პრემიერი მკაცრ რეაგირებას ითხოვს, სპეციალისტები კოლოსალურ მოგებაზე საუბრობენ
გვანცა წულაია
07.02.2023

საქართველოში საწვავის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, სადაც ნავთობპროდუქტები იაფია. ბრენდირებული და არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები, ძირითადად, სწორედ ამ ბაზრით სარგებლობენ. დღესდღეობით, რუსეთიდან იმპორტირებული ბენზინი საქართველოს საბითუმო ბაზარზე 1.85-1.90 ლარი ღირს. მცირე გასამართ სადგურებზე 1 ლიტრის ფასი 2,20 ლარის ფარგლებშია, მსხვილ ქსელებში კი - 2,80 ლარი ღირს. შექმნილი ვითარებით განსაკუთრებით ბოროტად სარგებლობენ ის კომპანიები, რომლებიც თავად ახორციელებენ საწვავის იმპორტს რუსეთიდან და საკუთარ ქსელში 1-ლარიანი მოგებით ყიდიან. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი იმპორტიორი "ვისოლია".

საწვავის ბაზარზე განუკითხაობა კვლავ გრძელდება, რამაც პრემიერ-მინისტრის გულისწყრომა გამოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად, სამინისტროების მიერ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასს შეისწავლის. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზოგ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა 1 ლარსაც აღწევს.

„ჩვენი ჩარევის შედეგად, გარკვეულწილად, დარეგულირდა და შემცირდა ნავთობის ფასი, მაგრამ დეკემბრის მონაცემებს ვაკვირდები და ვხედავ, რომ აქ ისევ არის მაღალი მარჟები, ნავთობის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია.

მინისტრებო, თქვენ უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და უნდა შევძლოთ გონივრულ ზღვრამდე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი. აუცილებელია, ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში - ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.

მჯერა, იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის ვითარებას და დაიწყებენ საწვავის ფასების შემცირებას - ეს არის ჩვენი მოლოდინი, რაზეც გვაქვს დიდი იმედი. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩაერთვებიან ამ საკითხში აქტიურად, შექმნიან სამუშაო ჯგუფს. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს ცდუნება არ გაუჩნდეს.

ადრე იყო ბევრი საუბარი, რომ ლარის კურსი იყო ძალიან მაღალი, 3,30-3,40-ზე და ამიტომ ვერ ახერხებდნენ გაიაფებას. ჩვენი მუშაობის შედეგად ეროვნული ვალუტა არის დასტაბილურებული, 2,65-ზე ჩამოსული და ამ ადამიანებმა ფასები იგივე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია, მარტივად და კორექტულად რომ ვთქვათ. ამ საკითხს სჭირდება აქტიური მუშაობა და დარეგულირება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე წარმოადგენთ თქვენს ხედვას და გამოსავალს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის კრიტიკა, რასაკვირველია, ბრენდირებული ქსელების მიმართ იყო გამოთქმული, რომლებიც ლამის 3 ლარად ყიდიან 1 ლიტრ ბენზინს. არდა, მათ ნაწილს თავად შემოაქვს იაფი საწვავი რუსეთიდან. ასეთია კომპანია „ვისოლი“, რომელიც თითქმის 1-ლარიანი მოგების მარჟით ყიდის საწვავს საკუთარ ბენზინგამართ სადგურებში. ეს მაშინ, როდესაც სხვა კომპანიებს, რომლებიც აგრეთვე რუსეთიდან ახორციელებენ იმპორტს, ფასნამატი ბევრად ნაკლები აქვთ.

„ვისოლი“ იმ კომპანიების ტოპ ათეულშია, რომლებსაც საწვავი რუსეთიდან შემოაქვთ. იმპორტიორები არ არიან რეიტინგის მიხედვით დალაგებულები, თუმცა „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ბაზრით სარგებლობენ ასე გამოიყურება: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „შპს იბეროილი“, „შპს ლაგუნა“, „შპს ლუკოილ-ჯორჯია“, „შპს ნათიანა“, „შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია“, „შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, „შპს ტესტა პეტროლიუმი“, „შპს ჯეორჯიან როუტ“.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორი, კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ არ აიაფებენ საწვავს ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები, რომლებსაც საწვავის შეძენა და თვითღირებულების ხარჯი მკვეთრად გაუიაფდათ და ამჟამდ ისეთივე აქვთ როგორიც არაბრენდირებულ სადგურებს.

„დღესდღეობით მნიშვნელოვნად შემცირებულია საწვავის ფასი საქართველოში, რაც განპირობებულია გლობალური ფაქტორით. ამას ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენცია. საცალო გაყიდვებში 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2,10 -2,20 ლარამდე შემცირდა. საბითუმო ბაზარზე კი 1 ლიტრი 1,85-1,90 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ცხადია, ტენდენცია, ძირითადად, არაბრენდირებული ბინზინგასამართი სადგურებისთვის არის დამახასიათებელი. ბრენდირებულ სეგმენტში სხვა მოცემულობაა, მათ სხვა პოლიტიკა აქვთ, რაც პირადად ჩემთვის გაუგებარია. მსხვილი ავტოგასამართი სადგურების ქსელებისთვისაც საწვავის თვითღირებულება იმდენივეა, როგორიც არაბრებნდირებულებისთვის. თუკი ვინმე ამბობს, რომ მიზეზი ნაშთებია, ეს ვერ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი. დღესდღეობით საქართველოში საწვავი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის საკმაოდ დაბალი ღირებულებით", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ,

გუშინდელი დღის მონაცემებით, "რეგულარის" ტიპის საწვავი „ვისოლში“ 2.74 ღირს, თუმცა მანამდე კომპანია ბენზინს კიდევ უფრო ძვირად ყიდდა. კონკრეტული პროცენტული მონაცემები, თუ რა წილია კომპანიის იმპორტში რუსული საწვავი, უცნობია, თუმცა თავად „ვისოლში“ ამბობენ, რომ „კომპანია გარკვეული პერიოდულობით ახდენს ხოლმე იმპორტს რუსეთიდანაც“.

