სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ფარმაცევტულმა კომპანიებმა სხვა მეთოდით დააბალანსეს ვითარება და, პრაქტიკულად, შემოსავალი არ შემცირებიათ"
    ელზა წიკლაური
    (30.08.2013)

    საქართველოში მედიკამენტების გაიაფების პროცესი შეჩერდა. წამლის ღირებულება 20-50%-ით მხოლოდ არჩევნების შემდეგ 2 თვის განმავლობაში შემცირდა და მას შემდეგ პრეპარატებზე ფასის კლება არ მომხდარა. ფასების გაყინვის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ ექსპერტებს, თუმცა მათი ერთი ნაწილი წამლების გაიაფებას ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს. მეორე ნაწილი არჩევნებთან კავშირს გამორიცხავს. ისინი მიიჩნევენ, რომ საცალო ქსელში მედიკამენტების გაიაფებით კომპანიებს მოგება არ შემცირებიათ, რადგან კომპანიებმა მედიკამენტები თავად სამედიცინო სექტორს გაუძვირეს და ამით შემოსავლების დაბალანსება მოახერხეს.

    საერთოდ, საქართველოში მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით კრიტიკა მუდმივად ისმის. არჩევნებამდე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ფარმაცევტულ ბაზარს მონოპოლიზებულს უწოდებდნენ და ხელისუფლებას ამის მოსპობისკენ მოუწოდებდნენ. წამლების ფასებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს რამდენჯერმე პრეზიდენტი სააკაშვილიც გამოეხმაურა, რის შემდეგაც კომპანიებმა ზოგიერთ მედიკამენტზე ფასიც კი დაწიეს. მართალია, კლება მინიმალური იყო, თუმცა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამით ქულები დაიწერეს.

    არჩევნების შემდეგ მედიკამენტებზე დაწესებულ მაღალ ფასზე განცხადება სააკაშვილს აღარ გაუკეთებია. პრემიერმა ივანიშვილმა კი რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მედიკამენტების ფასები შემცირდა. შემცირების ტენდენცია კი ხელისუფლების შეცვლიდან მხოლოდ 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ შეწყდა და დღეს პრეპერატების ნაწილი იგივე ღირს, რაც წლის დასაწყისში იყო. შედარებისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.

    მაგალითად, მედიკამენტი "ატორისი", 20 მგ 30 აბი - თბილისის აფთიაქებში არჩევნებამდე 18,75 ლარი ღირდა, შემდეგ კი დაიკლო და დღეს აღნიშნული მედიკამენტის შეძენა სულ რაღაც 12 ლარადაა შესაძლებელი.

    არჩევნების შემდგომ პერიოდში გაიაფდა "როცეფინი", 1 მგ-იანი - თბილისის აფთიაქებში 16,90 ლარი ღირდა, ახლა კი 12,95 ლარი ღირს.

    თითქმის 75%-ით დაიკლო ფასმა თვალის მალამო "დიოქსიზონზე". თუ რამდენიმე თვის წინათ აღნიშნული პრეპარატი, დაახლოებით, 9 ლარი ღირდა, დღეს მისი შეძენა 1,45 ლარადაა შესაძლებელი.

    33%-ით შემცირდა ფასი "კოკარმიტის" ნემსებზე. მაგალითად, შარშან 3 ცალი "კოკარმიტის" ნემსი 15,3 ლარად იყიდებოდა, დღეს თბილისის აფთიაქებში აღნიშნული მედიკამენტის შეძენა მხოლოდ 10 ლარადაა შესაძლებელი.

    შემცირდა "ვენორიცის" ფასიც. თუ არჩევნებამდე ერთთვიანი კურსის ჩატარებისთვის საჭირო დოზა 28 ლარი ღირდა, დღეს იგივე რაოდენობით "ვენორიცის" შეძენა მხოლოდ 10 ლარადაა შესაძლებელი.

    თბილისის აფთიაქებში 20 მგ-იანი "ენაპ რ" არჩევნებამდე 7,60 ლარი ღირდა, დღეს კი მისი შეძენა 3,95 ლარადაა შესაძლებელი.

    250 მგ-იანი "ენტეროლის" აბების ფასი 8,50 ლარიდან 7 ლარამდე შემცირდა. საბავშვო "სინეკოდის" სუსპენზია კი 15 ლარის ნაცვლად, 9,75 ლარამდე ჩამოვიდა.

