ეკონომისტები ურთიერთგამომრიცხავ პროგნოზებს და შეფასებებს აკეთებენ
ქეთო გოგოხია
09.08.2022

მომდევნო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა, 3-5%-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, თუმცა დეფლაციიური ტენდენციის დაწყებას სპეციალისტების უმეტესობა გამორიცხავს. ფასების კლების უკუსვლა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამ მხრივ ვერც სეზონურმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ვერც ლარის გამყარებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდა. თუმცა, არსებობს საპირისპირო და საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებაც.

მაგალითად, ეკონომისტებისგან რადიკალურად განსხვავებულია ,,თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი, რომლის მთავარმა ეკონომისტმა არ გამორიცხა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეიძლება დეფლაციასაც ჰქონდეს ადგილი.

,,მოსალოდნელია, რომ უკვე აგვისტოდან ყოველთვიური ინფლაცია სამიზნეზე დაბალი იქნება და არაა გამორიცხული, მომდევნო 12 თვეში დეფლაციასაც კი ჰქონდეს ადგილი. ამის მიზეზი, ერთი მხრივ საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირება და გამყარებული ლარია, მეორე მხრივ კი, წლის დარჩენილ პერიოდში, პირველ ნახევართან შედარებით, სეზონური შესწორების გათვალისწინებით ეკონომიკური აქტივობის შენელებაა. ამდენად, მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებელებში მკვეთრი განსხვავებაა და დასკვნაც შესაბამისია.

ამ ფონზე, "თიბისი კაპიტალის" აზრით, ზრდის დამატებით შეზღუდვა რისკის შემცველია. შესაბამისად, "თიბისი კაპიტალი" ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა მოსალოდნელი. ასევე, ფისკალური დეფიციტის მკვეთრი შემცირება სათუოა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საჭიროება, როგორც ყოველთვის მაღალია“, -  აღნიშნულია მთავარი ეკონომისტის მიერ მომზადებულ თემატური განახლებაში.

ფასების დონის დაწევას წელს ნაკლებად ელის სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი აზრით, შეიძლება, გარკვეული მიმართულებით უმნიშვნელო ცვლილება შეინიშნებოდეს, მაგრამ დეფლაციისთვის საკმარისი არ იქნება, თუმცა ინფლაცია ნამდვილად შემცირდება.

,,პროგნოზი გადაჭარბებულია, მაგრამ ინფლაციის ტემპი ნამდვილად დაიკლებს, რისი  ნიშნებიც უკვე სახეზეა. ვხედავთ, რომ ინფლაციის დონე თანდათან იკლებს. როგორც წესი, მაისიდან  სექტემბრამდე, ძირითადად, სტაბილური პერიოდია წინა წელთან შედარებით, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფასები უმეტესწილად იზრდება. არ მგონია, წელს ენერგომატარებლებზე ფასმა ისე დაიწიოს, რომ გადაწონოს  ის მაღალი დონე, რაც მიღწეულია, თუმცა ზომიერი ინფლაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რასაც გაგებით და მოწონებით უნდა შევხვდეთ. 

ფასების ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ დეფლაციის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. არც ის მგონია, ლარი ისე გამყარდეს, რომ იმპორტულ საქონელზე  ფასებმა კატასტროფულად დაბლა დაიწიოს. საბაზრო ეკონომიკას ასეთი  რადიკალური ძვრები არ ახასიათებს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბენზინის ფასში  ნავთობის ფასის ცვლილება გავლენას ახდენს მისი ღირებულების დაახლოებით ნახევრამდე, დაახლოებით 50%-ის ფარგლებში. მეორე ნახევარი და უფრო მეტი ყალიბდება სწორედ  სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ფისკალური ხარჯების საფუძველზე. ფისკალური გადასახადები არ იკლებს, ხოლო რაც უფრო დაბლა იწევს ნავთობის ფასი ბენზინის საცალო ფასში, მით უფრო კლებულობს მისი წილი და იზრდება სხვა, უკვე ნახსენები, საკომუნიკაციო და ფისკალური ხარჯების წილი. ამიტომ დიდ იმედებს ვერ დავამყარებთ საწვავის გაიაფებაზე, რომ ამან ფასების საგრძნობი კლება გამოიწვიოს“, - განაცხადა არჩვაძემ ,,რეზონანსთან“ და დასძინა, რომ ანალოგიური მოსაზრება აქვს სურსათის ღირებულებასთან დაკავშირებითაც, რა მიმართულებითაც საგრძნობ ცვლილებას არ ელოდება.

