რა ტიპის სამუშაოს შესრულება შეუძლიათ მობილიზაციას გამორიდებულ ადამიანებს?
გვანცა წულაია
29.09.2022

ბოლო რამდენიმე დღეა, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების კილომეტრიანი რიგები დგას. საქართველოს რუსეთიდან მიგრაციის მორიგი ნაკადი მოაწყდა. შსს-ს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რუსების ერთი ნაწილი საქართველოს ტოვებს, თუმცა მეორე ნაწილი ქვეყანაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, შესაძლოა, სულ მალე აქ დასაქმებაც კი მოინდომონ. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთი ფაქტების წინაშე მალე აღმოვჩნდებით.

საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად ათასობით რუსეთის მოქალაქე კვეთს. მიგრაციის ახალი ნაკადის ქვეყანაში შემოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. საქართველოს პირველი ნაკადი უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ მოაწყდა, რომელთა დიდი ნაწილი ბიზნესმენები და შეძლებული ხალხი იყვნენ, რომლებიც სანქციებს გამოქცნენ. მეორე ნაკადით კი, ჯარში გაწვევის თავის არიდების მიზნით, რუსეთიდან შედარებით ხელმოკლე ფენა წამოვიდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვინც რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას გამოექცა, უკან არ დაბრუნდება. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ადასტურებს, რომ თუ რუსები საქართველოში დიდხანს გაჩერდებიან, მათ სამუშაის ძებნა მოუწევთ.

"დიდი ალბათობით, ისინი საქართველოში დასაქმებას ისურვებენ, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ აქ დიდი ხნით გაჩერდებიან. რამდენად აიყვანენ სამუშაოდ ეს მეორე საკითხია, რადგან ბევრი წინააღმდეგობაა ამასთან დაკავშირებით. პირველი – ენობრივი ბარიერი, მეორე - საქართველოს ბიზნესი და მოსახლეობა ნაკლებად არის კეთილგანწყობილი რუსების მიმართა და მესამიც – ვერ წარმომიდგენია, როგორი ტიპის სამსახური შეიძლება დაიწყონ მათ, ანუ ჯერ ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორი ხალხი შემოდის საქართველოში - ეს ხალხი საქმის პროფესიონალია თუ არა, ღარიბია თუ არა. მიუხედავად ამისა, თუ აქ დიდი ხნით გაჩერდებიან, სხვა რა გზა ექნებათ, მოუწევთ სამუშაოს ძებნა”, - განაცხადა "რეზონანსთან” ზვიად ხორგუაშვილმა.

მსგავსად ფიქრობს კიდევ ერთი ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი და აცხადებს, რომ თუ რუსები აქაურ მუშახელთან კონკურენციაში შევლენ, ეს უმეტესად მოხდება მაღალანაზღაურებად სამსახურებში.

"სავარაუდოდ, დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსეთიდან საქართველოში წამოსული ადამიანები აქ სამსახურის მოძიებას დიაწყებენ. რუსეთიდან ისეთი ხალხი არ გამორბის, რომელთაც პურის ფული არ აქვს. როგორც წესი, მოდიან ახალგაზრდები, ეკონომიკურად აქტიური მუშახელი. მათ მუშაობაც შეუძლიათ, სამსახურიც აქვს, ფულიც და შესაძლებლობაც, რომ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. შესაბამისად, თუკი ისინი აქაურ მუშახელთან კონკურენციაში შევლენ, ეს უმეტესად მოხდება მაღალანაზღაურებად სამსახურებში, რადგან რუსეთიდან გამოქცეული ხალხი აქ დამლაგებლად და მიმტანად არ იმუშავებს.

როგორც მე ვაკვირდები, რუსეთი მასობრივად დატოვეს "აიტი" სპეციალისტებმა და ისეთმა ხალხმა, ვისაც დისტანციურად მუშაობა შეუძლია. ამიტომ რაღაც ეტაპზე ისინი, ალბათ, საქართველოში სამუშაოს მოძიებას დაიწყებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ დისტანციურად გააგრძელებენ თავიანთ სამსახურში მუშაობას და აქ იცხოვრებენ”, - განუცხადა ჯანიაშვილმა "რეზონანსს”.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ რამდენიმე დღის წინ რუსი მიგრანტების სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 10 დღეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ.

სამშენებლო კომპანია "არსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი კი ახლავე ამბობს, რომ რუსეთში მობილიზაციას გამოქცეულები უკვე ეძებენ სამუშაოს სამშენებლო ობიექტებზე.

„რუსეთიდან შემოსული "ტურისტების" ორი ნაკადი იყო. მარტში - სანქციებს ვინც გამოექცა, მათი 90% "აიტიშნიკი" იყო. მათ დასავლელმა დამკვეთებმა შეუწყვიტეს კონტრაქტები და დაფინანსება, როგორც რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციებს. შესაბამისად, საქართველოში დააფუძნეს ფირმები და გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა.

რაც შეეხება მობილიზაციას გამოქცეულ ნაკადს, 90% არიან ე.წ. პირველი კატეგორიის რეზერვი, ჯარგამოვლილი, ქვედა რგოლის სამხედრო სპეციალისტები. ისინი, როგორც წესი, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულები არიან ("მალიარები", "ელექტრიკები", "სვარშიკები", "კაფელშიკები"...) უკვე ეძებენ სამუშაოს სამშენებლო ობიექტებზე. არ არეგისტრირებენ ფირმებს. სამწუხაროდ, ჩაანაცვლებენ საქართველოდან წასულ მუშახელს,“ – აღნიშნა როსტომაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×