    ეს არის მედიკამენტების ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც მეტ-ნაკლებად მოთხოვნადია და რომელთა ფასმა არჩევნებიდან 2-3 თვის განმავლობაში 20-50%-ით დაიკლო. მას შემდეგ ფასი პრაქტიიკულად, არც ერთ მედიკამენტზე არ შემცირებულა. უმნიშვნელო შეღავათს მყიდველი მხოლოდ მაშინ იღებს თუ ის ამა თუ იმ ფარმაცევტულ კომპანიაში წამალს კვირის კონკრეტულ დღეს შეიძენს. მაგალითად, ზოგ აფთიაქს იაფი წამლის დღედ სამშაბათი აქვს გამოცხადებული, ზოგს ოთხშაბათი და ა.შ.

    რამ გამოიწვია ფასების შემცირება და უკავშირდება თუ არა ეს ხელისუფლების შეცვლას, ექსპერტები სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებენ. ერთი ნაწილი წამლების გაიაფებას სწორედ პოლიტიკურ ცვლილებას უკავშირებს, მეორე კი არჩევნებთან პარალელს გამორიცხავს და აცხადებს, რომ საცალო ქსელში მედიკამენტების გაიაფებით კომპანიებს მოგება არ შემცირებიათ, რადგან ამის ფონზე კომპანიებმა მედიკამენტები სამედიცინო სექტორს გაუძვირეს. როგორც ექსპერტი ფარმაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე აცხადებს, თუნდაც სტომატოლოგისთვის საჭირო მედიკამენტები თითქმის გაორმაგებულ ფასად იყიდება.

    არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელი ზურაბ ფუტკარაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასები გარიგებით დგინდებოდა და მას თავისუფალ საბაზრო ვაჭრობასთან საერთო თითქმის არაფერი ჰქონდა.

    "მედიკამენტებზე ფასების შემცირება რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების შეცვლას. საერთოდ, არჩევნებამდე ფარმაცევტულ ბაზარზე 3 ძირითადი მოთამაშე იყო და ფასებსაც ისინი კარტელური გარიგებებით ადგენდნენ. არჩევნების შემდეგ სხვა წვრილ მოთამაშეებსაც მიეცათ საშუალება, რომ ბაზარზე აქტივობები განეხორციელებინათ, მსხვილ მოთამაშეებს კი ხარკის სახით ხელისუფლებისთვის მისატანი თანხა გამოუთავისუფლდათ.

    ამ დროისთვის კი სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის. რაც არჩევნების შემდეგ, ანუ 2-3 თვეში გაიაფდა, მას შემდეგ კლება არ დაფიქსირებულა. მომავალში რა მოხდება, რთული სათქმელია, თუმცა გამორიცხული არ არის, მას შემდეგ, რაც ანტიმონოპოლიური სამსახური ამოქმედდება, მედიკამენტებზე ფასმა ცოტა კიდევ დაიკლოს", - განაცხადა ზურაბ ფუტკარაძემ.

    ექსპერტი ფარმაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საცალო ქსელში მედიკამენტების ფასის შემცირება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კომპანიებს შემოსავალი დააკლდათ. ამის ხარჯზე მათ სტომატოლოგებისთვის და სხვა სპეციალისტებისთვის მისაყიდი მედიკამენტების ფასი გაიზარდეს.

    "არჩევნების შემდგომ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასმა ნამდვილად დაიკლო და შემდეგ გაჩერდა, მაგრამ ამავე დროს, სხვა მედიკამენტებზე (რომელიც მოსახლეობამდე და რიგით მომხმარებლებამდე არ აღწევს, მაგრამ სჭირდება, მაგალითად, სტომატოლოგს, რათა ის პაციენტს მოემსახუროს), გაძვირდა. ერთ შემთხვევაში ფასმა დაიკლო, მეორეში კი - თითქმის გაორმაგდა. შესაბამისად, ასეთი მეთოდით მოხდა შემოსავლების დაბალანსება და ფარმაცევტულ კომპანიებს, პრაქტიკულად, შემოსავალი არ შემცირებიათ.

