი ბანკის ცხელ ხაზზე დარეკოს. ეს არის საბაზო რეკომენდაცია და რჩევა, რომელითაც შეგვიძლია მოვახდინოთ მსგავსი თაღლითური შემთხვევების პრევენცია”, - დასძინა "რეზონანსთან” ქარჩავამ.

კომპიუტერულის დანაშაული მსხვერპლი არაერთი ადამიანი გამხდარა, ამიტომ სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან უამრავი რეკომენდაციაა გაცემული. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მოსახლეობას ახალი კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სქემით, ბანკის მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინება სხვადასხვა სერვისებზე დავალიანების შესახებ ატყობინებს და ყალბი ვებ-საიტის ბმულზე ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვს.

ბარათის მონაცემების მოპარვის პრევენციისათვის „საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებლებს რამდენიმე რჩევას უზიარებს: არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე, დააკვირდით ბმულს, როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა, თავად აკრიფეთ მისამართი და დააკვირდით საიტზე „ბოქლომს“ (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში), არასდროს არავის გაუზიაროთ პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, ადამიანი ძალიან მარტივად მიხვდება აქვს თუ არა თაღლითობასთან საქმე.

"კიბერდანაშაულის შემთხვევები საკმაოდ გახშირებულია. ძირითადი სამიზნე ობიექტი არის ნებისმიერი მომხმარებელი, ვისაც აქვს საბანკო ბარათი, თუმცა ალბათ, უფრო ფიზიკური პირები, მაგრამ შესაძლოა, იურიდიული პირიც შეცდეს და გახდეს კიბერდანაშაულის მსხვეპლი.

მთავარი არის ის, რომ საბანკო ბარათის ან ანგარიშის მფლობელი, შესაძლოა, წამოეგოს მსგავს ხაფანგზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რჩევები იქნას გათვალისწინებული. მათ ძალიან სკეპტიკურად უნდა შეხედონ იმ მსგავს ნებისმიერ შეთავაზებას, რომელიც განცხადებაში გვაქვს აღნიშნული.

თაღლითები ძალიან ავითარებენ და ხვეწენ თავიანთ მეთოდებს. იყენებენ სხვდასხვა ცნობილი კომპანიის, ვებ-გვერდების სახელს და ისე აკეთებენ, რომ თითქოს, მართლაც შევდივართ პირობითაც "საქართველოს ფოსტის” საიტზე. არადა, კივერდანაშაულის შემთხვევაში გადავდივართ კლონირებულ ვებ-გვერდზე. სწორედ ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ყველა დეტალს, ვებ-გვერდის დასახელებაში რა და როგორ წერია, რადგან შესაძლოა, ერთ ასოში იყოს განსხვავება. სამწუხაროდ, ადამიანები დაუფიქრებლად გადადიან ბმულზე, შემდეგ რაღაც დამატებითი კოდებს ითხოვენ, ზოგი ამას აკეთებს, რისი მეშვეობითაც თაღლითებს უადვილდებათ ანგარიშებიდან თანხის მოპარვა.

ყველაზე მნიშვნელოვანია თავის დაცვა. ბანკის მხრიდანYყველას ანგარიშიც გაკონტროლება შეუძებელია, რადგან მილიონობით ანგარიში არსებობს, ამიტომ ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, რომ იყვნენ ყურადღებით, ვითარებას სკეპტიკურად შეხედონ და არ გადავიდნენ ისეთ ბმულზე, რაშიც ეჭვი ეპარებათ. არაფერ რთულზე არ ვსაუბრობთ, მარტივი საკითხი, სულ 2-წუთიანი დაფიქრებაა საჭირო და მაშინვე მიხვდება ადამიანი, რომ საქმე აქვს თაღლითებთან”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კეპულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×