ილია თამარაშვილი: "ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილ საწარმოებსა თუ ბაღებში შექმნილი პროდუქცია უკვე იყიდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში"
ქეთო გოგოხია
10.08.2022

სახელმწიფომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულია და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.  საქართველოში ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები, სადაც ბიოწარმოების გარკვეული კრიტიკული რაოდენობის წარმოების პოტენციალია. ცნობილია, რომ  ბიოწარმოების შედეგად მიღებულ და ბიოსერტიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, რისი ტენდენციაც განსაკუთრებით პანდემიის და შემდეგ უკვე რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე გამოიკვეთა.

იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა ექსპორტზეა ორიენტირებული, მაქსიმალურად ეხმარება ფერმერეულ მეურნეობებს, რომ გარკვეული რაოდენობის პროდუქცია ადგილზე აწარმოონ და ქვეყნის გარეთ მაღალი სტანდარტის ეროვნული ნაწარმი გავიდეს.

სპეციალურად ამ მიზნით გამოიყო 2 მიმართულება - მევენახეობა და საფუტკრე მეურნეობა, სადაც, გარდა სერტიფიცირებისა, სახელმწიფო ფერმერებს დამატებით დაეხმარება ისეთი მასალების შეძენაში, რაც მათთვის აუცილებელია. დახმარება მოიცავს ასევე ორგანული სასუქებისა და დაავადების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების ხარჯის ანაზღაურებასაც.

პროგრამის განსახორციელებლად საწყისი ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, ისინი დააკვირდებიან პროგრამის მიმდინარეობას და ფერმერების უკუკავშირიდან და თანმდევი გამომწვევებიდან გამომდინარე  მომავალში პროექტი შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს. უფრო ვრცლად, თუ რა დახმარებას გაუწევს მთავრობა ბიოწარმოების მსურველ ფერმერებს, რა ძირითადი პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ,  როგორ ვითარდება ქვეყანაში ბიოწარმოება და სექტორს რა პოტენციალი გააჩნია მომავალი განვითარებისთვის, ,, რეზონანსის“ კითხვებს ილია თამარაშვილი პასუხობს.

,,რეზონანსი“: რას გულისხმობს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რა ბენეფიტს მიიღებენ  ფერმერები პროგრამაში ჩართვით?

ილია თამარაშვილი: ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე  გადასვლას, რაც ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე თაფლისა და ცვილის  წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის  ანაზღაურებას გულისხმობს.

 პოტენციური ბენეფიციარისთვის ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის  გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე,  განისაზღვრა არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარით, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით.  ერთი პოტენციური ბენეფიციარისთვის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი, ბიო პრეპარატების შეძენის ხარჯის ან/და ფუტკრის ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება სააგენტოს მიერ განისაზღვრება შემდეგი პირობებით, მევენახეობის შემთხვევაში, სააგენტოს ანაზღაურება, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით განისაზღვრება, არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 5100 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 2900 ლარით.  გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით. საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, სააგენტოს ანაზღაურება ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს ერთ სკაზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 5100 ლარით, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს ერთ სკაზე 25 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2900 ლარით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართვა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან და თვითმმართველი ქალაქიდან იქნება შესაძლებელი.  უნდა აღინიშნოს ისიც,   რომ სააგენტო თანადაფინანსების მოახდენს, სერტიფიცირების დასრულების შემდეგ კონვერსიის ბოლო ეტაპზე, ან მას შემდეგ რაც ბიოწარმოების სერტიფიკატს წარადგენს.

,,რ“: რა ძირითადი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ პროგრამის ბენეფიციარებს?

ი. თ: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი დაინტერესებული უნდა იყოს ბიოწარმოების დაწყებით, ასევე შესაძლებელია იმყოფებოდეს კონვერსიის პერიოდში, რაც ნიშნავს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის პერიოდს. წარმოსადგენი დოკუმენტაცია მოიცავს სხვადსხვა დოკუმენტთან ერთად საკონსულტაციო კომპანიის მიერ გაცემულ ყოველწლიური კონვერსიის გეგმა, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების  ჩამონათვალი განთავსებულია, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.

,,რ“: როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მზად საქართველოს სოფლის მეურნეობა ბიოწარმოების განვითარებისთვის, რა რჩება მთავარ გამოწვევად და რა გარდატეხას მოახდენს  ამ მხრივ ახალი პროგრამა?

ი. თ: თქვენ იცით, რომ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, იზრდება ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა, შესაბამისად, ჩვენს ფერმერებს მხარს ვუჭერთ ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროგრამა საპილოტედ დავიწყეთ და მის მიმართ ფერმერების მხრიდან ინტერესის შემთხვევაში მეტად გავაფართოვებთ ამ მიმართულებას.

,,რ“: ბიოწარმოების განვითარებით  დამატებით რა  შესაძლებლობა ეძლევა ქვეყანას უკვე ექსპორტის განვითარების მიმართულებით, რამდენად შეუწყობს ხელს, რომ   ქართულმა პროდუქტმა  უფრო მყარად მოიკიდოს ფეხი განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე?

ი. თ: სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ შეიქმნას ადგილობრივი კონკურენტუნარიანი  პროდუქცია.   სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და აგრობიზნესით დაინტერესებულ  პირებს მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის ღირებულებების ჯაჭვის ყველა კომპონენტში. ამ შემთხვევაში, გარდა ბიოწარმოებისა, ვეხმარებით აგრომწარმოებლებს სერტიფიცირებასა და  ბრენდირებაში.

აღსანიშნავია რომ ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლითაც ბენეფიციარებს აქვთ საშუალება  საკუთარ ბაღებსა თუ საწარმოებში დანერგონ ხარისხისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, გააკეთონ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება და მისცენ საბოლოო სასაქონლო სახე. იმისათვის რომ შექმნან კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი და სანდო ქართული აგრო პროდუქტი, რომელიც იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ჩვენ ფერმერებს ვეხმარებით მეწარმეებს წარადგინონ თავიანთი პროდუქცია სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე.

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ერთ-ერთია ამ, მიმართულებით. უნდა ითქვას რომ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილ საწარმოებსა თუ ბაღებში შექმნილი პროდუქცია უკვე იყიდება  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საპილოტეა, იმისათვის რომ  ცნობიერება  გაიზარდოს და მიმზიდველობა ამაღლდეს მთავრობამ გადაწყვიტა ამ მიმართულებით სტიმული გაეჩინა. საექსპორტო ქვეყნად, რომ ჩამოვყალიბდეთ, კრიტიკული რაოდენობა უნდა ვაწარმოოთ და გვაქვს იმედი, რომ ეს პროგრამა გაუღვიძებს ინტერეს ბიო მიმართულებით დაინტერსებულ ჩვენ თანამოქალაქეებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×