"შემოტანილი საქონლის თვითღირებულებამ დაიკლო, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მაღაზიებში კატასტროფა ხდება"
გვანცა წულაია
02.02.2023

საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია შედარებით გაიაფებულია, რაც მსოფლიო ბაზარზე დაწყებული ფასის შემცირებით და ეროვნული ვალუტის გამყარებით არის განპირობებული. მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, მაღაზიის დახლებზე საქონელს ფასდაკლების თითქმის არაფერი ეტყობა, არადა ამისი შესაძლებლობა რეალურად არსებობს. მეწარმეები და იმპორტიორები უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ სუპერმარკეტებში ფასს არ აკლებენ და იაფად მიღებულ პროდუქციას ძვირად ყიდიან.

საერთაშორისო ბარზებზე პროდუქცია იაფდება, საქართველოში კი ერთი წელია, რაც ლარი მყარდება. ამ ორი ფაქტორი გამო, ქვეყანაში შემოტანილი საქონლის გაიაფების შესაძლებლობა შეიქმნა და ასეც მოხდა კიდეც საბითუმო შესყიდვებში, თუმცა საცალო სეგმენტში ეს თითქმის არ იგრძნობა. მომხმარებელს მაღაზიებში სასურველი პროდუქტები ისევ მაღალ ფასად ხვდება.

სადისტრიბუციო კომპანია "დუს” ხელძღვანლის დავით გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბაზარზე პროდუქციის ღირებულებამ იკლო, თუმცა "მაღაზიებში კატასტროფა ხდება”.

"საერთოდ, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ისე კი, როდესაც ლარს ნორმალური ნიშნული უჭრავს, ეს კარგია. კურსის ის ნიშნული, რომელიც ამ თვეების მანძილზე გვაქვს, იმპორტიორებისთვის სრულიად მისაღებია, მაგრამ გააჩნია, რა მოხდება მსოფლიოში, რადგან თავად დოლარი უფასურდება და როდესაც ასე ხდება, საზღვარგარეთ პროდუქციის ფასი დოლარში იწევს.

დღესდღეობით, ვითარება ასე თუ ისე სტაბილურია და წინა წლებთან შედარებით იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება დაბალია. ბაზარზე შემოტანილი საქონლის თვითღირებულებამაც დაიკლო, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მაღაზიებში კატასტროფა ხდება.

მოთხოვნის მიმართულებით აქტივობა იგრძნობა. დღესდღეობით საქონელზე მოთხოვნა შეინიშნება, მით უმეტეს პანდემიის შემდეგ, გაყიდვები არის და მუშაობა გვაქვს, მაგრამ სავაჭრო ქსელები სათანადდო არ აიაფებენ პროდუქციას”, - განუცხადა "რეზონანსს” დავით გოგიჩაიშვილმა.

ქვეყანაში მასობრივი გაძვირება პანდემიის წლებში დაიწყო, რაც იმპორტირებული საქონლის ყველა კატეგორიას შეეხო. მაშინ, რიგი დასახელების პროდუქცია დეფიციტურიც გახდა, რაც საბოლოო ჯამში, ფასზე აისახა. ამის შემდეგ, უკვე შარშან, გაიზარდა მოთხოვნა, რაც მიგრანტების ტალღის შემოდინებამ გამოიწვია.

საბოლოოდ, შეიძლება იმის თქმა, რომ პანდემიურ წლებთან შედარებით, დღესდღეობით სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო საქონლის თვითღირებულების კლება ნამდვილად შეიმჩნევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქცია მომხმარებლამდე დაბალ ფასად მიდის და მაღაზიები მას სათანადოდ აიაფებენ.

პროდუქცია რომ მაინც ძვირია და რიგი მათგანის შეძენა მოქალაქეების ნაწილისთვის პრობლემურია, ამაზე მეტყველებს "ენდიაის” კვლევაც, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს და მათთვის მთავარი პრობლემა სიძვირეა.

მეპურეთა ასოციაციის ხელძღვანელი მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ მაღაზიის დახლებზე რეალური ფასები და პროდუქციის ღირებულება გაბერილია.

"ახლა ძალიან ბევრი მაღაზია გაჩნდა, რომლის მფლობელსაც ფართი აქვს ნაქირავები და მეპატრონეს უნდა გადაუხადოს ქირის თანხა. ამიტომ ბიზნესმენი თვლის, რომ როგორც მოეხერხება, ისეთი ფასნამატი გააკეთოს პროდუქციაზე. სფრე პურპროდუქტებში არსებობდა სავაჭრო დათმობა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლებოდა 5%-ზე მეტი ღირებულების დამატება. ახლა ვისაც რაც მოესმურვება იმას აკეთებს და პროდუქციას ფასს ისე ადებს. არავითარი წესები აღარ მოქმედებს.

დღეს, ე.წ. ქვის პურს მაღაზიებს მწარმოებლები 80-90 თეთრად აწვდიან, არის 1.05-1.10-ლარიანიც, გააჩნია პურის წონას. ეს არის მისაწოდებელი ფასების მაქსიმალური ღირებულება. თავად კი რამდენად ყიდიან ყველამ ვიცით. მართალია ზოგი 1.20 ლარად ყიდის, მაგრამ მაღაზიების უმეტესობა პურს 1.50 ლარს აფასებს და მე ვიცი, სუპერმარკეტები, სადაც ე.წ. ქვის პური 1.80-იც კი ღირს.

გამოდის, რომ მაღაზიებს მათი ფასმანატის პირობებში დიდი მოგება აქვთ და ამის კონტროლი არ არსებობს. ასე კი არ შეიძლება. გაბერილი ფასები აქვთ, არადა მსოფლოში იაფდება პროდუქცია, ლარი მყარდება, რაც კარგ შესაძლებლობას აჩენს, მაგრამ ამაზე საერთოდ ვინმე ფიქრობს?

მაღაზიებში რეალური ფასები არ ჩანს. არის მაღაზიები, სადაც მაგალითად, ზეთი 5 ლარი ღირს, მაგრამ ზოგგან 8-9 ლარზე ნალებად არ იყიდება. ასეა სხვა საკვებ პროდუქტებზეც.

გარდა იმისა, რომ ფასს თავისი ნება-სურვილით ადებენ პროდუქციას, შემოვიდა ურთულესი ურთიერთობები. სავაჭრო აქტივობის თანხას ითხოვენ, ანუ დახლზე პროდუქცია რომ კარგ ადგილას ელაგოს, ამისთვის ცალკე გადასახადს აწესებენ ითხოვენ. ეს და სხვა მთელი რიგი მომენტებია შექმნილი, რის გამოც ძალიან გართულდა სავაჭრო სექტორთან ურთიერთობა", - განუცხადა "რეზონანსს" მალხაზ დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×