"დიდი პრობლემა აქვთ მათ, ვისაც ახალი ობიექტების გახსნა სურს"
გვანცა წულაია
22.03.2023

საქართველოში, მუშახელის დეფიციტის გამო, უცხოეთიდან კადრების შემოყვანის პროცესი უკვე დაიწყო. სხვა დანარჩენ ბიზნესთან ერთად, უცხოელები საქმდებიან, სარესტორნო და სამშენებლო სფეროში. პროცესი ჯერჯერობით არც ისე აქტიურია, მაგრამ თუ ბიზნესი ანაზღაურებას არ გაზრდის, უფრო მეტი ქართველი წავა ემიგრაციაში სამუშაოდ, კერძო სექტორს კი კადრების პრობლემა გაუღრმავდება.

კერძო სექტორი თითქოს ხელფასებს ზრდის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შრომითი პირობებთან ეს საკმარისი არ არის. ქართველები ემიგრიაში უფრო მაღალ ანაზღაურებად სამუშაოებზე საქმდებიან, საქართველოში კი, ბიზნესს კადრების მოძიება უცხოეთიდან დასჭირდა. იმ ქვეყნებიდან, სადაც მუშახელი იაფია.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ სარესტორნო ბიზნესი მუშახელს შუა აზიისა და მეზობელ ქვეყნებში ეძებს. საუბარია ისეთ პოზიციებზე, სადაც ენის ბარიერი არ იქნება.

„კადრების დეფიციტის წინაშეა არა მარტო ის ობიექტები, რომლებიც მუშაობს, უფრო მეტი პრობლემა აქვთ მათ, ვისაც ახალი ფილიალების გახსნა სურს. შეუძლებელია ახლად გახსნილ ობიექტში დაასაქმო თანამშრომელი, რომელსაც არ აქვს პროფესიონალური გამოცდილება. არაპროფესიონალი კადრებით ვერ იმუშავებ. პრობლემის გადაჭრა მოკლევადიან პერიოდში რთულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლებელია", - განუცხადა შოთა ბურჯანაძემ "ბიზნეს ინსაიდერს”.

უცხოელი მუშახელი თანდათან შემოდის სამშენებლო სექტორშიც. კადრების მოძიება აქაც შუა აზიის ქვეყნიდან ხდება. ბიზნესის მცირე ნაწილს კარგად აქვს გააზრებული, რომ კადრების დეფიტიცის მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა, მაგრამ ასეთი, სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელია. ამგვარ კატეგორიას მიეკუთვნება სამშენებლო კომპანია, შპს "ზუკაკუს” დამფუძნებელი, ზურაბ კუკულაძე, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანი თუკი "კაპიკებზე" მუშაობს, ის უცხოეთში დასაქმებაზე იფიქრებს, რადგან ემიგრაციაში უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.

"პირადად მე, უცხოეთიდან სამუშაოდ არავინ ჩამომიყვანია, ისე კი, ახლაც და ადრეც გამიგია, რომ ყაზახეთიდან ჩამოყვანილ ადამიანებს სთავაზობდნენ სამუშაოს. კადრების დეფიციტი თავისავად არსებობს, რადგან ვისაც რამის კეთება შეუძლია, მარტივად მიდის ევროპაში და მუშაობს გაცილებით მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე.

არა მარტო დეფიციტია, არამედ 30-50%-ით გაძვირდა მუშახელი. უკვე წელს, მხოლოდ 3 თვეში დაახლოებით, 20%-ით გააძვირეს მომსახურება, თუმცა საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, რომ ეს გარემოება მთლად ცუდი არ არის, რადგან დაბალანაზღაურებადი თანამშრომელი ვერ იძლევა ისეთ შედეგს, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება მისაღები.

რეალურად, ბიზნესი შეჩვეულია, რომ თანამშრომლებს "კაპიკები" გადაუხადოს და მუშახელი დღეში 20 და 30 ლარად ამუშაოს. ამიტომ წუწუნებს ბიზნესი, რომ ადამიანი მონურ ანაზღაურებას არ თანხმდება. არავის სიამოვნებს პოლონეთში წასვლა და ოჯახისგან მოწყვეტა, მაგრამ ადამიანს იქ უფრო მეტს სთავაზობენ, ვიდრე აქ და ამიტომ მიდის. დღეს თუ შესაბამისად გადაიხდი, კვალიფიციურ კადრსაც იპოვი და არც საკადრო კრიზისი გექნება.

ბიზნესს ფულის კეთება უნდა იმის ხარჯზე, რომ ადამიანები მონებად ამუშაოს. ბიზნესის მომხმარებელი ხომ ისევ ადამიანები, ჩვეულებრივი ეკონომიკური სუბიექტები არიან? მომხარებლებმა თუ ფული ვერ იშოვეს, ბიზნესს თანხას როგორ გადაუხდიან? თუ ბიზნესი მეტ ფულს გადაუხდის თავის დასაქმებულებს, ისინი ისევ ბიზნესისგან შეიძენენ, პროდუქტსა თუ მომსახურებას.

როცა ადამიანს 400 და 600 ლარზე ამუშავებ, ბუნებრივია, ის იფიქრებს, რომ უფრო მაღალი შემოსავლის მქონე სამსახური იპოვოს - ეს ან ადგილობრივი ბაზარი იქნება, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ. სრულ უნამუსობასთან გვაქვს საქმე, ყველა მხრიდან მოგება უნდათ”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ.

დაბალი ანაზღაურების შემდეგ, მუშა ხელის დეფიციტის ერთ-ერთი მიიზეზი ისაცაა, რომ ქვეყანაში პოპულარობით ვერ სარგებლობს პროფესიული განათლება. ასე მაგალითად, ყოველწლიურად კოლეჯებს დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი ამთავრებს, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებს - 45 ათასი. ამ თანაფარდობის შეცვლა არც ისე მარტივი საქმეა, რაც 1 ან 2 წელში ვერ მოხერხდება. ამ დროს, ქვეყანაში სწორედ ისეთ პროფესიებზეა მოთხოვნა, რომელიც კოლეჯებში ისწავლება, თუმცა განათლების მიღებას და პროფესიის შესწავლას, დღეს, ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილი უნივერსიტეტებში ცდილობს.

ასეთი რთული მოცემულობის გამო, განათლების ახალმა მინისტრმა პროფესიული განათლება პრიორიტეტად დაასახელა.

„პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ, იოლ მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართვისთვის", - განაცხადა განათლების მინისტრად ახლადდანიშნულმა გიორგი ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×