ვახტანგ იობაშვილი: ტენდენცია თუკი შენარჩუნდება, დაახლოებით 30-40 თეთრის ფარგლებში შეიძლება შემცირდეს ფასი
ქეთო გოგოხია
20.03.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის საწვავის იმპორტიორ კომპანიებს დიზელზე ფასების შემცირების რეაკომენდაციით მიმართავს. ორგანიზაციის პოზიცია განპირობებულია სასოფლო-სამეურნეო სექტორის მხარდაჭერის სურვილით და ცდილობს, მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების ხარჯი შეუმსუბუქდეს.

ამ ეტაპზე დიზელის ფასი  ბრენდირებულ სადგულრებში 3,45-3,50  ლარის ფარგლებშია. ბოლო 1 თვის განმავლობაში ფასი 5-10 თეთრით შემცირდა, თუმცა მოლოდინია, რომ უფრო გაიაფდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, თუკი გლობალური ფაქტორებიც ხელს შეუწყობს. ტენდენცია ჯერჯერობით ხელსაყრელია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის თქმით, დიზელის გაიაფება ფერმერებისთვის დიდი შეღავათი იქნება.

ამ შედეგის გავლენას ყველა იგრძნობს, ვინაიდან წარმოებული პროდუქტის ფასზეც სამომავლოდ დადებითად უნდა აისახოს.

,,დიზელის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში იკლებს, მაგრამ ცვლილება ჯერჯერობით უმნიშვნელოა. იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში საგაზაფხულო სამუშაოებია დაწყებული, ამ ტიპის საწვავის გაიაფებით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანესი სექტორია საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის, უკლებლივ ყველასთვის. ამიტომ თხოვნით მივმართავ ყველა ჩვენს კომპანიას, რომ მოიძებნოს რესურსები და რა საშუალებაც იქნება, ფასთა კლების ტემპი დაჩქარდეს.

ცვლილება დაგეგმილი იყო, ველოდებით კიდეც, რომ ჩვენს რეკომენდაციას, თხოვნას გაითვალისწინებენ. ფასის კლება დღეს ყველა კომპანიის ინტერესშია, მით უმეტეს, როცა საკითხი დიზელის საწვავს შეეხება. ჩვენ საკუთარი პოზიცია გამოვხატეთ. ვიმედოვნებთ, რომ საცალო სექტორიც იტყვის თავის სიტყვას და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს  მხრიდანაც ფასებთან დაკავშირებით შეღავათი იქნება“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

მისი ვარაუდით, მთლიანობაში შესაძლებელია 30-40 თეთრის ფარგლებში შემცირდეს დიზელის ფასი, თუკი ბიზნესი კეთილ ნებას გამოიჩენს. ეს დღეისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

,,კლების ტენდენცია თუკი შენარჩუნდება, დაახლოებით 30-40 თეთრის ფარგლებში შეიძლება შემცირდეს ფასი. დიდწილად, გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული, რომელიც არანაირ პროგნოზს არ ემორჩილება. ეს არის პირადად კომპანიების ნება, მათ მენეჯერებზე დამოკიდებული.

დღესდღეობით დიზელის იმპორტი ჩვეულებრივ შენარჩუნებულია, რაოდენობა და მასშტაბები არ შემცირებულა. ვიცით, რომ გაზრდილია ტრანზიტი, ამიტომ უნდა ვეძებოთ რესურსი და დავიწყოთ ფასების კლება დიზელის საწვავზე. წინმსწრებად არანაირი გაანგარიშება ნავთობპროდუქტების ბაზარზე არ შეიძლება, ამას ვერავინ გათვლის, რა იქნება ხვალ, მაგრამ რაც უკვე ვახსენე, რესურსებიდან გამომდინარე უნდა გამოიძებნოს ის გზები, რომ დიზელის ფასი წამოვიდეს ქვემოთ. ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, რა საშუალებას მოგვცემს რესურსები, ეს უახლოეს მომავალში გამოიკვეთება“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი დიზელის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო.

ვახტანგ იობაშვილის შეფასებით,  ზოგადად უმძიმესი ვითარებაა, ვინაიდან  შემოდის აღურიცხავი საწავი არა მარტო ტრაილერებით, სამგზავრო ავტობუსებითაც.

,,ცხადია, ეს ფული აკლდება კეთილსინდისიერ კომპანიებს. გარდა ამისა, დანაკარგს განიცდის  საქართველოს ეკონომიკა, ბიუჯეტი, სოციალური პროგრამები და საბოლოო ჯამში, ყველა ვზარალდებით. ამიტომ ზომები უნდა მივიღოთ. ჩვენ ბოლო წლებში მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მოსაზღვრე ქვეყნებიდან (აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან) ხდება აღურიცხავი პროდუქტის შემოდინება. ეს არაორგანიზებული ბიზნესია, რომელიც დიდ პრობლემას გვიქმნის.

საქმე ისაა, რომ თურქეთში ამ მხრივ სხვა სიტუაციაა, ვიდრე აზერბაიჯანსა და რუსეთში. ვინაიდან იქაურ ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავი იაფია, ეს არის ძალიან მტკივნეული ფაქტორი. 4  ათასი ტონა აღურიცხავი დიზელი ქართული ეკონომიკისთვის ძალიან დიდი ზარალია. შეიძლება, ყველგან შემოვიდეს ასეთი საწვავი, მაგრამ ძირითადი  დისლოკაციის ადგილები ცნობილია - თბილისის შემოვლითი გზა, ასევე  დიდი ტრაილერების თავმოყრის ადგილები მარტყოფთან, სადაც  ტრაილერების ე.წ. სადგომებია და მას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მთავრობისთვის ამ პრობლემის შესახებ ცნობილია. გაცილებით ადრე მივიღეთ ზომები და მივაწოდეთ ინფორმაცია მთავრობას, მთელ საზოგადოებას, თუმცა რემდე არავის მოუხდენია რეაგირება“, - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 89,3 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (90,1 ათასი ტონა) შედარებით.

კერძოდ, 2023 წლის იანვარში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 38,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 50,4 ათასი ტონა.

აღნიშნულ პერიოდში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 75 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84%-ს შეადგენს.

მომდევნო თვის სტატისტიკა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×