რა შედეგს მოიტანს მთავრობის ინიციატივა განათლების სისტემაში ანაზღაურების გაზრდის შესახებ?
გვანცა წულაია
03.10.2022

მომავალი წლიდან ქვეყანაში უამრავი ეკონომიკური სიახლეა დაიგეგმა, რაც ხელფასებისა და პენსიების ზრდას უკავშირდება. მაღალმა ეკონომიკურმა ზრამ მთავრობას ბიუჯეტის ზრდის საშუალება მისცა. უკვე იანვრიდან ცვლილება უამრავ ადამიანს შეეხება, რასაც დადებითი სოციალური და ეკონომიკური ეფექტი ექნება.

2023 წლიდან 10%-ით ხელფასები გაეზრდებათ საჯარო მოხელეებს, ასევე პოლიციელებს, ჯარისკაცებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. მათ  შემთხვევაში მატება 20% იქნება. სასიამოვნო ცვლილების შესახებ პირველად პრემიერმა ისაუბრა.

„დავიწყებ იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით - ეს ჯამურად. მათ შორის პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20% და ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10%-ით. 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის კიდევ 10%-ით და ეს გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ანაზღაურება გაიზრდება 20%-ით  იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის,” - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გარდა ამისა, 2023 წლიდან მოიმატებს პენსია. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზრდება 770 მლნ ლარით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარამდე, სხვაგან  - 365 ლარი.

დაფინანსება გაიზრდება განათლებაშიც. 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება. ხელფასები 100 ლარით გაეზრდება საბავშვო ბაღის თანამშრომლებსაც. მოიმატებს პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება.

„განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით, რომლითაც საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასს ვზრდით 125 ლარით, ასევე 125 ლარით მოიმატებს მანდატურების ხელფასები. სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები, როგორც ყველა სხვა უწყებაში გაიზრდება 10%-ით, ასევე იმატებს პროფესიულ სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურება - 15 ლარიდან 18 ლარამდე.

ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონ ლარამდე დაფინანსების გაზრდა. ასევე, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ირკვევა, 2023 წლიდან არაერთი ეკონომიკური სიახლეა დაგეგმილი. განათლების მიმართულებით გამოყოფილი სახსრები დადებით ეფექტს მოხდენს აღნიშნულ მიმართულებაში. განათლების სფეროს ექსპერტმა მუხრან გულიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მასწავლებელთა მოსაზიდად ამაზღაურების ზრდა ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

„ძალიან კარგია, მასწავლებლებს და მანდატურებს ხელფასი რომ გაეზრდებათ. მიმდინარე ეტაპზე პედაგოგთა სამი კატეგორია არსებობს: მენტორი, მეორე მასწავლებელი და პრაქტიკოსი, თუმცა პრინციპში, პრაქტიკოსი იმდენად ბევრი აღარ არის. მასწავლებელი იღებს ძირ ხელფასს და შემდეგ თანხა ემატება სტატუსიდან გამომდინარე.

2023 წლისთვის დაანონსებული ხელფასების ზრდა ძალიან დადებითია. ასევე ნათქვამია, რომ განათლების დაფინანსება უნდა გაიზრადოს მშპ-ს 6%-მდე, რაც ასევე კარგია.

პედაგოგთა ანაზღაურების გაზრდა განათლების ხარისხზე რამდენად აისახება, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ის, რომ სკოლებში მოვიზიდოთ კარგი კადრები, ამისთვის, რასაკვირველია, მაღალი ხელფასია საჭირო. მართალი გითხართ, ბოლო დროს, პედაგოგის პროფესიაზე მოთხოვნა უკვე შეინიშნება ახალგაზრდებში, სტუდენტებში“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ მურან გულიაშვილმა და დასძინა, რომ ანაზღაურების მატებასთან ერთად, სახელმწიფომ სისტემური პრობლემების მოგვარებაზეც უნდა იფიქროს.

„ხელფასების გარდა, არის სხვა მომენტებიც. მასწავლებელს დემოტივაცია უჩენს გარემო პირობები, რომელშიც იგულისხმება თუნდაც ის, რომ კლასებში ბევრი მოსწავლეა - 25-ზე მეტი. ამიტომ კარგი იქნება, თუ მთავრობა ამასაც მიიღებს მხედველობაში, რომ მასწავლებელს უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს.

25-30 მოსწავლის მართვა, ახალგაზრდა მასწავლებლისთვის რთულია. გარდა ხელფასისა, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სისტემური პრობლემების მოგვარებაზე“, - დასძინა მუხრან გულიაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, მთავრობამ აქცენტი სიცუალურად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონპონენტზე გააკეთა.

„ნებისმერ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს და ჩვენს ბიუჯეტს აქვს შესაძლებლობა, რომ პენსიონერებს, ძალიან ღვაწლმოსილ ხალხს, გაუზარდოს პენსია, ეს, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტია. იგივე შემიძლია ვთქვა მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდაზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ ადამიანებზე, ვისი ანაზღაურებაც მოიმატებს. მასწავლებლობა არის პროფესია, რომელსაც სჭირდება დიდი მხარდაჭერა, რადგან განათლების კუთხით ახალ თაობებს ჰყავდეს სწორი და კვალიფიციური პედაგოგები. კვალიფიციურ მასწავლებელს კი სჭირდება ყოველთვის ნორმალური ანზღაურება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ბიუჯეტში შემოსულობები მატულობს და ამის შესაბამისად, სახელმწიფოს ხარჯების ზრდის საშუალება აქვს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სოცუალურად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონპონენტზე გააკეთა აქცენტი სახელმწიფომ“, - განუცხადა გიორგი კაპანაძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×