სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სჯობს, შევქმნათ შედარებით ნაკლები სამუშაო ადგილი და იყოს უფრო ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი"
    ქეთი თოდუა
    18.09.2009

    პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. ამ მშენებლობაზე კი ათობით ათასი ადამიანი დასაქმდება.
    საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის ახალი დაპირების რეალურად განხორციელება. ექსპერტების აზრით, ერთდროულად ათასობით ადამიანის დასაქმება სრულიად რეალურია, თუმცა კითხვებს ბადებს თავად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი.
    ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოყოფს: "პრეზიდენტის განცხადება, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე, ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი "მაგრამ", რომლებიც საბოლოო შედეგებს განსაზღვრავენ:
    1. თუ მშენებლობები მასშტაბური იქნება, როგორიც იყო ენგური, ჟინვალი, შაორი და ა. შ. ამან შეიძლება კატასტროფული ეკოლოგიური შედეგები გამოიწვიოს, ანუ ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასება უნდა იყოს ზუსტი, ცალსახა და "ტყე შეუნახე შვილებსა"-ს მსგავსი.
    2. რა ეკონომიკური პირობები იქნება წამოყენებული მშენებლობისათვის? ცნობილია, რომ საქართველოს ამჟამად არ გააჩნია "მასშტაბური" მშენებლობის რესურსები და რის საფასურად იქნება მოზიდული ინვესტიციები?
    3. კარგია, რომ ბევრი ადამიანი დასაქმდება მშენებლობებზე, მაგრამ ისინი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან? თუ ისევ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩამოიყვანენ მუშებადაც კი - აღარაფერს ვამბობ საინჟინრო პერსონალზე.
    4. თეორიულად შეიძლება დასაქმდნენ, მაგრამ რა პირობებით? საქართველოს დღევანდელი შრომის კანონმდებლობით (რომელიც ასე მოსწონს დასავლეთს, რადგან მას ყველაფრის უფლება ეძლევა) დამქირავებელს მხოლოდ პირველი ღამის უფლება აკლია, თორემ, პრაქტიკულად, ყველაფრის უფლება აქვს. დამქირავებელს აქვს მხოლოდ უფლებები, ხოლო დაქირავებულს მხოლოდ მოვალეობები.
    5. დავუშვათ, დაიწყო ელექტროსადგურების მშენებლობა და 5 წელიწადში დამთავრდა - ამის შემდეგ ეს ხალხი სად დასაქმდება? ანუ ჯოჯოხეთის ცალკე აღებულ კვადრატულ სანტიმეტრზე - თუნდაც ეს ჰიდროენერგეტიკა იყოს - სამოთხე ვერ აშენდება".
    კაპანაძეს სრულიად შესაძლებლად მიაჩნია ერთდროულად ათასობით ადამიანის დასაქმება: "რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელია ათეულობით ათასი ადამიანის დასაქმება, გიპასუხებთ, რომ საქართველოში დღეს იმდენი რაიმეა საკეთებელი, რომ ასეულობით ათასი ადამიანის დასაქმებაც სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ასეთი ფრაგმენტული მიდგომით ეს ნაკლებად მოსალოდნელია", - აცხადებს კაპანაძე.
    ექსპერტის აზრით, იანვრიდან დღემდე, სავარაუდოდ, დასაქმების სტრუქტურა უცვლელი და ისეთივე ასიმეტრიული იქნება, როგორიც აქამდე იყო. ასიმეტრიულობაში კაპანაძე გულისხმობს სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა არაბუნებრივად მაღალ ხვედრით წილს.
    ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ათი ათასობით ადამიანის დასაქმებაზე საუბრისას მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხს, სამუშაოების დასრულების შემდეგ რა ბედი ეწევა ამ ხალხს. ერთ მშენებლობაზე დასაქმება თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მცირე დროით იქნებიან დასაქმებულები:
    "ერთდროულად ამდენი ადამიანის დასაქმება შესაძლებელია, მაგრამ საფიქრალია, რას ვუშვრებით მერე ამ ხალხს. ეს დასაქმების პროცესი არის ერთჯერადი. სტრუქტურა არ არის კვლავწარმოებადი. მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ ახალი ენერგოხაზის მშენებლობა. რომ დამთავრდება ეს სამუშაოები, მაშინვე უნდა დავიწყოთ მეორე ასეთივე მშენებლობა, რომ დასაქმებული ხალხი უმუშევარი არ დარჩეს. დავუშვათ, დღეს ვქმნით ბევრ სამუშაო ადგილს, მაგრამ გარკვეული დროით. სჯობს, შევქმნათ შედარებით ნაკლები სამუშაო ადგილი და იყოს უფრო ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი", - ამბობს სოსო არჩვაძე.
    ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ახალი წინადადების პარალელურად უნდა გავიხსენოთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება. ისინი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ საინტერესო აღიარება გააკეთა - 10-ჯერ უნდა გაიზარდოს ელექტროენერგიის გადადინება თურქეთში. საქართველოს კი ჯერ ამხელა ექსპორტის პოტენციალი არ აქვს. ამიტომ, უნდა გაიზარდოს ენერგიის წარმოება, თუმცა ჭარბი ენერგიის გამომუშავების პროცესში გათვალისწინებული არ არის საზოგადოების, ეკოლოგების აზრი. აქცენტი კეთდება სხვების ინტერესებზე.
    არადა, ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია აქცენტი ავიღოთ ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვთარებაზე. ამ ინტერესების დაცვა იქნება, თუკი მშენებლობის პროცესში უპირატესობა მიენიჭება მცირე და საშუალო ჰესების აშენებას. თავისთავად ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter