"საქართველოს ან იმის ექსპორტი უწევს, რაც ბუნებამ გვაჩუქა, ანდა შემოგვაქვს სხვისი პროდუქცია და შემდეგ გაგვაქვს სხვაგან"
გვანცა წულაია
22.03.2023

საქართველო ექსპორტის მაჩვენებლებს დამაჯერებლად ზრდის, თუმცა ქვეყანას სამეზობლო უფრო ჰყავს ათვისებული და დასავლეთის ბაზრებზე ნაკლებადაა წარმოდგენილი. თანაც, სტატისტიკაში დიდი წილი რეექსპორტს, ანუ სხვა ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქციას და შემდგომ აქედან გატანას უკავია. წინა წლებთან შედარებით, ბოლო პერიოდში ზრდა წმინდა ექსპორტის მიმართულებითაცაა, მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება შეიძლება.

ახლანდელი საექსპორტო მაჩვენებლის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში 915 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 20.3%-ით მეტია.

მკვეთრად შეიცვალა საექსპორტო გეოგრაფია - იანვარ-თებერვალში 532 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა დსთ-ს ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს უტოლდება და წინა წელთან შედარებით 202 მილიონი დოლარით მეტია. ამასთანავე, შემცირებულია ექსპორტი ევროკავშირში, რამაც 115 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მთლიანი ექსპორტის 12.6%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის 21% მოდიოდა.

როგორც ეკონომისტი სოსო არჩვაძე და აცხადებს, წმინდა ექსპორტთან ერთად, რეექსპორტის ზრდაც მნიშვნელვანია, რადგან ამ დროს საქართველო საიმედო პარტნიორის როლსა და შთაბეჭდილებას ტოვებს.

"ერთი შეხედვით, თითქოს, ცუდი არ არის ბოლო მონაცემები, მაგრამ ექსპორტის საკმაოდ დინამიკურ ზრდას ისე მივეჩვიეთ, რომ უკმარისობის გრძნობას ტოვებს. თებერვლის სტატისტიკას რომ გადავავლოთ თვალი, მართალია, ექსპორტი გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელი, ძირითადად, რეექსპორტის ხარჯზეა მომატებული. რეექსპორტის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სავაჭრო პარტნიორები, უშაულო და არც თუ უშუალო სახმელეთო მეზობლები გარკვეულ ინტერესსა და რაც მთავარია, ნდობას იჩენენ საქართველოს მიმართ. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა საიმედო პარტნიორის როლსა და შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამის დასტურია ისიც, რომ ერთ წელიწადში რეექსპორტი გაიზარდა 107%-ით. ეს ტენდენცია საკმაოდ დამაჯერებელი და კარგი მაჩვენებელია, რადგან რეექსპორტის მატება ასევე ნიშნავს იმას, რომ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის ლიგისტიკას, განვითარებისთვის დამატებითი იმპულსი მიეცემა.

მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ექსპორტის გარკვეული შემცირება, რაც ორ მომენტს უკავშირდება. პირველი – ცალკეული სახის მიწოდების  კონტრაქტების დასრულებას, განსაკუთრებით სანადლეულო ხაზით და მეორე – ლარის მეტისმეტ გამყარებას. ლარი ბოლო ერთ წელში საგრძნობლად გაძლიერდა და ეს დამატებით ბარიერებს ქმნის ჩვენი საგარეო სავაჭრო აქტიურობისთვის, რადგან ქართული პროდუქცია უფრო და უფრო ძვირი ხდება დოლარის განზომილებაში”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ წმინდა ეკონომიკური კუთხით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის ეკონომიკა იზრდება წარმების ხარჯზე თუ მომსახურების ხარჯზე.

საქართველო სამეზობლოში უფრო აქტიუადაა წარმოდგნილი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. სოსო არჩვაძემ ის სამი საჭირო გზა დაასახელა, რაც ევროპაში ექსპორტს გაზრდის.

"დასავლეთის ბაზრებში იგულისხმება ევროკავშირი და ამერიკა. ამ მიმართულებით ზრდა, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ სასურველია უფრო მაღალი მაჩვენებლებით ვიყოთ ამ ბაზრებზე წარმოდგენილი, რადგან ისინი ხასიათდებიან საკმაოდ მაღალი მსყიდველობითი და გადახდისუნარიანობით. ამისათვის საჭიროა მაღალი ხარისხი, უვნებლობა და ფასი”, - დასძინა ეკონომისტმა "რეზონანსთან”.

წმინდა ექსპორტი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელვანია შედარებით შემცირდა, თუმცა მაჩვენებელი წინა პერიოდებთან შედარებით უკეთესია. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 54.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით შემცირდა და 497.2 მლნ აშშ დოლარი გაუტოლდა.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანია წმინდა ექსპორტის გაზრდა და დასავლეთის ბაზრებზე აქტიურად გასვლა.

"ბოლო ხანებში მაჩვენებლები ძალიან გაზრდილია, რაშიც, ალბათ, წვლილი ომმაც შეიტანა, თუმცა  მანამდეც არ გვქონდა ცუდი შედეგი. თუ გვინდა რომ წარმატებული ქვეყანა ვიყოთ, ჩვენი შრომით და გონებით შექმნილი პროდუქცია უნდა გაგვქონდეს სხვა ქვეყნებში, თუმცა რაღაც ფაქტორები გვიშლის ხელს, რაც ვერა და ვერ სწორდება. ამიტომაა, რომ სტატისტიკაში რეექსპორტის მოცულობა დიდია. საქართველოს ან იმის გატანა უწევს, რაც ბუნებამ გვაჩუქა, ანდა ვიყენებთ ჩვენს სავაჭრო გზას და შემოგვაქვს პროდუქცია და შემდეგ გაგვაქვს სხვაგან.

ჩვენ ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულება ისე ვერ გამოვიყენთ, როგორც უნდა გამოგვეყენებინა. რუსეთში ახლა უფრო მეტი პროდუქცია გაგვაქვს, როცა ევროპასთან ვაჭრობის მხრივ დიდი ძვრა არ ყოფილა. ევროპის ბაზრების გამოყენება უნდა მოვახერხოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქმე ბევრად უკეთ გვექნება. ჩვენი ძირითადი ბაზარი ისევ და ისევ სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთია. ევროპის წილი კი ისე ვერ იზრდება, როგორც საჭიროა. ამიტომ ამაზე უნდა ვიზრუნოთ.

იმას არ ვამბობ, რომ ევროპაში არავის გააქვს თავისი ნაწარმი. ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს გეოგრაფიული მდებარეობაც. ვიღაცები ფიქრობენ, რომ გაცილებით იოლად შეიტანენ საქონელს მეზობელ ქვეყნებში და შესაბამისად, უფრო აქტიურად ვაჭრობა სწორედ იქ მიმდინარეობს”, - განუცხადა გივი მომცელიძემ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×