მეპურეები ხელს სავაჭრო ქსელებისკენ იშვერენ და სასიკეთო ცვლილებას არ ელოდებიან
თიკა სიბოშვილი
27.03.2023

ფქვილის ფასი მკვეთრად შემცირდა, თუმცა დედაქალაქში პურის გაიაფებაზე არავინ ფიქრობს და არავინ საუბრობს. მაღაზიებში მთავარი სოციალური პროდუქტი მინიმუმ 50-თეთრიანი ფასნამატით იყიდება მაშინ, როცა გარემო პირობები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იგი რეალურად გაიაფდეს. "ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, მოსალოდნელია თუ არა პურის ღირებულების შემცირება და უნდა ელოდოს თუ არა ცვლილებას  მოსახლეობა.

როგორც ირკვევა, საქართველოში 1 ტომარა, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 57-58 ლარია, რაც შარშანდელ პერიოდთან შედარებით, მინიმუმ 20-ლარიანი სხვაობაა. როდესაც პურმა გაძვირება დაიწყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ზუსტად ფქვილის გაზრდილი ფასი იყო. ახლა კი, როცა ღირებულებამ კლება დაიწყო პროდუქტის გაიაფებაზე არავინ საუბრობს. ეს, პირველ რიგში, მოსახლეობას აზარალებს და ბაზარზე მომხდარი ცვლილებებით ისინი ვერანირ სარგებელს ვერ იღებენ.

როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, დარგში საკმაოდ ბევრი ხარჯია, რის გამოც პურის გაიაფება რთულია.

„ფქვილი ნამდვილად გაიაფებულია. დღეის მდგომარეობით, პირველი ხარისხი 57-58 ლარი ღირს, ხოლო უმაღლესი 2-3 ლარით მეტი ღირს, თუმცა პურის წარმოება, ძირითადად, პირველ ხარისხს იყენებს.

როგორ უნდა გაიაფდეს პური? ეს არის სოციალისტური მსჯელობა. გაზის გადასახადმა ხომ მოიმატა, ელექტროენერგია კი 33-თეთრი ღირს, ყველა კომპონენტს თუ შევკრებთ, საბოლოო ჯამში, გამოვა, რომ ხარჯი ძალიან დიდია.

პირველადი მოხმარების პროდუქტებში ყველაზე სტაბილურად ნიშა პურს უჭირავს. თავის დროზე ზეთი ორმაგად გაძვირდა, ასევე იყო შაქარიც, ხოლო პური ერთადერთი იყო, რომელმაც მხოლოდ 10 თეთრით მოიმატა“, - აღნიშნა დოლიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ყველაფერს მართავს მაღაზია.

„ყველაზე დიდ პრობლემა მაინც სავაჭრო ქსელებს უკავშირდება. მიმწოდებელმა ფასი რაც არ უნდა დააკლოს, მაღაზია ამას არ აკეთებს. ჩასაბარებელი ღიებულება იწყება - 0.90 თეთრიდან 1.30 ლარამდე და ამის ზევით რაც არის, სულ მაღაზიის ფასნამატია.

სავაჭრო ქსელები სასათბურე პირობებში არიან. ადრე მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც ქსელში შეტანილ პროდუქციის 5%-ზე მეტის დამატების უფლება არ გქონდა. ახლა კი მაღაზიები ასე არ იქცევიან და ისეთ ფასს ადებენ, როგორც სურთ. მეპურეებისთვის პრობლემაა ისიც, რომ ზოგიერთი ქსელური მაღაზია თანხას თავის დროზე არ უბრუნებს პურის მწარმოებელს, რის გამოც სექტორი ბანკის გახდა დამოკიდებული. მათ ხომ უნდა მოიძიონ რაღაც თანხა, ახალი პარტია ფქვილის შესაძენად.

ძალიან დიდი გადინება დაიწყო პურის წარმოებაში, რადგან მუშახელი 700-800 ლარზე აღარ ჩერდება და მიდიან იმ ქვეყნებში, სადაც ანაზღაურება უფრო მაღალია. გასათვალისწინებელია დისტრიბუციის საკითხიც, რადგან გადატვირთულ ქალაქში ეს ურთულესი პროცესია. თითქოს მარტივი დარგია, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემაა.

მწარმოებელი ვაჭრობაზეა დამოკიდებული. თუ ხმას ამოიღებ, მაღაზია გზას გადაგიკეტავს და რეალიზაციის გარეშე რჩები, ხოლო თუკი პროდუქტს ვერ გაყიდი, დაღუპული ხარ. გამოდის, რომ ყველაფერს მართავს სავაჭრო სექტორი“, - დასძინა დოლიძემ.

არსებულ სიტუაციაში, როცა პროდუქტის გაიაფება შესაძლებელია, მაგრამ ეს ასე არ ხდება, გამოსავალია, რომ პურის ფასზე რეგულირების მექანიზმი ამუშავდეს, რადგან, როგორც ჩანს, მარკეტები პოზიციებს არ თმობენ, რის გამო არც მეპურეები ამცირებენ ჩასაბარებელ ფასს. აშკარაა, რომ ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად მოსახლეობა ზარალდება და აუცილებელია საკითხის გადახედვა.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, ფქვილის გაიაფებას, წესით, პურის ღირებულების შემცირებაზეც უნდა ემოქმედა, მიუხედავად ამისა არაფერი მსგავსი არ ხდება.

„რა თქმა უნდა, თუკი შესაძლობლობა არსებობს, პური უნდა გაიაფდეს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავრი პროდუქტია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად მოიხმარენ. რეალურად, ფქვილი გაიაფებულია და ლოგიკურად თუ შევხედავთ, სხვა ფაქტორი თუ არ ქმნის დაბრკოლებას საწარმო პროცესში, ამას ცოტათი მაინც უნდა შეემცირებინა პურის საცალო ღირებულება.

თუკი წინა პერიოდში ფქვილის ფასი მაღალი იყო, ხოლო სხვა გადასახადები ისეთივე როგორც დღესაა, ახლა ფქვილის ფასი შემცირდა და ამან ლოგიკურია, პროდუქტი უნდა გააიაფოს. ეს კი არსად მომხდარა. ალბათ მაღალ მოგებაზე მუშაობენ მწარმოებლები ან ფიქრობენ, რომ აქამდე შედარებით დაბალ მოგებაზე მუშაობდნენ და ახლა შეუძლიათ უფრო სოლიდური მოგების მიღება და აკვირდებიან გრძელვადიან პერსპექტივას. რეალურად რამდენად არსებობს გაიაფების შესაძლებლობა ამაზე ზუსტი პასუხი მცხობელთა ასოციაციას უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა კაპანაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×