,,ძველი სქემით იძირებოდა სოფელი თავისი ეკლესიებით და სასაფლაოთი, ახლა ეს გამოირიცხა, ახალი სქემით კაშხალი გადატანილია 6 კილომეტრით ზევით"
ქეთო გოგოხია
07.02.2023

ხუდონჰესის პროექტი ახალ სიცოცხლეს იძენს. მთავრობამ ,,ოქროს შუალედი" გამონახა. ჰესი აშენდება ისე, რომ ხაიში და მიმდებარე სოფლები არ დაიტბორება.  ენერგეტიკოსების ის ნაწილი, რომელმაც ანალოგიური სქემა წლების წინ წარუდგინა მთავრობას, პირდაპირ აცხადებს, რომ გამოსავალი მოიძებნა და პროექტი განხორციელდება ისე, რომ  ქვეყანას და ხალხსაც დიდ სარგებელს მოუტანს.

მთავრობა პირობას დებს, რომ ჰესის მშენებლობისას სოფლის, ეკლესიის, საფლავების დატბორვა საჭირო აღარ იქნება. როგორც პრემეირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტის მოდიფიცირებაზე  მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

,,შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია და მარტის ბოლოს ან აპრილში შედეგი აუცილებლად იქნება, რაც გულისხმობს ჰესის ახალ ლოკაციას.

,,ეს თავიდან აგვარიდებს სოფლის დატბორვას და მეორე მხრივ იქნება იმგვარი გადაწყვეტილება, რომ ენერგოსისტემას და ენერგოპერსპექტივებს არ დააზიანებს. შესაძლოა, მართლაც შემცირდეს დადგმული სიმძლავრე, მაგრამ ჰქონდეს საკმაოდ მაღალი გამომუშავება, რაც ჩვენი მიზანია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანალოგიური სქემა რამდენიმე წლის წინ ქართველმა ენერგეტიკოსებმაც შეიმუშავეს. ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, საინიციატივო ჯგუფის წევრი, ენერგეტიკოსი სიმონ ბახტურიძე მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი აზრით, ყველაზე სწორი გზა გამოინახა და ხუდონჰესი აშენდება  უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, სადაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

 ,,ელექტროსადგურის ლოკაცია არ იცვლება, რჩება როგორც იყო, გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე მცირდება, ხოლო წყალსაცავი, რომელიც  ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ახალ სქემაში გადატანილია ზემოთ, იქნება ზომით მცირე, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის სწორი ალგორითმი, თუ როგორ უნდა აშენდეს ხუდონჰესი. ცხადია,  სწორი გზა გამოინახა, რომ სოფელი არ დაიტბოროს. ეს იყო და არის ჩვენი ინიციატივაც, ამ პროექტით დაკავებული ვიყავით მრავალი წლის განმავლობაში.

როცა ხუდონჰესი გახდა აქტიური საკითხი, დაიფიცა მოსახლეობამ, რომ არ ააშენებინებდნენ, არ მისცემდნენ საფლავებისა და ეკლესიების დატბორვის საშუალებას. ეს ფაქტორი ახლა გამოირიცხა. გადაწყდა, რომ წყალსაცავი  დასახლებისგან შორს განთავსდება, ანუ  გადატანილი იქნება სოფელ ხაიშის ზემოთ, აღარ დაიტბორება სოფელი, რაც იყო პროექტის განუხორციელებლობის მიზეზი", - აღნიშნა სიმონ ბახტურიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

მისი აზრით, ახალი პროექტით კმაყოფილი დარჩება მოსახლეობა, გაჩნდება სამუშაო ადგილები და რეგიონი უფრო გაძლიერდება.

,,ამიერიდან უკმაყოფილების მიზეზი არ იარსებებს. პერიოდულად ვაქვეყნებთ, როგორ უნდა აშენდეს ჰესი, საბოლოოდ უნდა შეიკრიბოს გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელსაც საფუძვლიანად აქვს შესწავლილი მისი ყველა ნიუანსი. უნდა გამოინახოს ოპტიმალური შუალედი, რომ არც მოსახლეობა დაზარალდეს და არც ბუნება. დაადასტურა დრომ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული სქემა არის ოქროს შუალედი, რომელიც ქვეყანას სარგებელს მოუტანს და არავინ დაზარალდება. მზად ვართ მთავრობას ამოვუდგეთ მხარში და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", - უთხრა "რეზონანსს" ენერგეტიკოსმა.

ახალი სქემის მიხედვით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას მიწისქვეშა ნაგებობები, წყალი მიეწოდოს სადაწნევო გვირაბით და მშენებლობა განხორციელდეს საქართველოში უკვე ცნობილი და აპრობირებული მეთოდით.

ყოფილი "საქენერგოგენერაციის" არატრადიციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, საინიციატივო ჯგუფის წევრი სიმონ ბარამიძე ალტარნატიული პროექტის დეტალებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც კაშხალი აშენდება 6 კილომეტრით ზემოთ, რაც დასახლებულ პუნქტებს გადაარჩენს. ჰესი დარჩება იქ, სადაც ძველი პროექტით არის გათვალისწინებული და წყალსატევს რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება. ამგვარად ენგურჰესსა და ახალ წყალსატევს შორის შეიქმნება ე.წ. განიავების სივრცე, რაც გარემოსთვის მნიშვნელოვანია.

,,ძველი სქემით იძირებოდა სოფელი თავისი ეკლესიებით და სასაფლაოთი, ახლა აღარ იძირება. ახალი სქემით, კაშხალი ატანილია ზევით, ხაიშის თავზე, შესაბამისად, წყალსაცავი გადავიდა ზემოთ, გვირაბი გაკეთდება ქვემოთ და გავა ქვაბულში, რომელსაც გამოვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ ენგურის და ჟინვალის სამანქანო დარბაზი მიწისქვეშაა, დიდი ქვაბული გამოთხრილია და ხუდონის შემთხვევაშიც, სამანქანო დარბაზი მიწის ქვეშ იქნება. 

დიდი ხანია გამოვდიოდით ინიციატივით, რომ ხაიში არ ჩაძირულიყო და ასეც იქნება. ამასთან ადგილობრივებს დასაქმების პირობრბს შევუქმნით, მუნიციპალიტეტი განვითარდება და საბოლოოდ სოციალური გარანტიებიც გაძლიერდება. ძალიან მნიშვნელოვანი, სარგებელზე ორიენტირებული  სწორი სქემა იქმნება, რასაც მივესალმებით", - აღნიშნა სიმონ ბარამიძემ ,,რეზონანსთან".

ენერგეტიკოსის თქმით, ხუდონჰესისა და ხაიშის ახალი სქემებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს.

თუკი ძველი პროექტის მიხედვით, ჰესი გამოიმუშავდა 1,5 მლრდ კილოვატ/საათ ენერგიას, ახალი სქემის მიხედვით  ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 2,3 მლრდ კილოვატ/საათამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა. ახლა კი სახელმწიფოს უშუალო თანამონაწილეობით აშენდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×