„კომპანია „ვისოლს“ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 23-წლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის პრიორიტეტად მიაჩნდა ხარისხი და რეალიზაციას უწევდა უახლესი ევროპული სტანდარტის გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავს. შესაბამისად, დღესაც საწვავის იმპორტის დიდ წილს კომპანია ევროპიდან ახორციელებს, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების მკვეთრი მატების ფონზე, საზოგადოებისთვის ხელმისაწმდომი საწვავის არჩევანისთვის კომპანია გარკვეული პერიოდულობით ახდენს ხოლმე მცირე იმპორტს რუსეთიდანაც.

შარშან საწვავზე პიკური ფასის დაფიქსირების შემდგომ, საერთაშორისო ბაზარზე ღირებულების დინამიკისა და ქვეყანაში გაცვლითი კურსის სტაბილურობის ფონზე, „ვისოლმა“ ჯამურად 1.30 ლარით შეძლო საწვავის გაიაფება და თუ აღნიშნული მოცემული ტენდენცია შენარჩუნდება, ფასების შემცირებას კიდევ უნდა ველოდოთ“, - განუცხადეს „ვისოლში“ „ბიზნეს-რეზონანსს“.

2021 წლის ფინანსური ანგარიშგებით ირკვევა, რომ „ვისოლის“ შემოსავალმა 530 მლნ ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ - 6.4 მლნ ლარი, ხოლო კომპანიის აქტივებმა - 231 მლნ ლარი.

როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნკა შენგელია ამბობს, რადგან „ვისოლი“ ბრენდირებული სადგურია, მოსახლეობას ჰგონია, რომ მათთან რაიმე განსაკუთრებული საწვავი იყიდება.

„საერთოდ, დღეს, საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 55%-ზე მეტი მოდის რუსეთიდან. ყველა ბენზინგასამართ სადგურს აქვს რუსული საწვავი. საქმე ისაა, რომ ბრენდირებულმა სადგურებმა დიდი ხანია მოსახლეობას ძალიან მაღალი მარჟა შეაჩვიეს, რომელიც მერყეობს 80 თეთრიდან 1-ლარამდე 1 ლიტრ საწვავზე. თუ გადავხედავთ ნაკლებად ცნობილ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, როგორიც არის „ქონექთი“, „ბიპი“, "პიტსტოპი" და სხვა, ვნახავთ, რომ გაცილებით ნაკლებ ფასში ყიდიან საწვავს და მათ მარჟა აქვს დაახლოებით 20-30 თეთრი. რადგან „ვისოლი“ ბრენდირებული სადგურია, მოსახლეობას ჰგონია, რომ მათთან რაიმე განსაკუთრებული საწვავი იყიდება, არადა, თითქმის ერთია. ევროდიზელი, ევრორეგულარი, პრემიუმი, ფაქტობრივად ყველა ერთი ხარისხისაა.

კონკურენციის სააგენტო თავის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას აპირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 2015 წელს, კარლტერული გარიგებების და ყველას მხრიდან მაღალი ფასის შენარჩუნების გამო, კომპანიები დაჯამრიმდნენ 54 მლნ-ით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტში მხოლოდ 4 მლნ შევიდა. კონკურენციის სააგენტო დაწერს ჯარიმას, მაგრამ გაიმართება სასამართლო და გადაიხდიან 10-12-ჯერ უფრო ნაკლებს, რაც ჩადებულია სწორედ იმ 1-ლარიან მოგების მარჟაში. საერთოდ, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ნავთობპროდუქტების კომპანია, რაც ვითარებას დაარეგულირებს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველომ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქცია შეიძინა და ამით 2021 წლის ლიდერი იმპორტიორი თურქმენეთი ჩაანაცვლა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი, სფერო სპეციალისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ სხვა კომპანიებთან შედარებით, რომლებიც ასევე რუსულ საწვავს ყიდულობენ, „ვისოლი“ კოლოსალურად მაღალი მოგების მარჟით მოქმედებს.

„სხვა კომპანიებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ „ვისოლთან“ ძალიან მაღალი მარჟაა, თუმცა ეს, რასაკვირველია, კომპანიის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.  ბიზნესის არსი სწორედ მაღალი მოგების მიღებაში მდგომარეობს, უბრალოდ, ეს არ უნდა ხდებოდეს სხვადასხვა და განსაკუთრებით კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ხარჯზე.

ცალსახად უნდა ითქვას ის, რომ სხვა კომპანიებთან შედარებით, რომლებიც ასევე რუსული საწვავის იმპორტს ახორციელებენ, „ვისოლი“ კოლოსალურად მაღალი მოგების მარჟით მოქმედებს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ვერ შევედავებით. შედავების საფუძელი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მარჟებით და ფასებით კომპანია მოქმედებს კონკურენციის ან სხვა კანონმდებლობის დარღვევით. იმას კი ნამდვილად გიდასტურებთ, რომ „ვისოლში“ მარჟა კოლოსალურია, სხვა კომპანიებთან შედარებით“, - განუცხადა პაატა ბაირახტარმა „ბიზნეს რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×