    ჩემთვის გაუგებარია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის პრინციპიც. მართალია, ეს პროგრამა აფინანსებს ექიმთან ვიზიტს, მაგრამ ექიმიდან გამოსული ადამიანი ხომ ბოლოს მაინც აფთიაქში მიდის, სადაც წამლის მაღალი ფასის გამო, მას ვერ ყიდულობს? ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს პროგრამა ფუჭია და ფულიც წყალში იყრება, რადგან თუ მედიკამენტების ფასი არ შემცირდა, ანუ არ დავიდა რეალურ ღირებულებამდე, არაფერი გამოვა. ჩვენთან ხომ ზოგი წამალი 100%-ით, ზოგი 200 და 300%-ით ძვირადაც კი იყიდება", - განუცხადა ბარამიძემ "რეზონანსს".

    მისივე თქმით, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მედიკამენტები დაკავშირებულია ბიზნესთან - იყიდე, გაყიდე და მეტი არაფერი. განვითარებულ ქვეყნებში კი ამ საკითხს სახელმწიფო უფრო სერიოზულად უდგება და აკონტროლებს კიდეც.

    "აქ დაუკვირვებელი თვალი დოკუმენტაციაშიც ვერ იპოვის წუნს. მაგალითად, საფრანგეთიდან შემოტანილი კონკრეტული დასახელების წამალი ჩვენთან 7 დოლარის ეკვივალენტი ღირს. დისტრიბუტორებიც არ აყოვნებენ პასუხს და განუმარტავენ მომხმარებელს, რომ თვითონ, დავუშვათ, 6 დოლარად აქვთ შეძენილი. თითქოს არაფერია მიუღებელი, მართლაც იმავე ფასად ხომ ვერ გაიყიდება საქართველოში აფთიაქში მედიკამენტი, როგორც შეიძინა იგი საფრანგეთში ქართველმა ბიზნესმენმა? ასეთი გულუბრყვილო, ალბათ, არც ქართველი მომხმარებელია და, მით უმეტეს, ამ სფეროში ჩახედული ადამიანი.

    ქართველ ბიზნესმენებსა და საფრანგეთის ამა თუ იმ მედიკამენტის მომწოდებელ კომპანიას შორის დგება გარიგება. სინამდვილეში მედიკამენტის ფასი შეიძლება 1 დოლარიც კი იყოს. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი აქ ნულის ტოლია. ამიტომაც უცხოელებისთვის შეთავაზებული ამ ტიპის გარიგება ორივე მხარისთვის მომგებიანია. საბოლოოდ, ზარალდება მხოლოდ მომხმარებელი", - აღნიშნა ბარამიძემ.

    რაც შეეხება ხარისხს, ექსპერტის თქმით, ამ თვალსაზრისით საკითხი 2 ნაწილად უნდა განვიხილოთ. მედიკამენტები, რომლებიც ევროპული და ამერიკული წარმომავლობისაა, არ გვაძლევს ეჭვის შეტანის საბაბს, რადგან იქ ხარისხის კონტროლის მექანიზმი ძალიან მაღალია.

    "ჩვენ გვყავს მწარმოებელი კომპანიები, რომელთა მედიკამეტები შეიძლება იყოს ხარისხიანი ან უხარისხო. აქ კონტროლის მექანიზმი სულ არ მუშაობს ან პირობითია. ასევე აქტიურად ხდება საეჭვო ვითარებაში საზღვარგარეთ წარმოებული მასალის შემოტანა, "დაბლისტერება" და შეფუთვა. ჩემი აზრით, ეს არც წარმოებაა და საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია დავასკვნა, რომ კრიმინალის ელემენტებსაც შეიცავს. "დაბლისტერება" და ქართული წარწერა არ ნიშნავს იმას, რომ პრეპარატი ქართულია", - ამბობს ბარამიძე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზოსია   (30.08.2013)
    აბსოლიტურად მართალია, როცა წერთ რომ ექიმთან ვიზიტი უფასოა, მაგრამ იქიდან გამოსული მიდის აფთიაქში წამლის შესაძენად, მაგრამ ამაოდ, ვერ ყიდულობს სიძვირის გამო, აქ რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით ღირს ძვირი? პაციენტი რჩება უწამლოდ. მიზეზით დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები და მიიღოს ზომები.


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter