"არც ერთი შენობის ბეტონის სიმტკიცე სტანდარტებში არ ჯდებოდა. ხარისხი იყო ძალიან დაბალი!"
ქეთო გოგოხია
06.02.2023

თბილისსა და რეგიონებში ცათამბჯენების მშენებლობა დიდი რისკის შემცველია. სპეციალისტების მტკიცებით, 12 სართულზე მაღალი კორპუსები დედაქალაქში  სეისმურად არამდგრადია, ამიტომ მშენებლობა შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის გარეშე არ უნდა დაუშვან, რაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ხოლო 7-8 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტდეს და სეისმური უსაფრთხოების თვალსაზრისით სპეციალური ექსპერტიზა გაიაროს.

ამ რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიას გაეგზავნა ,,მშენებელთა ლიგის" მიერ მომზადებული დასკვნა, რომელსაც ნაშრომის ავტორები თბილისისა და თბილისელების გადარჩენის პროგრამად მიიჩნევენ და ასაბუთებენ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა  ასეთი მაღალი რისკისგან ქალაქი დაცული იყოს.

,,მშენებელთა ლიგის" ხელმძღვანელ ანზორ საკანდელიძის განცხადებით, განსაკუთრებით საშიშია მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რასაც კანონი კრძალავს, მაგრამ არ ხდება აღსრულება და, შესაბამისად, არც კონტროლი.

,,ათეულობით წლებია, არაფერი შემოწმებულა, როცა სეისმომდგრადობაზე სტანდარტი განახლებული უნდა იყოს. ახლა მაინც მოეგონ გონს, როცა მეზობელ სახელმწიფოში ამ დონის ტრაგედია დატრიალდა და შენობები მიწასთან გასწორდა.  ჩვენ მერიისთვის წარდგენილი გვაქვს თბილისისა და თბილისელების გადარჩენის პროგრამა, სადაც ზედმიწევნით ვასაბუთებთ რისკებს, რაც მაღალი სახლების მშენებლობებს ახლავს, ყველა საფრთხე შესწავლილი, დათვლილი და დასაბუთებულია, რაზეც შესაბამისი ზომების გატარებას ვითხოვთ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხიც ვერ მივიღეთ.

შემოწმება თუ არ მოხდება, შენობების მდგრადობაზე საუბარი გადაჭარბებულია. თბილისი დაპროექტებულია ისე, რომ გაუძლოს 8 ბალს, მაგრამ ხელახლა არის შესასწავლი, სეისმომდგრადობაზე შენობები თავიდან უნდა შემოწმდეს და მომზადდეს დასკვნები, რის საფუძველზე ახალი მშენებლობისთვის რეკომენდაციები მომზადდება. ყველა ვხედავთ არაფერი მსგავსი არ ხდება", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საკანდელიძემ და დასძინა, რომ გეოლოგების დასკვნებს საერთოდ არ  ითვალსწინებენ, წყალქვეშა მდინარის თავზე შენდება მაღალი კორპუსები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველებია და ნებისმიერ დროს შეიძლება უბედურება დატრიალდეს, რისგანაც ქალაქი არ არის დაზღვეული.

,,ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრული კლინიკის ტერიტორიაზე, ბარბაროსულად შეიჭრნენ მშენებლები, უიშვიათესი ჯიშის, ,,წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარეები გაანადგურეს და  32-სართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. ამ დროს არსებობს კანონი, რომლის მიხედვით, შენობის კონსტრუქცია კანონში ჩადებულ მოთხოვნებს თუ არ აკმაყოფილებს, არ უნდა აშენდეს.  მაქსიმალური სართული 12-ს არ უნდა აღემატებოდეს, ამ დროს 32 სართულიანზე ნებართვა როგორ გასცა ქალაქის მერიამ, წარმოუდგენელია! ჩვენ გავასაჩივრეთ სამივე დონის სასამართლო მოვიგეთ, გამოიტანეს გადაწყვეტუილება, რომ შეჩერდეს მშენებლობა და პროექტთან შესაბამისობაში მოვიდეს მშენებლობა, თუმცა გადაწყვეტილება არ აღასრულეს და ცათამბჯენი მაინც აშენდა.

ერთ-ერთი ცნობილმა გეოლოგისგან მაქვს ინფორმაცია, რომ 32-სართულიან შენობებს მიწისქვესა მდინარის თავზე აშენებენ. მშენებლობისას კორპუსის ფუნდამენტებში რამდენიმეჯერ მოხდა წყლის მოვარდნა და სარდაფები დაიტბორა. ცხადია, წყალქვეშა მდინარის თავზე 32-სართულიანი სახლის მშენებლობა ნებისმიერ მომენტში გამოიწვევს საფრთხეს.

თურქეთში, სადაც მიწისძვრა მოხდა, არც წყალქცვეშა მდინარე გადიოდა, არც 32-სართულიანი შენობები იდგა, მაგრამ დაინგრა ქალაქი. გამოდის, რომ  ჩვენ ნაღმზე ვართ დროულად უნდა მოვეგოთ გონს, მერიამ ეს საკითხი უპირველეს დონეზე შესასრულებლად უნდა აიღოს. თუკი წყალქვეშა მდინარე გადის და რეცხავს მთელ გრუნტს, დიდი საფრთხეა და ყველა ეს შენობა შესამოწმებელია", - დასძინა ანზორ საკანდელიძემ.

მაღალი შენობები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ რეგიონებშიც. თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის  მანუჩარ მაჩაიძის თქმით, მრავალსართულიანი მშენებლობა სეისმურად აქტიურ ზონაში კანონის დარღვევა და პირდაპირ ხალხის გაწირვაა, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება. სამშენებლო პროცესში, გარდა სეისმომდგრადობისა, ყველა ნიუანსი შესამოწმებელია, რამდენადაც ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რასაც სპეციალური კვლევით უნდა გაეცეს პასუხი.

,,მშენებლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გახლდით. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით დავიწყეთ თბილისში სამშენებლო პროცესის შესწავლა. შედეგი მივიღეთ სავალალო. არც ერთი შენობის ბეტონის სიმტკიცე სტანდარტებში არ ჯდებოდა. ხარისხი იყო ძალიან დაბალი. 15-20 წლის წინანდელ პერიოდზე ვსაუბრობ. დავაყენეთ ასეთი მშენებლობების შეჩერების საკითხი, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ჩვენი მოთხოვნა. ახლაც ანალოგიური საფრთხეა. მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, მაგრამ სათანადო დონემდე მაინც არა, ამიტომ აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური კვლევა, რათა დედაქალაქმა მოსალოდნელი სერიოზული საფრთხე თავიდან აიცილოს.

პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს პროექტები და სისტემა შექმნას. ქალაქი ვალდებულია სპეციალური სამსახური ჰქონდეს, რომელიც მთელ საცხოვრებელ ფონდს რეგულარალურად ჩაუტარებს გამოკვლევებს. მთავარია ზუსტად დადგინდეს და დიაგნოზი დაისვას, თუ სადაა სამუშაოები ჩასატარებელი და სად არის დანგრევისა და ახლის აშენების აუცილებლობა, რიოგორ უნდა ვაშენოთ ისე, რომ ნგრევა ავიცილოთ და ტრაგედია არ მოხდეს", - აღნიშნა მაჩაიძემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სეისმოლოგები ამტკიცებენ, რომ 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც 7,8 მაგნიტუდა დაფიქსირდა, ასეთი მასშტაბის მიწისძვრა თურქეთში არ მომხდარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×