,,მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სურსათის იმპორტიორები ვართ, წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს  ვახორციელებთ. მსოფლიო ბაზარზე ახლა ყალიბდება ახალი ფასები  და ზოგიერთი პოზიციის მიხედვით, შემცირების დინამიკა შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მასშტაბის, რომ მანაც პოზიტიური შედეგი მოიტანოს ვფიქრობ, საქართველოსთვის დაბალი ინფლაცია,  სადღაც 3-5%-ის ფარგლებში აბსოლუტურად მისაღები იქნება იმ ტრენდის გათვალისწინებით, რაც ბოლო თვეებში ყალიბდება სავალუტო კურსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმპორტული საქონლის ფასს, დამოკიდებულია ორ მომენტზე - მსოფლიო ბაზარზე ფასების კონიუნქტურაზე - როგორ ყალიბდება ფასები ამა თუ იმ საქონელზე, თავისი ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით და ვალუტის კურსზე. თუ ლარის გამყარება გაგრძელდება, ჩვენ ექსპორტის შემდგომი მასშტაბური ზრდა გაგვიჭირდება, ვინაიდან ლარის გამყარება დამატებით ბარიერებს უქმნის კონკურენციისთვის ჩვენს სამამულო პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე. ეს მერე უკუკავშირს ახდენს ჩვენთვის სასურველი ვალუტის შემოდინებასა და ბიზნეს ექსპორტიორების შემოსავლების ფორმირებაზე. რევოლუციური, ხისტი,  ნახტომომისებრი ცვლილებები ეკონომიკას ნაკლებად ახასიათებს. როცა დღეს  მსგავს პროცესებს აქვს ადგილი“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

დეფლაციასთან დაკავშირებით ანალოგიური მოსაზრება აქვთ ანალიტიკოსებს. ისინიც მიიჩნევენ, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ინფლაცია დაიწყებს მოძრაობას სამიზნე მაჩვენებლისკენ, მაგრამ ქართულ ეკონომიკაში ჯერჯერობით დეფლაციის საფუძველიც არ არსებობს. ამის შესახებ ,,რეზონანსთან“  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ანალიტიკოსმა პაატა  ბაირახტარმა ისაუბრა.

,,დეფლაციას წელს არ ველოდები, არ ვიცი, რის საფუძველზე გაკეთდა "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი, გაუგებარია. იმ პარამეტრებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ეკონომიკაშია, ფასების მკვეთრი კლების ტენდენციის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. მომდევნო 12 თვის განმავლობაში ინფლაცია შემცირდება, ის დაიწყებს მოძრაობას სამიზნე მაჩვენებლისკენ, რასაც სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს -  დაწყებული ლარის გამყარებით, დამთავრებული სებ-ის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, რომელიც მნიშვნელოვანწილად ზღუდავს საერთო მოთხოვნას. როცა ჩვენს გვაქვს კურსის მნიშვნელოვანი გამყარება, ამას, როგორც წესი,  ყოველთვის აქვს ზეგავლენა როგორც საერთო ინფლაციაზე, ასევე იმპორტული საქონლის ფასზე, რისი ასახვაც ჯერჯერობით საკმაოდ სუსტია.

რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის ფასებს, სეზონიდან გამომდინარე, წესით, მოსალოდნელი უნდა იყოს. ,,საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებს თუ შევხედავთ, ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ძვრები სახეზეა, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ სამომხმარებლო ბაზარს დაეტყოს და ხარჯი შემსუბუქდეს“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა ,,რეზონანსთან“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, არსებული ინფლაცია ნელი ტემპით შემცირდება და მიზნობრივ დონეს (3%-ს) ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×